პასუხი არ გაუცია. რა თქმა უნდა, ხვდებოდა. რადგან არ მიპასუხა, მეც გავაგრძელე:
- მაგნაირი ქალებით სავსეა თბილისი. ერთი ნორმალური გოგო დაილია შენთვის? უკეთესი ვერავინ ნახე? რას განიცდი? შენ თუ ვერ დაგაფასა, ტვინი არ ჰქონია, რაც მე ისედაც ვიცოდი და რა გადარდებს? ჯანდაბამდის ჰქონია გზა და კიდევ იმის იქით.
- სულაც არ ვდარდობ, - ჩაიდუდღუნა უკმაყოფილო ტონით და საწოლზე გულაღმა გაიშოტა.
- რომ არ დარდობ, მაგას ხომ არ ნერვიულობ შემთხვევით? - გავეხუმრე და გამოვედი. აჯობებდა, მარტო დამეტოვებინა.
გვიან ტიდაც მოვიდა და როცა ამ ამბავს მოვუყევი, ზუსტად ჩემნაირი რეაქცია ჰქონდა:
- მოსალოცად გვქონია საქმე, ნატა! - ღიმილით გაშალა ხელები, - ისე, მერამდენე შეყვარებული იყო ეგა? მეხუთე თუ მეექვსე?
- მეექვსე.
- ჰოდა, მეშვიდეზე მაინც ისწავლოს ჭკუა. ერთ ნორმალურ გოგოსთან არ მინახავს შენი შვილი გავლილი. საიდან მოათრევს ხოლმე ასეთებს, გაოცებას ვარ! მსოფლიოს ბაღი მქვიაო, ქალი რომ ამით იტრაბახებს და რაღაც ბანძი რუსული სახელი ჰქვია, ის როგორ შეიძლება მოსაწონი იყოს? ჩემი სახელი სპარსულად „მზის ქალიშვილს“ ნიშნავს, მაგრამ ამით კი არ ვტრაბახობ! ძალიანაც კარგი თუ დაშორდა! დიდხანს მაინც ვერ გაქაჩავდნენ ერთად. კარგად ვიცნობ ჩემს ძმას. ცოტა ხანში თვითონვე მიატოვებდა. ეტყობა, გულმა უგრძნო იმას და დაასწრო, არიქა, დამცირებული არ დავრჩეო. ქათამი! ვის დაჰკარგვია, ნეტავი! დაიკიდოს იკაკუნამ და გულზე მოეშვება. მომბაძოს აგერ მე, და არ ვარ მისი? კარგს რომ ვერ ვპოულობ, იმიტომაც არავინ მიყვარს. ეძებოს, ბატონო! შერშე ლა ფამ! - ფრანგულად დააგვირგვინა ტიდამ და ოსპის სუპის ხვრეპას შეუდგა.
***
მეორე დილით და-ძმა სახლიდან ერთად გავიდა. როგორც მერე ტიდასგან გავიგე, გზაში სადმირაზე ულაპარაკიათ. კარგად კი შეუჯორავს ძმა, რამ დაგაბრმავა, რა ნახე მაგ გოგოში კარგი, იქნებ ამიხსნაო. არ ვიცი, ამან იმოქმედა ჩემს შვილზე თუ მართლა არ განიცდიდა დიდად, იმ დღის მერე მის სახეზე დარდის ნაკუწიც არ შემიმჩნევია.
ახლა აღარ გვყავს „მსოფლიოს ბაღი“, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობთ. მერე რა, სხვა გამოჩნდება. რაღა ირაკლისთვის დაილევა მჯობნის მჯობნი. ნეტავ მალე დაქორწინდეს.
მინდა-არ მინდა, მაინც ირაკლიზე მეფიქრება. თან ხახვს ვჭრი, თვალები მეწვის, თან შვილის კიდევ ერთ გაცრუებულ სიყვარულზე ვფიქრობ. უყვარდა კი? მის თვალებში ერთხელ არ შემინიშნავს ის ნაპერწკალი, სიყვარულს რომ ახასიათებს. მგონი, არც იცის, რა ხილია ეს გრძნობა, თორემ ასე ერთ დღეში როგორ გადაუვლიდა? სულ სხვანაირები არიან დღევანდელი ახალგაზრდები. ნეტავ დროზე დაუბრუნოს იმ გოგოს თავისი ბინის გასაღები და საბოლოოდ დაამთავროს მასთან ურთიერთობა!
ამ ფიქრებში ვიყავი, კარზე ზარი რომ დაირეკა. სათვალთვალოში არც გამიხედავს, ისე გავაღე, რადგან ირაკლის ველოდებოდი. სადარბაზოში ვიღაც სიმპათიური ბიჭი იდგა, მაღალი, შავგვრემანი, ცისფერთვალება. რაღაცით ჩემს ირაკლის ჩამოჰგავდა. თითქოს მეცნო, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, საიდან. ცალი ხელით საზამთრო მიეხუტებინა მუცელზე, მეორე კი ზურგს უკან დაემალა.
- გამარჯობა, ნატა! - ისეთი თბილი ღიმილით და ისე შინაურულად მომესალმა, პირი დავაღე.
- გაგიმარჯოს, მაგრამ რომ ვერ გიცანი?
- ვერც ახლა? - და ზურგს უკან დამალული ხელი გამოაჩინა. ხელისგულზე სამი ცალი ლიმონი ედო, - ლიმონი არ გინდა, ლამაზო, იაფად მოგცემ! - და თვალები ეშმაკურად მოჭუტა.
ჩემი შეკივლების ხმა სადარბაზოს კედლებს ექოდ შეასკდა.
- დედააა! შენ შემოგევლოს შენი ნატა, მოხვედი, ბიჭო, გამახარეეე?! - ძირძველ მეგრულ კილოზე მოვუქციე და სიხარულისგან ლამის ჭკუაზე გადასულმა ბიჭი თავის საზამთროიანად ჩავიხუტე გულში.
ზურიკო! ჩემი ზურიკო დაბრუნებულა!
სიხარულისგან აქოთქოთებული კარგა ხანს ვეხვეოდი ზურიკოსა და საზამთროს. ის კი იდგა და თავისი ეშმაკური, საოცრად კეთილი ღიმილით მომჩერებოდა. სწორედ ამ ღიმილით ახერხებდა ყოველთვის ჩემ სიბრაზისგან განიარაღებას.
- ნატა, გამომართვი ეს გორიალა საზამთრო, თორემ გამივარდება ხელიდან და მოადენს ძირს ზღართანს, - თითქოს თავს იმართლებსო, ისეთი ტონით მითხრა.
- უფრო დიდი არ იყო არსად, შე მამაძაღლო! რად გინდოდა ამხელა ჯაბახანა, რისთვის მოიწყვიტე წელი? - სიცილით ვუსაყვედურე და საზამთროს ჩამორთმევა ვცადე, მაგრამ ისეთი მძიმე იყო, რომ არა ზურიკო, ვერ მოვერეოდი და მართლა დაასკდებოდა სადარბაზოს მეტლახს…
- ვაა, როგორ გაგირემონტებიათ აქაურობა, რა მაგარია! - თვალებგაფართოებულმა მოათვალიერა ბინის შიდა ინტერიერი და საზამთრო სამზარეულოს მაგიდაზე დააგორა, მერე ისევ სასტუმრო ოთახში გავიდა და რემონტის დათვალიერებას შეუდგა.
- გავარემონტებდით, აბა სულ ჩამოხეული შპალერით ხომ არ ვიცხოვრებდით, ბიჭო! - გავიცინე, - ხომ არ დაგავიწყდა, რამდენი წელი გავიდა მას მერე, ტირილით რომ დაგვემშვიდობე?
- ბევრი წელი, ნატა, ბევრი… ვაა, ეს ბინა ასეთი დიდი არ მახსოვს… თუ მეშლება რამე?
- არა, არ გეშლება, - ზურგზე გადავუსვი ხელი, - მეზობელმა ოროთახიანი გაყიდა შარშან და ის შემოვიერთეთ. ახლა უკვე ხუთოთახიანი გვაქვს, ამას დამატებული ლოჯია და რა ვიცი. ასე რომ, შენთვისაც მოიძებნება ამ სახლში ერთი ოთახი.
- ბარემ ცოლსაც შევირთავ და ორივე შემოგისახლდებით, ნატა, ჰა, რას იტყვი? - გამეხუმრა ზურიკო, დივანზე დაჯდა და თითებით და მსუბუქი ბუქნით მისი სირბილე მოსინჯა, - რა ფაფუკი რამეა, არა?
- ეს ტიდას შეკვეთაა, ბატონო, მაგას უყვარს ეგეთი ფაფუკი რამეები. არ იცი, რამდენ ხანს არჩევდა მაგ დივნის მასალას.
- აქ დაამზადებინეთ?
- კი, აქ. ახლა ყველა ასე ყიდულობს ავეჯს, უფრო იაფი ჯდება.
- ტიდა უკვე დიდი გოგოა, ალბათ…
- დიდი არა, ის! ოცდაერთისაა უკვე და ტვინიც მაგდენი გრამი აქვს.
- ოუფ! შენი შვილი არ შეიძლება უტვინო იყოს, შენ მაგარი ქალი ხარ, ნატა. - ისე შემაქო, გულში სითბო ჩამეღვარა, - ირაკლუნა რას შვრება?
- ირაკლუნა ექიმია, ჩემო ზურიკო, ქირურგი. მუშაობს, ყველა აქებს. დედას მეტი რა უნდა. დაიცა, დავურეკო. აქამდეც უნდა მოსულიყო, რაღაც იგვიანებს. - ვთქვი და მობილური მოვიძიე.
ჩემმა შვილმა პირველსავე ზარზე მიპასუხა:
- რა იყო, დე!
- მალე მოხვალ?
- მმმ… სადღაც ერთ საათში. გინდოდა რამე?
- გადადე ყველა საქმე და დროზე წამოდი. საპატიო სტუმარი გვყავს. ძალიან რომ გაგიხარდება, ისეთი.
- რას მელაპარაკები! - გამეოხუნჯა ირაკლი, - დევა კასელი ხომ არ გვესტუმრა შემთხვევით?
- ეგ ვინ ჯანდაბაა, შემახსენე, ერთი?
- სირცხვილი შენი! ამხელა ფილარმონია ჟურნალისტმა არ იცი, დევა კასელი ვინაა? მონიკა ბელუჩის ქალიშვილია, ნატალია!
- დევა კი არა, გუშინ რა ვჭამე, ის არ მახსოვს. დროზე მოდი და შენ თვითონ ნახე, ვინც გვესტუმრა! თუ არ გაგიხარდება, მაგასაც ვნახავ! - ცოტა არ იყოს, გავბრაზდი.
გაგრძელება იქნება