"ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის სრულიად არაჩვეულებრივი ფილმი - "აპრილი" - ასე იწყებს Variety რეცენზიას, რომლის შესახებაც უკვე ბევრს საუბრობენ. დეა კულუმბეგაშვილის ფილმში, რომელიც 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო სექციაშია წარმოდგენილი, კახა კინწურაშვილი, მერაბ ნინიძე და ია სუხიტაშვილი თამაშობენ. რეჟისორი და მსახიობები ფესტივალის წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდნენ.
"აპრილი" 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე
"აპრილის" სიუჟეტი ნინას ირგვლივ ვითარდება, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში ექიმ-გინეკოლოგია და საავადმყოფოში მუშაობს. მთავარი ამბავი კი მაშინ იწყება, როცა ნინას მორიგეობის დროს ახალშობილი იღუპება.
ფილმის შესახებ ჩვენ არაერთი საინტერესო რეცენზიის წაკითხვა უკვე შეგვიძლია, მაგალითად, IndieWire-ის მიხედვით, დეა კულუმბეგაშვილი არის ის მსოფლიოში გამორჩეული რეჟისორი, რომელსაც შეუძლია, რომ საკუთარი ნამუშევრით მაყურებელს განსაკუთრებული ემოციები გაუღვივოს.
ფილმის ვრცელ მიმოხილვას გვთავაზობს ამერიკული გამოცემა Variety. "აბორტი საქართველოში ოფიციალურად ლეგალურია, ქალს შეუძლია მოითხოვოს ორსულობის შეწყვეტა 12 კვირამდე, მაგრამ ამ პრაქტიკისადმი მწვავე საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ფონის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალი იპოვის კლინიკას, რომელიც დათანხმდება ამ პროცედურის შესრულებას. მაშასადამე, ეს მოჩვენებითი უფლება და ერთ-ერთი გზაა, რითაც ქალების უფლებები იზღუდება. სამყარო ხომ უფრო მეტ თავისუფლებას გვპირდება, ვიდრე გვაძლევს.
აღმოსავლეთ საქართველოში გამოცდილი მეან-გინეკოლოგი ნინა (ია სუხიტაშვილი) ამ რეალობას უკვე მიჩვეულია, თუმცა სანამ ამ გარემოებას შეეგუებოდა, სისტემის წინააღმდეგ ბრძოლამ მასზე წარუშლელი კვალი დატოვა - მისი პიროვნული განცდები და კოშმარული ინტერლუდიები კი დეა კულუმბეგაშვილის განსაცვიფრებელ მხატვრულ ფილმში "აპრილი" შთამბეჭდავადაა გადმოცემული", - ვკითხულობთ მიმოხილვაში.
"აპრილი" გვიწვევს, რომ ვუყუროთ, მოვუსმინოთ და ვიგრძნოთ ჩვენი გზა. ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ მის ცენტრში არის კეთილგანწყობილი, მაგრამ მიუწვდომელი ქალი უზარმაზარი თანაგრძნობითა და იზოლირებული, უნუგეშო სასოწარკვეთილებით.
2024 წლის ვენეციის კინოფესტივალის შემდეგ ფილმი "აპრილი" გააგრძელებს "მოგზაურობას" და საფესტივალო ცხოვრებას.