პირველი მედალი პარიზიდან! ანა ჯაფარიძემ პარალიმპიადაზე ბრინჯაო მოიგო და არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ მთელი საქართველო აალაპარაკა. უმშვენიერესი, უნიჭიერესი 19 წლის პარასპორტსმენი ამ დიდ გამარჯვებას ემოციურად შეხვდა:
"ანა ჯაფარიძე პარიზში მიდის იმისთვის, რომ წარადგინოს თავისი ქვეყანა ღირსეულად და აიღოს მაღალი სინჯის მედალი... მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის გამახარებს, რომ საქართველოს ღირსეულად წარვადგენ და ჩვენს ქვეყანაზე ბევრი ადამიანი გაიგებს იმას, რომ, აი, ჩვენც შეგვიძლია", - ამბობდა გამარჯვებამდე ანა. მას ეს სურვილი საკუთარ თავსაც და ქართველ ხალხსაც აუსრულა - ღირსეულად წარადგინა ქვეყანა, აიღო მაღალი სინჯის მედალი და ახლა ყველა ამაყობს მისით.
ვინ არის ანა ჯაფარიძე?
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. პირველ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დათმო. ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები ნინა თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ.
ანას ანგარიშზე არაერთი წარმატებაა:
- პირველი ადგილი (52კგ) პარატაეკვოწდო - მსოფლიო ღია ჩელენჯი 2024, ჩუნჩეონი, სამხრეთი კორეა;
- პირველი ადგილი (52კგ) პარატაეკვონდო - საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი 2024, სოფია, ბულგარეთი;
- მესამე ადგილი (52კგ) ევროპის პარა ჩემპიონატი 2023, როტერდამი, ნიდერლანდები.