21 აგვისტოს ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მეუღლეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარას დამიანე დაარქვეს. ხვიჩამ სამშობიაროდან პირველი კადრებიც გაგვიზიარა: "ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე", - დაწერა მან. წყვილის სიხარული უამრავმა ადამიანმა გაიზიარა, პატარა დამიანეს დაბადება ნიცას და ხვიჩას, მეგობრებთან ერთად, გულშემატკივრებმაც მიულოცეს.
ხვიჩა კვარაცხელია მამის ამპლუაში
დიდი მოწონება დაიმსახურა ნიცა თავაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტომაც, სადაც ის და ხვიჩა ახალშობილთან ერთად არიან. ფეხბურთელი მშობიარობას დაესწრო და შვილის დაბადების წუთებშიც მათ გვერდით იყო. "ეს არის ნამდვილი ოჯახი - ნამდვილი თანადგომა", - წერდნენ კომენტარებში.
თავად ხვიჩამ სამშობიაროს კედელზე დატოვა წარწერა: "აქ დაიბადა დამიანე კვარაცხელია". 21 აგვისტო ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი ოჯახისთვის ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღედ ჩაინიშნა. „დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი! დამიანე კვარაცხელია! ნიცა და ხვიჩა, გილოცავთ! გამრავლდით და გაგვახარეთ", - წერდა ფებურთელის დედა მაკა ლუკავა.
როგორც ცნობილია, ხვიჩა 20 აგვისტოს, შვილის დაბადებამდე ერთი დღით ადრე, იტალიიდან პირდაპირ რეისით გამოემგზავრა, რათა დამიანეს გაჩენის დროს მეუღლისა და შვილის გვერდით ყოფილიყო. "ნაპოლიმ" ფეხბურთელის პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამბავი გაითვალისწინა და ამის უფლება მისცა. 25 აგვისტოს, "ნაპოლი"-"ბოლონიის" მატჩისთვის ის უკან, იტალიაში დაბრუნდა.