2 დედა, 2 შვილი, ბებია და შვილიშვილი - თამრიკო ჭოხონელიძის, მარიამ როინიშვილისა და მისი უსაყვარლესი გოგონას საოცარი ნამღერი სოციალურ ქსელს იპყრობს.
თამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე არის ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი და პიანისტი. დაიბადა მუსიკოსების — ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ევსევი (კუკური) ჭოხონელიძისა და ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძის ოჯახში. 1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებლის წოდებები.
1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აგრეთვე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი. ჩატარებული აქვს სამი სოლო-კონცერტი - 1999, 2010 და 2016 წელს.
თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი, მარიამ როინიშვილი, არის მომღერალი, სოპრანო. ვაჟი - კოკო როინიშვილი, არის მსახიობი, რეჟისორი და „ქალაქის თეატრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
მარიამ როინიშვილი
ქართველი სოპრანო, მარიამ როინიშვილი, 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლშიც. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც.