ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა წყვილის, ბუბუ ჟღენტისა და თაკო აბრამიძის ნიშნობის ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა. თაკო და ბუბუ უკვე რამდენიმე წელია, რაც შეყვარებულები არიან და საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ. მიუხედავად ამისა, თაკოსთვის ხელის თხოვნა მოულოდნელი იყო, ბუბუმ მას Messika-ს ბრენდის ბრილიანტის თვლით გაფორმებული ბეჭედი დაბადების დღეზე აჩუქა. თაკოს დაბადების დღეზე წყვილის ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ შეკრებილი. მათ ეს დიდი სიხარული გაიზიარეს და კადრები "ინსტაგრამზეც" გამოაქვეყნეს.
წყვილმა მეგობრებს სასიხარულო სიახლეც გაუზიარა - ისინი პირველ შვილს ელოდებიან. ბუბუ და თაკო გოგონას მშობლები გახდებიან. სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს მომავალი მშობლები მეგობრებსაც უზიარებენ:
ბუბუ ჟღენტი კალათბურთელი და BC "Rustavi" საკალათბურთო კლუბ „რუსთავის" გამთამაშებელია. 2020 წელს ბუბუმ კონტრაქტი ქალაქ რუვო დი პულიას კლუბ "ვირტუსთან" გააფორმა. მანამდე ის სერია C-ს კლუბ "ისერნიაში" თამაშობდა, შემდეგ კი სერია B-ს "ვირტუს კასინოში" გადავიდა.
ბუბუ ჟღენტი არჩილ ჟღენტისა და ლიანა შენგელიას შვილია. არჩილ ჟღენტი ასევე კალათბურთელი იყო. ის 1975 წელს თბილისში დაიბადა. თამაშობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდში. 1996-97 წლებში რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდ მოსკოვის “სპარტაკში” გამოდიოდა. რამდენიმე წელი თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. არის მწვრთნელთა 4 საერთაშორისო სემინარის მონაწილე, იყო “დინამოს” მთავარ მწვრთნელ ზაზა ცაგარეიშვილის თანაშემწე. “დინამოდან” წასვლის შემდეგ კარიერა “შსს აკადემიაში” გააგრძელა. იყო ამ გუნდის როგორც მთავარი მწვრთნელი, ასევე თანაშემწე.
რაც შეეხება ლიანა შენგელიას, ის ყოფილი მოდელია. ლიანა და არჩილი ერთმანეთს წლების წინ დაშორდნენ. ორივე მათგანმა ოჯახი მეორედ შექმნა. ლიანას ახლა 5 შვილი და 3 შვილიშვილი ჰყავს, თუმცა თავადაც თინეიჯერივით გამოიყურება და ხშირად იღებს კომპლიმენტებს.
ბუბუ ჟღენტის უფროსი და, ქეთი ჟღენტი, სოციალურ ქსელში ასევე ცნობილი სახეა. ქეთიმ ბიზნესმენ თორნიკე, იგივე თოშა ქებურიაზე რამდენიმე წლის წინ იქორწინა. მათ სამი შვილი, კატერინა, ბუბა და ლიანა ჰყავთ.
თაკო აბრამიძე ასევე კალათბურთელის, საქართველოს 5-გზის ჩემპიონ მამუკა აბრამიძის და ნინო ნარსავიძის ქალიშვილია. თავისი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი კალათბურთელის კარიერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში დაიწყო. მისი გამორჩეული მონაცემები მალევე შეამჩნიეს და მამუკა აბრამიძე იმ დროის წამყვან ქართულ კლუბებში თამაშობდა – „ვითა“, ბათუმის „ბასკო“, თბილისის „დინამო“. აბრამიძე ასევე ასპარეზობდა თსუ-ს, "თბილავიამშენშისა" და "სტუ-ჯეოსელის" გუნდებში. იყო საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი და საქართველოს ნაკრების წევრი. ეროვნულ გუნდში ცხრა შეხვედრა ჩაატარა, სადაც მატჩში საშუალოდ 27 წუთს თამაშობდა და ექვს ქულასთან ერთად ორ პასს აგროვებდა.
მამუკა აბრამიძე გასული წლის იანვარში, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.