ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მათი დიდი ბებია არ გარდაიცვალა. ამის მერე ყველაფერი შეიცვალა მათთანაც და ჩემთანაც. მე ტიდა გავაჩინე, ზურიკოს მამამ კი ბებიის ბინა დააგირავა, მოჰკიდა შვილს ხელი და აღებული ფულით უკრაინისკენ გაუყვა გზას.
ასე დაშორდნენ ჩემი ბიჭები ერთმანეთს. დიდხანს ვიდარდე. ლამის ჩემს ხელში გაიზარდა და მენანებოდა დასაკარგავად. მამამისი როგორ მოუვლიდა, წარმოდგენა არ მქონდა, იმ კაცს წესიერად არც ვიცნობდი. შეეძლო კი მიეცა ის, რასაც მე შევძლებდი? კი დავარიგე გამგზავრების წინ, ჭკვიანად მოიქეცი, წესიერი ცხოვრება გააგრძელე და კარგ ადამიანად დარჩი-მეთქი. ისე ველაპარაკე, თითქოს უკვე დიდი იყო და სულაც არ ვმოძღვრავდი.
როგორ ჩაგვეხუტა. სამივე ვტიროდით. დაჩი უკვე აღარ ცხოვრობდა ჩვენთან, ტიდა კი ჯერ ერთი ციდა იყო. არასდროს დაგივიწყებთ და როცა ჩამოვალ, პირდაპირ თქვენ მოგადგებითო, შეგვპირდა…
პირობა პირობად დარჩა. მას შემდეგ აგერ, 22 წელი გავიდა და ზურიკოზე არაფერი ვიცი. ერთხელაც არ შეგვხმიანებია. მასზე ნამდვილად არ მეთქმის საყვედური, ბავშვი იყო და შეიძლება ვერც მოეხერხებინა ჩვენთან დაკავშირება, მაგრამ მამამისს ხომ შეეძლო? ჩემი აზრით, ამაზე უნდა ეფიქრა. ასე თუ ისე, რაღაც ამაგი მაინც მქონდა მის შვილზე.
მას მერე ბევრმა ცივმა წყალმა ჩაიარა. რევოლუციაც გამოვიარეთ და ორი მთავრობაც გამოვიცვალეთ. მერე კოვიდი დაგვერია და თითქმის ყველას მოგვწვდა მისი საცეცები, თუმცა ჩვენმა ოჯახმა შედარებით იოლად გადაიტანა. ისიც ირაკლის წყალობით, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ქირურგია. სხვათა შორის, არცთუ ურიგო ქირურგი. ტიდა, უკვე გითხარით, რომ ჟურნალისტია და ტელევიზიაში „თოხარიკობს“. სულ არ მინდოდა ჩემს კვალს გაჰყოლოდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. რა ვქნა, დედა ვარ და არ მომწონს, შუაღამისას რომ მოდის სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, სადაც არის. ბოლო დროს კრიმინალურმა თემებმა გაიტაცა და ჟურნალისტურ გამოძიებებს მიჰყო ხელი. თავის დროზე ხომ მეც ამგვარ თემებზე ვმუშაობდი. ამიტომ ისეც ხდება, რომ ხშირად ერთად ვაანალიზებთ მისთვის საჭირბოროტო საკითხებს. ჭკვიანი გოგოა. ორი-სამი ისეთი სიუჟეტი მოამზადა, რომ ყველას ყურადღება მიიპყრო. მუქარის ზარებიც ყოფილა, მაგრამ მაინც არ შედრკა, უკან დახევა არც უფიქრია. მაინც ბოლომდე მიიყვანა ის საქმე, რომელმაც მავანთა აღშფოთება გამოიწვია.
აი, ასე გამოიყურება ჩემი დღევანდელი ცხოვრება. კმაყოფილიც ვარ და ბედნიერიც. ამიტომ არ მომწონს ჩემი ბოლოდროინდელი სიზმრები. ზურიკო, კარგი, ბატონო, გასაგებია რატომაც მესიზმრება. მასზე ხშირად ვფიქრობ და მე და ირაკლი სულ ვიხსენებთ, მაგრამ დაჩი? რატომ არ დამანებებს თავს? ნუთუ რამეს მაფრთხილებს და ვერ ვხვდები? ზოგადად, სიზმრებს იშვიათად ვხედავ, მაგრამ თუ დამესიზმრა, აუცილებლად უნდა ამიხდეს. დაცდილი მაქვს, თუ ცუდი რამე მესიზმრება, კარგად უნდა ამიხდეს და თუ კარგი, მაშინ პირიქით. მთლად ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ სიზმრების მჯერა. მჯერა იმიტომ, რომ საკუთარ თავზე გამომიცდია. ოღონდ ისეთი ცრუმორწმუნეც არ ვარ, ჩემი სიზმრები წყალს გავაყოლო ან ცეცხლს მოვუყვე. ასეთი რამეების არ მწამს.
***
დღეს კვირაა, მაგრამ სახლში მაინც მარტო ვარ. ტიდა რესპონდენტთან შესახვედრად დილიდან გავარდა, ირაკლი კი კლინიკაშია, ნაოპერაციები პაციენტები უნდა მოინახულოს. ასე რომ, სამზარეულოში ვტრიალებ და სადილს ვამზადებ. ეჰ, ირაკლი მაინც მყავდეს დაოჯახებული, ხომ მეყოლებოდა ახლა შვილიშვილი და მირბენდა გარშემო? იმდენ შეკითხვას დამისვამდა და იმდენ „რატომ“-ს გაურევდა თითო კითხვაში, თავს მომაბეზრებდა. ამბობენ, პატარები დღეში ხუთასამდე შეკითხვას სვამენო. ნეტავ მართალია? აი, შვილიშვილი რომ მეყოლება, აუცილებლად დავთვლი, რომ ზუსტად ვიცოდე.
არ დააყენა ჩემმა ბიჭმა ცოლის მოყვანას საშველი. ამ მხრივ მართლა ცუდი ყოფილა ექიმობა. მგონი, თვალები აქვს აჭრელებული ამდენი აცუნდრუკებული გოგოს შემხედვარეს. კლინიკაში ქალი არაა დარჩენილი, ჩემი შვილი არ მოსწონდეს. არის მოსაწონი და რა გინდა ქნა. მაღალი, ხორბლისფერი, ცისფერთვალება, მხიარული, კარგი იუმორის პატრონი და პროფესიონალი ქირურგი. სხვა რა გინდა? ყველაფერთან ერთად, პერსპექტიული სასიძო, ბინიანი, მანქანიანი. დედა ცნობილი ჟურნალისტია, და კი, ტიდა, ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე თავისი ლამაზი გამოხედვითა და წკრიალა ხმით. ვის არ მოუნდება ასეთი ქმარი? ის კი არა, გათხოვილი ექიმები და ექთნებიც კი უპრაწავენ თვალებს. ჩემი შვილი არაფერს მიმალავს. ისეთი მეგობრები ვართ, მისი ყველა საიდუმლო ვიცი. უკვე 32 წლისაა და რჩევას მაინც მეკითხება ხოლმე. იცის, რომ დედა არასდროს დააღალატებს და ყოველთვის სწორი გზისკენ უბიძგებს. საცოლის რა მოგახსენოთ, მაგრამ შეყვარებული კი ჰყავს. უფრო სწორად, ჰყავდა და სულ რაღაც ორი კვირაა, რაც დაშორდნენ. სადმირა ჰქვია. უცნაური სახელია, არა? გეთანხმებით. პირველად რომ მოიყვანა სტუმრად ირაკლიმ და იმ გოგომ თავისი სახელი მითხრა, გავამეორებინე, ვიფიქრე, ვერ გავიგონე კარგად-მეთქი. მერე კი დიდი სიამაყით განმიმარტა - სადმირა რუსულად „მსოფლიოს ბაღს“ ნიშნავსო, თითქოს რუსული არ ვიცოდი. ეგრე „მშვიდობის ბაღსაც“ კი ნიშნავს, რადგან რუსულად მშვიდობაც და მსოფლიოც ერთი სიტყვით გამოითქმის-მეთქი და ეწყინა. როგორც ჩანს, მისთვის სიტყვა „მსოფლიო“ უფრო ელიტურად ჟღერდა, ვიდრე „მშვიდობა“. მას მერე ჩემთვის თბილი ღიმილი არ გამოუმეტებია. სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიდარდია. მასავით შინ ბევრი გოგო მოუყვანია ჩემს შვილს, მაგრამ ცოლად არცერთი არ დაუსვამს. კი გამომიცხადა, ჩემი შეყვარებულიაო, მაგრამ ეს ფრაზა სადმირას გამოჩენამდე ხუთჯერ მქონდა მოსმენილი და მეექვსედაც ჩვეულებრივად შევუშვი ყურში, დიდი ეფექტი არც ამჯერად მოუხდენია. გარეგნულად ცუდი გოგო არ იყო, მაგრამ რაღაც მარილი აკლდა. უფრო სწორად, შაქარი. ცივი ხასიათის იყო, სითბოს ნატამალი არ გააჩნდა. ამასთან, საშინლად ქედმაღალი. მე კიდევ დატკბილული გოგოები მომწონს და მომკალით, თუ გინდათ. გოგო, ვინც თბილად იღიმის, თვალებიდან სიყვარულს აფრქვევს და სისადავითაა შემკობილი.
დედის გულს რა გამოეპარება! არც ჩემი შვილის შესაფერისი იყო და არც ჩემი ოჯახის, მაგრამ ირაკლის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ, თუნდაც ცოლად შერთვის სურვილი გასჩენოდა. მთავარია, მას უყვარდეს, თვითონ გრძნობდნენ თავს ერთმანეთთან კარგად და მე არასდროს ჩავერევი, ხელს თუ შევუწყობ მხოლოდ. ტიდაც ჩემნაირი გავზარდე. ხასიათებით ძალიან ვგავართ ერთმანეთს. არც მას მოეწონა დიდად სადმირა, მაგრამ იმანაც არ შეიმჩნია. მხოლოდ ეს მითხრა, როგორი სახელიც ჰქვია, ზუსტად ისეთიაო.
ერთმანეთი სადღაც ექვსი თვის წინ გაიცნეს. სადმირა მამამისის სამშენებლო კომპანიაში მუშაობს გაყიდვების მენეჯერად. დედა ბუღალტერია და ისიც ქმარს უდგას გვერდით. ერთი სიტყვით, საოჯახო ბიზნესი აქვთ გაჩაღებული. ამიტომაც ყელყელაობს. მისნაირებს მხოლოდ ფული და გავლენა ჰგონიათ ყველაფერი.
ერთმანეთს სადმირას ბინაში ხვდებოდნენ, ერთი წყვილი გასაღები ირაკლისთვის მიუცია, გარეთ არ მოგიწიოს ლოდინმაო.
ამას წინათ იმაზე წაკამათდნენ თურმე, დაქორწინების შემდეგ სად უნდა ეცხოვრათ. ირაკლის შეუთავაზებია, თუ ჩემებთან არ გინდა ცხოვრება, ბინა ვიგირაოთ და ცალკე გადავიდეთო. იმას დაუჩემებია, რატომ უნდა ვიგირაოთ, როცა გაშანშალებული ექვსოთახიანი ბინა გვაქვს, მამაჩემს უნდა, რომ მასთან ვიცხოვროთ, ჩემ მეტი შვილი არ ჰყავს და ცალკე გადასვლას ვერ გადაიტანსო. ეგღა მაკლია, ზედსიძედ შევიდეო, გადარეულა ირაკლი და ამაზე ლამის დაუხოცავთ ერთმანეთი.
და აი, ორი კვირის წინ ჩემი ბიჭი გვიან დაბრუნდა შინ და თანაც შუბლშეკრული. გვიან მოსვლა არ გამკვირვებია მისი პროფესიის ადამიანისთვის, მაგრამ უგუნებობა? სახე ჩამოსტიროდა. გული გამისკდა, ოპერაციაზე პაციენტი ხომ არ შემოაკვდა-მეთქი.
- რა იყო, დედი, მოხდა რამე? - შევშფოთდი.
- არაფერი, ნატა, რა უნდა მომხდარიყო! - გაღიზიანებულმა მომიგო და სააბაზანოში შესულმა რაღაც უცნაური სიჩქარით დაიწყო ხელების დაბანა.
- მეც მაგას გეკითხები, რა უნდა მომხდარიყო, რომ შენ ასეთ ხასიათზე დაეყენებინე? მიდი, დროზე, მომიყევი! - საშველი არ მივეცი.
ონკანი გადაკეტა და კიდევ უფრო მეტი სისწრაფით შეუდგა ხელების პირსახოცით შემშრალებას.
ჩაეცინა. მიხვდა, რომ ვერაფერს გამომაპარებდა და ადრე თუ გვიან უხასიათობის მიზეზს მაინც ვათქმევინებდი.
- სადმირას დავშორდი. - თქვა და თვალები სასაცილოდ დააჭყიტა ძალად გაღიმებულმა.
- გილოცავ! - ასეთი კმაყოფილებით ეს სიტყვა საუკუნე იყო, არ წარმომეთქვა.
- გაიხარე, დე! - გაწბილებულმა მომიგო და თავის ოთახში შევარდა.
ეგრევე უკან მივყევი. ხელები გულზე დავიკრიფე და კარის ძგიდეს მხრით მივეყრდენი.
- რა გეტაკათ?
- არაფერი. მგონი, არ მიყვარხარო.
- ოპს!.. თორემ აქამდე ვდნებოდი შენი სიყვარულითო? მაგას შენ არც არასდროს ჰყვარებიხარ, შვილო. თუ დამიჯერებ, ასეა.
- შენც არასდროს მოგწონდა იგი.
- ჰო, არ მომწონდა იმიტომ, რომ არაფერი ჰქონდა მოსაწონი. ერთი ცარიელი გოგოა, რომელსაც უაზრო ამბიციები ახრჩობს. ზედსიძეობა როგორ გაკადრა? რა გჭირს სამაგისო? აი, მაშინ უნდა დაშორებოდი, როცა ეგ გითხრა. დაგასწრო, ხომ? და რა? არიქა, დაიქცა ქვეყანა თუ როგორაა შენი საქმე? მეგრელებს გვაქვს ასეთი გამოთქმა: „ცას მიკუბიჯგუ კუჩხი“. იცი, რას ნიშნავს? სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: ცაზე აქვს ფეხი მიდებულიო. ანუ ყველას ზემოდან დაჰყურებსო. მაგ გოგოს თვალში მე და ტიდა ჭიანჭველებად ვჩანდით, იკაკო, შენთვის ეს ახალია? ვერ ხვდებოდი?
გაგრძელება იქნება