თენგიზ არჩვაძემ 50-80-იანი წლების ქართულ თეატრსა და კინოს უდიდესი წარმატება მოუტანა.
"...პოპულარობა მტანჯავს. ქალაქში მცნობენ და ცდილობენ, მასიამოვნონ. მე კი უკანმოუხედავად გავრბივარ. ადამიანურად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ პოპულარობა მაინც იაფფასიან ესტრადას ჰგავს" - ამბობდა მსახიობი.
1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. პირველი როლი ფილმში „ერთი ცის ქვეშ“ შეასრულა 1961 წელს, ბოლო კი – ფილმში „კიდევ ერთი ქართული ისტორია“. სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.
ლეგენდარული მსახიობი 1932 წლის 3 აგვისტოს დაიბადა. დედა - კლავდია სხირტლაძე, დიასახლისი იყო, მამა - გრიგოლ არჩვაძე კი, მოსამსახურე.
"გვარით და ჯილაგით საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, რაჭიდან, გახლავართ, დაბადებით კი თბილისში დავიბადე, მამაჩემიც და ბაბუაჩემიც თბილისში ცხოვრობდნენ. ბაბუა, დავით არჩვაძე, რეაქციის წლებში, 1907 წლის 15 სექტემბერს მოკლეს. სიცოცხლე იმათ მოუსწრაფეს, ვინც იმავე წლის 30 აგვისტოს ილია მოკლა. სრულიად ახალგაზრდა ბებია მარტო დარჩა ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მამა, გრიგოლ დავითის ძე არჩვაძე, უფროსი იყო მათ შორის და ძალაუნებურად ოჯახის სიმძიმე მასაც დააწვა. ოჯახს სათავეში იგი ჩაუდგა - და-ძმები გაზარდა, განათლება მიაღებინა. გაჭირვების მიუხედავად, წიგნის სიყვარული არ განელებია, უყვარდა ლიტერატურა, ახალგაზრდობაში ლექსებსაც წერდა. ბავშვობიდან სძულდა პოლიტიკა და პოლიტიკოსები, უკომპრომისო კაცი იყო (პოლიტიკური კარიერა არც მე მხიბლავდა, არასდროს არცერთი მთავრობის კაცი არ ვყოფილვარ. ამ თვისებით, ალბათ, მამას დავემსგავსე). მამაჩემი ერთი პერიოდი, პირველი მსოფლიო ომის დროს, გაზეთის რედაქტორადაც მუშაობდა ჭიათურაში. შემდეგ, როდესაც ბოლშევიკები "შემობრძანდნენ" საქართველოში, სერგო ორჯონიკიძე გადაეკიდა მამაჩემს და მამამაც მიატოვა ყველაფერი, თბილისში გადმობარგდა... დედა - კლაუდია ნიკოლოზის ასული სხირტლაძე, დიასახლისი იყო. ძირითადად საოჯახო საქმით და ჩვენი აღზრდით იყო დაკავებული. ოჯახის არცერთ წევრს თეატრთან პროფესიული შეხება არ ჰქონია."
"ჩემი პირველი პედაგოგი თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანი იყო. პროფესიას საფუძველი სწორედ პირველ კურსზე ჩაეყარა. მერე ისე მოხდა, რომ რაღაც მეწყინა და გადავწყვიტე, მსახიობობისთვის თავი დამენებებინა. პირველი კურსის დასრულების შემდეგ თეატრალურში სწავლა შევწყვიტე და უნივერსიტეტში ფილოლოგიურზე ჩავაბარე. მისაღებ გამოცდებზე ყველა საგანში ფრიადი მივიღე და მაინც გარეთ დავრჩი - ვისაც "ლიმიტები" ჰქონდა, ისინი მიიღეს. ადგილები შეზღუდული იყო. იმ დროს ნიკო კეცხოველი უნივერსიტეტის რექტორობიდან გაათავისუფლეს და ახალი რექტორის დანიშვნამდე სრული არეულობა იყო. უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი და თეატრალურში დავბრუნდი."
"კინოში პირველი როლი ეპიზოდური მქონდა. სიკო დოლიძემ გადაიღო ფილმი "ფატიმა". მე თეთრი ჩოხა მეცვა, თავადი ბადალაევი ვიყავი. მთავარი როლი კი "კეთილ ადამიანებში" ვითამაშე. როლზე წინასწარი სასინჯი გადაღების გარეშე ამიყვანეს. არ გამჭირვებია, რადგან საკმაოდ დიდი სკოლა მქონდა გავლილი პიონერთა სასახლეში, შემდეგ კი თეატრალური ინსტიტუტის ოთხი-ხუთი წელი იყო. ისიც შეიძლება ითქვას, რომ, მიხეილ თუმანიშვილის რეკომენდაციით, ბაში-აჩუკის როლის შესრულების ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიყავი, თუმცა არჩევანი ოთარ კობერიძეზე შეჩერდა და ეს სრულიად ლოგიკური იყო, რადგან მაშინ იგი, თავისი ასაკითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით, უფრო შეესაბამებოდა ბაში-აჩუკის როლს.
როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო - არასოდეს (თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია). უარს ვამბობდი იმ შემთხვევაში, როცა ნაწარმოები ან გმირი არ მომწონდა. უარყოფითი გმირიც კი გამოკვეთილი, სრულყოფილი უნდა იყოს და ესთეტიკური ჩარჩოებიდან მთლად ამოვარდნილი არ უნდა ჩანდეს. მძაგს დაბალი დონის ნაწარმოები, რომელთა ინსცენირება თუ ეკრანიზაცია მაყურებლის გემოვნებას აქვეითებს. არც თავხედობა მომწონს სცენიდან თუ ეკრანიდან, არადა, ახლა ამას რატომღაც დიდი მაზანდა აქვს. ბევრ რამეზე მწყდება გული. რისი გაკეთებაც მსურდა, მისთვის რატომღაც არც დრო მყოფნიდა და არც პირობები. ხელოვნებაში ყველაზე მეტად საკუთარი პიროვნებაა გადამწყვეტი. ყველაფერს ობიექტურ მიზეზებს ვერ დააბრალებ. სუბიექტურმა ფაქტორებმა, საკუთარმა თავმა უფრო მეტად შემიშალა ხელი... რას იზამ?! ასეთი ყოფილა ცხოვრება!"