ულამაზეს ბალერინა თათა ჯაშისთვის ზაფხულის შვებულება ნაადრევად დასრულდა, რადგან რეპეტიციები დაეწყო. თუმცა დასვენება და სასიამოვნო დღეების გატარება საყვარელი ადამიანების გვერდით უკვე მოასწრო და მომავალი ზაფხულის ლოკაციების გეგმებიც დასახა.
"ზოგადად, ცეკვა ძალიან მიყვარდა და დავდიოდი კიდეც. უშუალოდ ბალეტზე სრულიად შემთხვევით მოვხვდი, არ მქონია გადაწყვეტილი ბალერინობა. ჩემს მეგობარს გავყევი მისაღებ გამოცდაზე, ანუ ქასთინგზე. დედებმა მიგვიყვანეს და ვიფიქრე, რატომაც არა, მეც მოვსინჯავ ბედს-მეთქი. და იმ დღიდან შემოვრჩი ამ სფეროს ამდენი წელია. ალბათ, იმ საჭირო ადგილას, საჭირო დროს ბალეტის სამყაროში მოხვედრა ჩემმა ბედისწერამ განაპირობა.
სამწუხაროდ, ხერხემალზე მძიმე ტრავმის გამო მე მართლაც მომიწია ბალეტისთვის დროებით თავის დანებება. ფიზიკურად შეუძლებელი იყო ფიზიკური აქტივობის გაგრძელება და სამწელიწად-ნახევარი საერთოდ არ ვცეკვავდი, სხვა პროფესიაში ვიმკვიდრებდი თავს. უსაქმოდ ჯდომა არ მინდოდა და დავიწყე სხვადასხვა კურსზე სიარული და სხვადასხვა საქმიანობით დავკავდი, რომ ჩემი თავი სხვა სფეროშიც მეპოვა. ასე რომ, სამწუხაროდ, გავიარე პერიოდი, როცა მომიწია დროებით შევშვებოდი ბალეტს, რომელიც ძალიან მიყვარს. ის სამი წელი საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით, პირველი წელიწად-ნახევარი. ბუნდოვნად მახსოვს, რადგან ალბათ, გონება ცუდ მოგონებებს ბლოკავს. ეს კარგი თვისება აქვს და მადლიერი ვარ ჩემი გონების, რომ ის ცუდი მოგონება დამიბლოკა. მერე ის ცუდი ცუდ სიზმრად თუ გვახსოვს ხოლმე. საბედნიეროდ, ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა, არ მეგონა, მაგრამ მაინც დავუბრუნდი ცეკვას, ათი წელია, ისევ ამ სფეროში ვარ და წარმატებით ვმოღვაწეობ. თუმცა, კიდევ ვამბობ, იყო ძალიან რთული პერიოდი, საკმაოდ დეპრესიული. ძალიან რთულია, როცა რაღაცას მიუძღვნი თავს და მერე უცებ მის გარეშე რჩები.
ადამიანები ვართ, გვაქვს ცუდი და კარგი დღეები, ცხოვრება სავსეა სასიამოვნო და უსიამოვნო სიურპრიზებით. ყოფილა დღეები, როცა არ მეცეკვებოდა, სცენაზე გასვლა არ მინდოდა, მაგრამ, როცა დარბაზში შევაბიჯებ და სცენაზე ვდგები, ეს ჩემი პირადი პრობლემა სხვამ არ უნდა დაინახოს. როცა სცენაზე გადიხარ, ირგებ იმ როლს, რა პარტიასაც ასრულებ და რა თქმა უნდა, გადადიხარ იმ საუკუნეში, რომლის პერსონაჟიც ხარ. ირგებ იმ ამპლუას და ხასიათს, რა პერსონაჟსაც განასახიერებ და იმწუთას შენ ხარ ის პერსონაჟი და არა თათა, ანუ ადამიანი, ვინც ცეკვავს. იმ მომენტში ყველაფერი გავიწყდება. ასე რომ, ხშირად მიწევს შუა საუკუნეებსა და ზღაპარში მოგზაურობა და ამ მხრივ, ჩემი პროფესია ძალიან საინტერესოა. ეს კი ამსუბუქებს იმ შრომასა და ტკივილს, რისი ატანაც ჩვენ გვიწევს.
ჩემი შვილი, ლუკა, ექვსი წლისაა და ძალიან შეგნებული და დისციპლინირებული ადამიანია. არ მიწევს მასთან წუწუნი, ჩხუბი ან ჩიჩინი. ყოველთვის გვერდით მიდგას, მამხნევებს, როცა დაღლილი ვარ, ცდილობს, რამით შემიმსუბუქოს დაღლის ტკივილი და მეკითხება: რა შემიძლია შენთვის გავაკეთოო. ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა, რომ დედად მე ამირჩია. გასტროლებზე რომ ვარ, ვენატრები, მაგრამ არასოდეს გაბუტულა. ხშირად დამყავს რეპეტიციებზე და სპექტაკლებსაც ესწრება. ხუთი წლის იყო, „მძინარე მზეთუნახავში“ რომ მნახა ბოროტი ფერიის როლში. ძალიან განიცადა, ბოროტის როლში რომ ვიყავი და მეკითხებოდა: კეთილ ფერიასაც ხომ ითამაშებო. იმავე სპექტაკლში სხვა დღეს კეთილ ფერიასაც ვცეკვავდი და ვიდეოები ვაჩვენე და დავამშვიდე: აი, კეთილი ფერიაც ვარ-მეთქი. მისთვის მაინც კეთილი ფერია ვარ.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fwww.marao.ge%2Fvideos%2F1183166882695197%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
ჩვენთვის, ბალერინებისთვის, დაახლოებით, ორმოცი-ორმოცდახუთი წლის ასაკში ხდება კარიერის დასრულება. ამ ასაკის შემდეგ პროფესიულად უკან ვიხევთ და ნაფიქრი მაქვს, ამის შემდეგ რას გავაკეთებ. მაქვს ბიზნესიდეები, რომლებსაც ჯერ ვერ გავაჟღერებ. ვფიქრობ, ნელ-ნელა უკვე დავიწყებ ბაზის მომზადებას და როდესაც ჩემს კარიერას დავასრულებ, მთლიანად გადავერთვები სხვა პროფესიაში", - თქვა თათა ჯაშმა tbiliselebi.ge-სთან ინტერვიუში.