ბოლო ორი კვირაა, სიზმრებმა მომთელა. წარსული თითქოს ყოველი მხრიდან მესხმის თავს. ჩემმა ყოფილმა ქმარმა რეალობაში ორჯერ დამანება თავი, სიზმრებში კი არ მასვენებს. არ ვიცი, რატომ მესიზმრება. საამისოდ არანაირი საბაბი ჩემი თავისთვის არ მიმიცია. რაც დავქორწინდით, მას შემდეგ ორჯერ დავშორდით და ერთხელ შევრიგდით. ორჯერ დაშორება რას ნიშნავს? იმას, რომ სხვა ქალთან გაიქცა. ექვსი წელი იმ სხვასთან იცხოვრა, მერე ისევ მოგვიჩოჩდა მე და ირაკლის. ათი წლის იყო მაშინ ირაკლი. რა უნდა მექნა, ყველაფერზე თვალი დავხუჭე, ბავშვს მამა ახლა სჭირდება, თუ სჭირდება-მეთქი და შევურიგდი. შერიგებას ჩემი ქალიშვილის, ტიდას დაბადება მოჰყვა, რომელიც ახლა 21 წლისაა და ტელევიზიაში ჟურნალისტობს. ნათქვამია, კვიცი გვარზე ხტისო და ჩემმა გოგომაც მომბაძა - მეც დედასავით ჟურნალისტობა მინდაო. უნდა და აგერაა! ნახოს, როგორი „სასავარძლე“ პროფესიაა. ირბინოს აღმა-დაღმა. გაგანია სიცხეში სვას პლასტმასის ბოთლის ცივი წყალი, ზამთრის სიცივეში კი - ქაღალდის ჭიქის უგემური ყავა.
აი, ასეთია ჩემი პროფესია. ამგვარ გადარბენებს შევალიე ჩემი ცხოვრების ოცდაცხრა წელი, თუმცა ტელევიზიაში არ მიმუშავია, მხოლოდ პრესაში ვსაქმიანობდი. დღეს ისე აქტიურად ვერა, რადგან უკვე 59 წლის ვარ, მაგრამ მაინც ვფაფხურობ, სანამ არ მეტყვიან „ძლიერნი ამა პრესისასანი“, შენი დრო უკვე ამოიწურა, ნატა მეუნარგია, „პენსიონერა“ ხარო. მეც ავდგები და ვიმღერებ მერე „პენსიონერას“ ერთ ხმაში.
ჰოდა, იმას გიყვებოდით, ტიდას გაჩენის მერე რა მოხდა. მჩხავანა გოგო იყო, მთელი ღამე ტიროდა და არავის გვაძინებდა. ჩემმა მეორედ მოვლენილმა მეუღლემ, მე ასე არ შემიძლიაო, კიდევ ერთხელ დაიხურა ქუდი და გაშპა. ამჯერად მეორე სხვა ქალთან. თუმცა იმდენად მოკლეფეხება აღმოჩნდა მისი მესამე სიყვარული, რომ რამდენიმე თვეში ისევ სცადა დაბრუნება. აი, მაშინ კი მოვუყარე თავი ერთად ჩემს ნებისყოფას, სიამაყეს, თავმოყვარეობას, „შემტევი ალიანსი“ შევკარი და კარის ზღურბლზე მომდგარ „მაპატიეღიმილიან“ მეუღლეს ცხელ გულზე ცივი უარით დავხვდი.
ახლა სად არის? სამწუხაროდ, გაფრინდა. გაფრინდა იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. დაიღუპა. მთვრალი მართავდა საჭეს და კლდიდან გადაფრინდა. არ იმსახურებდა, მაგრამ მაინც განვიცადე. ორმოცი დღე ძაძებითაც კი ვიარე. ტიდა პატარა იყო მაშინ, სულ რაღაც სამი წლის. ირაკლი სწორედ მაშინ გახდა თოთხმეტის.
ზუსტად მის დაბადების დღეზე მოუნდა მამამისს შერიგება, მაგრამ არ გამოუვიდა. მამიკო, არ გინდა დავბრუნდეო? _ ჰკითხა შვილს საწყალი ხმით. იმან კიდევ, ჩემთვის სულერთია, დედას თუ უნდა, დარჩი, მე უშენობას მიჩვეული ვარო. სახტად დავრჩი და მას მერე სულ მეგონა, რომ ბავშვმა წესიერად ვერც მოასწრო მამის შეყვარება, რადგან რაც ერთად ვიცხოვრეთ, დაჩი სულ გარბოდა და გამორბოდა. თუმცა შევმცდარვარ. ჩემმა უფროსმა შვილმა მამის დაღუპვა ძალიან განიცადა, რაც ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მერეღა დავფიქრდი, ვინ იცის, იქნებ იმიტომაც არ აუბა მხარი მეორედ დაბრუნების მსურველ მამას, რომ მე გამფრთხილებოდა? იქნებ იფიქრა, ეს კიდევ გაიქცევა და დედა ამას ვეღარ გადაიტანსო? არ ვიცი…
მას მერე გათხოვებაზე არ მიფიქრია. არც საყვარლის გაჩენაზე. ზოგადად, ქმარს რა დანიშნულება აქვს ოჯახში, ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყე. მივიკარი მარტოხელა დედის იარლიყი და დღემდე ასე ვატარებ.
სამაგიეროდ, ბოლო ორი კვირაა, დაჩი სიზმრებში გამომეცხადა და მოსვენებას მიკარგავს. ხან მეჩხუბება, ხან მეფერება, ხან ტირის, ხან იცინის. უცნაური ისაა, რომ მასთან ერთად ზურიკოც მესიზმრება, ერთი კარგი ბავშვი.
წლების წინ, უფრო სწორად, 2000 წელს, ბაზარში ერთი დევნილი ბიჭი გავიცანი, ზურიკო ერქვა, კაშია იყო გვარად. ერთად გვარიანი დრო გავატარეთ, უამრავ შარში გავეხვიეთ, თავგადასავლები დავაგროვეთ და, რაც მთავარია, ჩემს ირაკლისაც დაუმეგობრდა. თითქმის ტოლები იყვნენ, ირაკლი მხოლოდ ერთი წლით იყო მასზე უფროსი. მერე გავაბრაზე ზურიკო და რამდენიმე დღით გაქრა, დამემალა. მერე ისევ გამოჩნდა და, სანამ მამამისი ციხიდან გამოვიდოდა, ჩვენთან ცხოვრობდა.
საოცრად თბილი და მოსიყვარულე ბიჭი იყო, წესიერი, მაგრამ ცელქი, ონავარი, მოუხელთებელი. მაოგნებდა ხოლმე, ისეთ ოინებს სჩადიოდა. საოცარი იუმორით იყო დაჯილდოებული. გაბრაზებას ვერ ვახერხებდი, რათა დამეტუქსა. ისეთ რამეს იტყოდა, სიცილის შეკავება მიჭირდა და ბოლო ხმაზე ვხარხარებდი. თან ჩემი შვილიც რომ აიყოლია? ისეთი ტანდემი შექმნეს, ნებისმიერ იუმორისტულ შოუს დაამშვენებდა მათი დუეტი.
სწორედ ეს ზურიკო მესიზმრება ხშირად. თან სულ იღიმის, ეშმაკურად, თვალებმოჭუტული. ასე იცოდა ხოლმე, როცა ენაკვიმატობდა. სულ მიკვირდა, თავისი მშობლების გადამკიდე გზას როგორ არ ასცდა. მამა პატიმარი ჰყავდა, მანქანის გატაცებისთვის იხდიდა სასჯელს, დედამ კი ცხრა წლის ბიჭი მიატოვა და უცხოეთში გავარდა. ფაქტობრივად, გარიყული იყო ზურიკო, მაგრამ მაინც პატიოსანი შრომით შოულობდა ლუკმაპურს. ძირითადად, ლიმონს ყიდდა ბაზრის ტერიტორიაზე. ხან მოვაჭრეებს ეხმარებოდა ალაგება-დალაგება, წაღება-წამოღებაში. მეც მაგ ლიმონებით გავიცანი. „ლიმონი არ გინდა, ლამაზო, იაფად მოგცემ“ - ასე მომმართა, როცა პირველად ვნახე. მერე ერთი ნათესავი გამოჩნდა, ზურიკოს მამის ბაბუის და, რომელიც თბილისში ცხოვრობდა. მარტოხელა იყო, არც შვილი, არც ძირი. ჰოდა, რადგან ქვეყანაზე სხვა არავინ ჰყავდა, გადაწყვიტა, თავისი ქონება მამა-შვილისთვის დაეტოვებინა. არადა, მშვენიერი სამოთახიანი ბინა ჰქონდა ისანში. ერთხელ მე, ზურიკო და ირაკლი ერთად წავედით მის სანახავად. თბილი ქალბატონი აღმოჩნდა, კარგად მიგვიღო, ტკბილეულით გაგვიმასპინძლდა და სურვილიც გამოთქვა, ზურიკო მასთან დარჩენილიყო, ყველანაირად მივხედავ და მეც წამიკრავს ხელს საქმეში, მაღაზიაში მაინც გამეგზავნება პურზეო, მაგრამ ზურიკომ არ ქნა. ჩემი „სამსახურიდან“ აქამდე შორი მანძილია, შენთან მირჩევნია დარჩენა, თუ არ შეგაწუხებო. მივხვდი, ირაკლისთან ერთად უნდოდა. მეც ვისარგებლე მისი თხოვნით და ვუთხარი, იმ პირობით დაგტოვებ, თუ შენც ივლი სკოლაში ირაკლისთან ერთად-მეთქი. უყოყმანოდ დამთანხმდა. მეც ავდექი და ვუკარი სკოლაში თავი.
საოცრად ნიჭიერი ბიჭი იყო, თუმცა ძნელად მოსათვინიერებელი, მაგრამ მე თვითონ ბიჭის პატრონს შემეშლებოდა, როგორ მივდგომოდი? საღამოს, შინ დაბრუნებული ორივეს გვერდით მოვისვამდი. ჯერ გამოვკითხავდი, სკოლაში დღემ როგორ ჩაიარა, მერე გაკვეთილებსა და დავალებებს ჩავიბარებდი და ვაი იმის ბრალი, ვისაც ნამეცადინები არ ჰქონდა. ბიჭს დამატებით გაკვეთილებსაც კი ვუტარებდი საკუთარი ინიციატივით, რომ თავის კლასელებს არ ჩამორჩენოდა - მათემატიკაში, ინგლისურში, რუსულში… სხვა საგნებს თვითონაც მშვენივრად მოერეოდა.
ერთი სიტყვით, ორ ბიჭს ერთად ვზრდიდი და არცერთს არაფერს არ ვაკლებდი. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში. თავზე არ გადამდიოდა, მაგრამ მშივრებიც არ ვიყავით. გარდა ამისა, „დიდი ზურიკო“, ანუ მამამისი, თითქმის ყოველთვიურად გვიგზავნიდა ზონიდან „მოსაკითხს“ - ფულად თანხას, ხან ცოტას, ხან ბევრს, როგორც მოახერხებდა, იმის მიხედვით, რასაც მთლიანად „შვილობილს“ ვახმარდი.
მერე პატივცემული ზურაბი ციხიდან გამოვიდა, ნახევარბებიის ბინა გადაიფორმა, ზურიკო ჩემგან წაიყვანა და საჩუქრად დიდი მადლობები დამიტოვა სოლიდურ თანხასთან ერთად. თავი გავიგიჟე, არ ვართმევდი, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა, ირაკლისთვის ვტოვებ და არა შენთვისო.
მიუხედავად ამისა, ზურიკელასთან ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. ზუსტად ის პერიოდი დაემთხვა, მე რომ დაჩის შევურიგდი და ორსულად ვიყავი. ჯერ ერთი, ერთ სკოლაში სწავლობდნენ და ბავშვები ყოველდღე ნახულობდნენ ერთმანეთს, გაკვეთილების შემდეგ კი ჩვენთან ამოდიოდნენ სახლში. ვაჭმევდი, ვასმევდი, ცოტა ხანს ითამაშებდნენ და მერე მე და ირაკლი ერთად ვაცილებდით გაჩერებამდე. იქ ჩავსვამდით 72 ნომერ მიკროავტობუსში და ხელის ქნევით ვემშვიდობებოდით. მეც დეკრეტული შვებულება მქონდა და ბოლო თვეები სახლში ვიყავი. „დიდი ზურიკო“ კი იმ ერთი სტუმრობის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მის ამბავს პატარა ზურიკოსგან ვიგებდით. ავტოგასამართ სერვისში დაიწყო მუშაობა ხელოსნად და აი, ირაკლი რომ მანქანას იყიდის, მამაჩემი უფასოდ გაურემონტებსო, გვპირდებოდა. ხანდახან შაბათ-კვირასაც რჩებოდა ჩვენთან. დაჩისაც მოსწონდა ზურიკო, არასდროს გამოუთქვამს უკმაყოფილება ჩვენთან ხშირი სტუმრობის გამო. როცა მე არ მეცალა, ის და ირაკლი აცილებდნენ ხოლმე ზურიკელას გაჩერებამდე.
გაგრძელება იქნება