ინეზა აბესაძე ქართველი და საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი და პედაგოგი იყო. ასევე პირველი ქართველი ფოტომოდელია. მისმა ფოტომ 1959 წელს, პოლონეთის ფოტოფესტივალზე, „გრან-პრი“ მოიპოვა და მას შემდეგ ინეზა აბესაძის ფოტოებმა მსოფლიო მოიარა. იყო უამრავი შემოთავაზება, რომლებიც მას დიდების მწვერვალისკენ გაუხსნიდა გზას, მაგრამ მან ყველაფერზე უარი თქვა და საკუთარი კარიერა სიყვარულს და ოჯახს შესწირა. იგი მსახიობ ელგუჯა ბურდულის ცოლი გახლდათ.
" მე და ჩემი მეგობარი, მსახიობი თეა გაბუნია, რუსთაველზე ვსეირნობდით. "ივერიის" წინ მდებარე ატელიის ვიტრინისკენ რომ გავიხედე, ჩემი ყურადღება ერთმა ფოტომ მიიქცია. - თეა, შეხედე, რა კარგი ბიჭია-მეთქი, - ვუთხარი. - მაგ ფოტოზე აი, ეს ბიჭი არისო, - მითხრა მეგობარმა და იქვე მდგარი გუჯი გამაცნო. თურმე, ამ დროს გუჯა იქვე ტრიალებდა, თეა კი მას კარგად იცნობდა.
ეჭვიანი იყო და ვიდრე სახლამდე მიმაცილებდა, 4 კაცს მაინც სცემდა ხოლმე; ქუჩაში ვინმე თუ შემომხედავდა, მისი საქმე წასული იყო. გამოგიტყდებით და, ამაზე დიდად არ ვნერვიულობდი, მეტიც - ეს ყველაფერი მომწონდა კიდეც... გუჯი სიტყვაძუნწიც გახლდათ. მას ერთხელაც არ უთქვამს, მიყვარხარო, მაგრამ ამას მისი გამოხედვით, ქცევით, შეხებით ვგრძნობდი."
თბილისში გამორჩეულ წყვილს სამი შვილი ჰყავს და მათ საზოგადოება კარგად იცნობს; ლადოს და ბაკურს მუსიკალური სამყარო, მაკას - სარეჟისორო სფერო... "დედას, როგორც დამსახურებულ პედაგოგს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ჯილდო აქვს მიღებული. მხატვრული კითხვის პედაგოგი გახლდათ პიონერთა სასახლეში. სხვადასხვა სკოლიდან ათასობით ბავშვი მიჰყავდა სიონში კვირაობით და აზიარებდა. ამის გამო საპატრიარქოდან მიღებული აქვს პატრიარქის სამადლობელი სიგელი. ბევრი მადლიერი ადამიანი ჰყავს. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის პირველი თაობის წარმომადგენელი იყო, კახი კავსაძის თაობის... დედა ინტელექტუალური, განათლებული, "სვეტსკი" და პროდასავლური აზროვნების ქალი იყო..." - იხსენებდა ლადო ბურდული.
ელგუჯა (გუჯა) ბურდული
დაიბადა თბილისში 1941 წლის 1-ელ აპრილს. მან ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საღამოს განყოფილებაზე და 1969 წლამდე სწავლობდა სამშენებლო ფაკულტეტზე. ის იყო მაშველი თბილისის ზღვაზე (1958–1969), საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი (1961–1964), აგს ოპერატორი (1964–1984). 1974 წლიდან აქტიურად თამაშობდა კინოში, 1984 წლიდან გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. „საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით (2000).