მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელსაც ახლახან შეეძინა პირველი შვილი, დედობის სირთულეებზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს:
„სიმართლე გითხრათ, პირველ ეტაპზე დედობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. რომ ჭირვეულობდა და საერთოდ არ მეძინა, ამ 24-საათიანმა უძილობამ ძალიან დამსტრესა. ძალიან რთულია, როცა ბავშვი ტირის და შენ ვერ აჩერებ – არც მოფერება შველის, დარბიხარ და არ იცი, რა გააკეთო. ახლა უკვე წამოიზარდა, დამშვიდდა, თვალებში აზრი მოემატა, თავისი ბგერებით გელაპარაკება და გაგებინებს, როდის გაბრაზებულია და როდის – გახარებული. ეს უკვე სხვა ეტაპია და უკვე ყველაფერი ბევრად მარტივად მეჩვენება…“
ცოტა ხნის წინ ნინო მუმლაძე 40 წლის გახდა. მსახიობი წერდა, რომ მანამდე 40 წელი ახალგაზრდობის დასასრული ეგონა, თუმცა ახლა ხვდება, რომ ამ ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება: "ალბათ, როგორც ყველას, მეც სულ მეგონა, რომ 40 წლის ასაკში ახალგაზრდობა მთავრდება, თუმცა დღეს ნათელი მაგალითი ვარ იმისა, რომ ამ ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება. მე ჩემს 40 წელს შევხვდი ახლად შექმნილი ოჯახით და პატარა ჩვილით, ანუ, ახალი ემოციებით, ახალი გამოწვევებით, ახალი განცდებით, ახალი გამოცდილებით, მოკლედ რომ ვთქვა - სრულიად ახალი ცხოვრებით... ჰო, და მადლობა ჩემი ცხოვრების სცენარის ავტორს ამ ბედნიერი მომენტისთვის. მადლობა ჩემს მეუღლეს ამ ახდენილი ოცნებისთვის. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე უპირობოდ მიდგანან გვერდში ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ეტაპზე და მეხმარებიან ყველაფერში. მადლობა იმ მეგობრებს, რომლებმაც ბოლომდე მიერთგულეს. მადლობა ჩემს ორივე თეატრს და ჩემს კოლეგებს თანადგომისთვის. მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ და მაფასებენ და მადლობა ჩემს პატარა შვილიკოს იმისთვის, რომ ასეთი საყვარელია. ყველაფერი წინ არის, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება..."
ნინო მუმლაძე
ნინო მუმლაძეს დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელს დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წელს დაიწყო მუშაობა თავისუფალ თეატრში.