მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა.
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი. წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. თიკასთვის ეს განშორება რთული აღმოჩნდა, თუმცა დღეს ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრება აქვს და ყოფილი მეუღლის ოჯახთან, მათ შორის, ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
თიკა ჯამბურიას ცხოვრება
თიკა ჯამბურია წლების მანძილზე ებრძოდა ზედმეტ წონას, ხშირად აღარც ტელეეკრანებზე ჩნდებოდა, ბოლო წლებში კი ცხოვრების სტილი შეიცვალა, ზედმეტი კილოგრამები დაიკლო, გამოჩნდა პოპულარულ კულინარიულ შოუში, სადაც წარმატებასაც მიაღწია და ახლა ამ მიმართულებითაც საქმიანობს.
თიკამ რადიკალურ ცვლილებებსა და ცხოვრების სტილზე არაერთხელ ისაუბრა. ამჯერად კი მეგობრებს ახალ ფოტოებს უზიარებს: "ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ცხოვრებით ისიამოვნო. იყო ბედნიერი - ესაა მთავარი", - წერს ის.