ტელეფონში მისი გუგუნა სიცილი გაისმა.
_ ხო, კარგი, კარგი, მოვდივარ. გამოვაყოლო რამე?
_ ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდება. საზამთრო და ლიმონი არ გვინდა, გვაქვს, _ მეც წავკბინე.
_ ოკეი. მოვდივარ და სუპერმარკეტი მომაქვს! _ ისევ გაიცინა, _ არა, მართლა, ვინ გვესტუმრა, ნატა?
პასუხი არ გავეცი, მობილური ისე გავთიშე. იმტვრიოს ახლა თავი და მეოხუნჯოს რამდენიც უნდა!
მერე ტიდას ნომერი მოვძებნე და შეტყობინება გავუგზავნე. ვიცოდი, რესპონდენტთან იყო და არ მინდოდა ხელი შემეშალა: „შვილო, სანამ ტელევიზიაში გახვალ, ცოტა ხნით ვერ შემოირბენ? სტუმარი გვყავს, შენი გაცნობა უნდა. ძალიან, ძალიან ახლობელი ადამიანია“. ინტრიგა ჩავაგდე, რომ უარი არ ეთქვა.
_ ზურიკელა, ხომ გშია? _ გვერდით მივუჯექი ჩემს შვილობილს, ხელკავი გამოვდე და თავი მხარზე მივადე, _ როგორ მომენატრე, შე ცუდო ბიჭო!
_ მეც მომენატრეთ ყველანი და იმიტომაც მოვედი, _ ჩემს ხელის ზურგს თავისი გაშლილი ხელისგული დაადო და მომეფერა, _ შენსა და ირაკლის სიკეთეს რა დამავიწყებს, ან დაჩისას. ტიდა კი ისეთი პატარა იყო მაშინ… გახსოვს როგორ ნაბავდა თვალებს?
ამის გახსენებაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.
_ ძლივს გიცანი, შე ოხერო. ლიმონი რომ არ გეჩვენებინა, ვერ მივხვდებოდი ვინ იყავი.
_ ვაა, ასე შევიცვალე ვითომ?
_ დაკაცებული ხარ, დედი, რამხელა ბიჭი გამხდარხარ.
უეცრად მკვეთრად შემოტრიალდა ჩემკენ და ისეთი სევდიანი მზერით ჩამხედა თვალებში, გული მეტკინა. ვერ მივხვდი, ასე რამ გააოცა.
_ „დედი“ ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს, _ მოგუდული ხმით მითხრა, _ არ იცი, როგორ მესიამოვნა, ეგ რომ მითხარი.
_ აიდააა! არ გეკუთვნი რო დედად?! _ დავუცაცხანე, _ ლამის ჩემს ხელებში გაიზარდე, შე მაიმუნო! როგორ მიშრობდით ორივე სისხლს, დაგავიწყდა იქნებ? _ ხუმრობაში გავუტარე, რომ მისი სევდა როგორმე გამეფანტა. როგორც ჩანს, დედასთან არც ახლა ჰქონდა ურთიერთობა.
_ ყველაფერი მახსოვს, ყველაფერი, _ თავის კანტურით წარმოთქვა და თვითონაც მომადო თავზე თავი.
_ ახლა შენი ამბები მომიყევი, თორემ დამელია სული. სად ხარ, რას საქმიანობ. ხომ ხარ ისეთი, მე რომ გამიხარდება?
_ რა ვიცი, აბა. ვარ რა.
_ როდის ჩამოხვედი?
_ მესამე წელია, აქ ვარ, _ „როგორ მრცხვენია“ ჟესტით სახეზე ხელი აიფარა და გაღიმებულმა თავი ჩაღუნა.
_ რა-აა?! შემომხედე აქეთ! _ თავი ავაწევინე და გამომცდელი მზერა მივაპყარი, _ რამდენი წელიო? და ახლა მოხვედი ჩვენთან?
თანხმობის ნიშნად თავი დააკანტურა.
_ რატომ, შვილო, რატომ! ადრე რატომ არ გვინახულე?
_ მინდოდა ისეთი გენახე, როგორიც ახლა ვარ, ნატა, _ სერიოზული ტონით მომიგო და თვალი გამისწორა.
_ და როგორი ხარ ახლა? _ ირონია გავურიე ხმაში.
_ რა ვი, მგონი, არ უნდა ვიყო ცუდი ბიჭი, _ ისევ ჩაიცინა და მომეხვია, _ შენ რომ გაგიხარდება, ზუსტად ისეთი ვარ… ისე… მშია, რომ იცოდე, _ დააყოლა ბოლოს.
_ უი, უი, სულ დამავიწყდა, ღომი მაქვს დადგმული, ჩემი სიკვდილი! _ ავფორიაქდი, წამოვხტი და სამზარეულოში გავვარდი.
ჩემი ღომი თავს იკლავდა თუხთუხით. უკვე შესაზელი იყო.
_ რამდენი წელია ღომი არ მიჭამია, რა მაგარია. ყველი, ხარჩო და რამე?
_ ყველაფერი მაქვს, სიხარულო, ცოტაც მოითმინე და სუფრასაც გავშლი. ირაკლიც მოვა წუთი-წუთზე.
სწორედ ამ დროს ჩემმა მობილურმა დარეკა. წინსაფრის ჯიბიდან ამოვიღე და დავხედე. ტიდა მირეკავდა.
_ ხო, შვილო, სად ხარ?
_ ახლა გამოვედი დორეულისგან. ტელევიზიაში გავრბივარ.
_ სახლში ვერ ამოხვალ ცოტა ხნით?
_ გავალ და მოვბრუნდები. მე რომ არ ვიცნობ ისეთი ვინ მოვიდა, დედა?
_ ამას სიურპრიზად დავტოვებ. მოხვალ და ნახავ.
_ მაინტრიგებ თუ როგორაა შენი საქმე?
_ არ მცალია ახლა, ღომი დამეწვება.
_ ხო, კარგი, ვეცდები მალე წამოვიდე. ჩემს მოსვლამდე არ გაუშვა შენი ძვირფასი სტუმარი.
_ კარგი ხმა აქვს ტიდას, ლამაზი გოგოს ხმა, _ ეშმაკურად შემომღიმა ზურიკომ.
_ არის კიდევაც ლამაზი. არ იცი, რა გოგო დადგა, მაგრამ ისეთი ჯიუტია, ისეთი პირდაპირი, სანამ თავისას არ გაიტანს, არ მოისვენებს.
_ სწავლობს?
_ წელს დაამთავრა, ტელევიზიაში მუშაობს. კრიმინალისტურ თემებს აშუქებს. სწავლით რა გითხრა, ათასში ერთხელ თუ წავიდოდა ლექციაზე. კი უწყობდნენ ისე ხელს უნივერსიტეტში, აქაოდა, ცნობილი ჟურნალისტიაო. სამაგიეროდ, გამოცდებს ყოველთვის კარგად აბარებდა, თან ყველა საგანს. მეცადინეობა არ ეზარებოდა.
_ ყოჩაღ! მერე როგორ ასწრებდა ყველაფერს ერთად?
_ ასწრებდა. ყოჩაღია ძალიან. ახლა უფრო მეტს მოასწრებს, რომ მიუშვა. სულ არ მინდოდა მაგის ჟურნალისტობა, მაგრამ ვინ დამიჯერა.
_ მასე მამაჩემსაც არ უნდოდა ჩემი იურისტობა, მაგრამ ვინ დაუჯერა, _ ისევ ეშმაკურად ჩაიღიმა.
გაოგნებული შევაჩერდი.
_ იურისტი ხარ?
_ კი, ექვსწლიანი სტაჟით. სამი წელი ვმუშაობდი ლვოვში, მერე აქეთ წამოვედი და ახლა აქ ვმუშაობ. ჩემზე ამბობენ, კარგი ადვოკატიაო და რა ვი, აბა, _ თავმომწონედ გამოუვიდა და თვალებგაბრწყინებულმა ირიბად შემომხედა, როგორი ეფექტი მოვახდინეო.
სახე გამინათდა, ეს რომ მოვისმინე. ზურიკელა და ადვოკატი, თან კარგი ადვოკატი! რა კარგი ამბავია, რა სასიამოვნო მოსასმენი!
_ შენ შემოგევლოს შენი ნატა! რა ბიჭი მყავხარ! _ ჩავიხუტე მისი თავი.
იცინა და იცინა ჩემს მკლავებში მომწყვდეულმა.
_ მოდი, მე სუფრის გაშლას დავიწყებ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, _ ვთქვი და ჭურჭლის კარადა გამოვაღე.
_ დაჩი როგორაა? _ მკითხა და თეფშები ხელიდან გამომტაცა.
მოკლედ მოვუყევი ჩემი ქმრის ამბავს. ისიც დავაყოლე, რა ხშირად მესიზმრებოდნენ ბოლო ხანებში ის და დაჩი.
_ მეწყინა. არ იყო ცუდი ადამიანი, მგონი.
_ ჰო, არ იყო, მაგრამ მექალთანეობამ დაღუპა ის საცოდავი. მამაშენი როგორაა?
_ იქაა, უკრაინაში. მე მომიშორა თავიდან, თვითონ კი დარჩა.
_ რას ნიშნავს თავიდან მოგიშორა? _ არ მესიამოვნა ამის მოსმენა.
_ აქ მალე ომი დაიწყება და ჯობია საქართველოში დაბრუნდეო. წამოვედი და მართლა არ დაიწყო ომი? მთხოვა, შენთან მოვსულიყავი, დაგეხმარება სამსახურის შოვნაშიო, მაგრამ გადავიფიქრე შენი შეწუხება.
_ რატომ, შე ოხერო, ვერ დაგეხმარებოდი თუ?
_ კი დამეხმარებოდი, მაგრამ მინდოდა ჩემით გავქაჩულიყავი. თუ არ გამომივიდოდა, მერე, ალბათ, მოგაკითხავდი. ამიტომ დამიგვიანდა თქვენი ნახვა. ამაყად მინდოდა მოვსულიყავი, ჩამოყალიბებული პიროვნება, რომ შენ გამეხარებინე. მართლა დიდი როლი შეასრულე ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ეს არასდროს დამავიწყდება, ნატა!
თვალები ცრემლით ამევსო. როგორ მიყვარდა ეს ბიჭი და როგორ მიხაროდა, რომ ჩემმა ძალისხხმევამ უშედეგოდ არ ჩაიარა.
_ და მამა რას შვრება ახლა? იქ ხომ ქვეყანა იქცევა.
_ მამამ იქაც ავტოსახელოსნო გახსნა, კარგი ფული იშოვა. ყველას შეაყვარა თავი. ცოლი არ მოუყვანია. მერე ომი დაიწყო და დამირეკა, მეც უნდა შევუერთდე ქართველებს ქართულ ლეგიონშიო. არ დავანებე. ისედაც ვერ არის ჯანმრთელად, რა დროს მისი ჯარისკაცობაა. ძლივს გადავათქმევინე. შენ გარდა არავინ მყავს და დაეტიე სახლში, თუ კაცი ხარ-მეთქი. ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი, ორ მეტრს რომ გაირბენს, ისეთი ქოშინი ეწყება, სულს ვერ ითქვამს.
_ და სადაა ახლა, რომელ ქალაქში?
_ ლვოვშია. ოროთახიანი ბინა გვაქვს იქ, თან შედარებით სიწყნარეა. ხომ გესმის, პოლონეთის საზღვართანაა და ბევრად უსაფრთხო ადგილია.
_ ხო, გასაგებია. და დედაშენი?
_ ო, ეგ ძალიან რთული შეკითხვაა. აზრზე არ ვარ, სადაა. მის შესახებ არაფერი ვიცი. მკვდარია, ცოცხალია…
_ რაც აქედან წახვედი, არ გამოჩენილა?
_ არა და რომც გამოჩენილიყო, სად გვიპოვიდა? ჩვენი მისამართი შენ არ იცოდი და ის საიდან გაიგებდა?
_ ჰო, ეგეც მართალია. ვინ იცის, შეიძლება გეძებდა კიდევაც.
_ შეიძლება, _ ხმაში სევდა გაერია ზურიკოს და ამ მძიმე თემაზე საუბრისთვის თავი რომ აერიდებინა, სხვა ამბებზე გადაერთო, _ ბაზარში გავიარე, იქნებ ვინმე ნაცნობი შემხვდეს-მეთქი, მაგრამ ძველებიდან ვერავინ ვიპოვე. თან სულ შეუცვლიათ იქაურობა. მართლა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ.
_ კი გავიდა, ზურიკელა, მაგრამ რას იზამ, დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება, ასეთია ცხოვრება.
_ არადა, მენატრება ის პერიოდი. ხომ უამრავი გაჭირვება გამოვიარე, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება.
ამ დროს კარი გაიღო. ირაკლი მოვიდა.
გაგრძელება იქნება ორშაბათს