ბოლო თეფში ღომი ამოვიღე და შვილს შევეგებე. ყურებამდე ვიღიმებოდი. მაინტერესებდა, ზურიკოს დანახვაზე რა რეაქცია ექნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, ვერ იცნობდა.
_ რა კმაყოფილი სახე გაქვს, ნატალია? _ მკითხა და სანოვაგით სავსე ცელოფანი იატაკზე დადო, _ მიხედე რა, ამას, რაღაცები მოვიტანე. აბა, სადაა შენი სტუმარი?
ამ დროს ზურიკოც გამოვიდა სამზარეულოდან და ირაკლის მიაჩერდა.
_ ეეე! ამას აქ რა უნდა! _ იყვირა უცებ, _ ზურიკელა სულძაღლიანო, რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ, შე ჩემა? _ შესძახა და ხელებგაშლილი გაექანა ბავშვობის მეგობრისკენ. გაოცებული დავრჩი. მე გამიჭირდა მისი ცნობა, ამან კიდევ ეგრევე ზურიკოო… უცნაურია, ასე უცებ, ერთი თვალის შევლებით როგორ იცნო.
ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა, ისეთი გულისამაჩუყებელი იყო მათი შეხვედრის სცენა. ზურიკომ ხელში აიტაცა ამხელა ბიჭი და დააბზრიალა. მერე ირაკლიმ აიყვანა ხელში და ახლა იმან დაატრიალა. ხან თმა აუჩეჩეს ერთმანეთს, ხან მუშტები „დაუშინეს“, ვითომ რინგზე მდგომი მოკრივეები იყვნენ. თან ვტიროდი, თან ვიცინოდი.
_ დე, რამხელა კაცია უკვე, არა? _ როგორც იქნა, ჩემთვისაც მოიცალა ჩემმა შვილმა.
_ მა რა! თან ცნობილი ადვოკატი გამხდარა, ჩვენ კი ჭურში ვისხედით თურმე, _ სიამაყით წარმოვთქვი და აცრემლებულ თვალებში თითები ამოვისვი.
_ ნუ გაახურე! მართალია, ზურიკელა, თუ დედაჩემი „ნახალკას“ გტენის? _ ჯერ ზურიკოსკენ გაფშიკა საჩვენებელი თითი ირაკლიმ, მერე ჩემკენ გამოიშვირა.
_ ვა, შენ რა ქუჩური ანბანი აგითვისებია, ირაკლუნა. თუ ქირურგები ასე მეტყველებენ საქართველოში?
_ მე ვმეტყველებ ასე, ზურია, მარტო მე! _ „წაიტრაბახა“ ირაკლიმ და გაიცინა.
_ მიდით, მიდით, ხელები დაიბანეთ და მიუსხედით სუფრას, ღომის გარდა ყველაფერი გატანილია, _ დავუცაცხანე ორივეს.
_ რა ნაცნობი ფრაზაა „ხელები დაიბანეთ“, ნეტავ საიდან მეცნობა? _ ჭინკები აუცეკვდა ზურიკოს თვალებში.
_ გახსოვს შენც, ხო? მეეც, შენს ძმობას ვფიცავარ, მეეეც! და ეგ ფრაზა ცხოვრების კრედოდ მექცა, რომ იცოდე. სახლში ვარ და, ხელები უნდა დავიბანო. საავადმყოფოში ვარ და, იქაც ხელები უნდა ვიბანო ოპერაციების გადამკიდემ. სულ ხელების ბანა მიწევს, ბიჯო, სულ, სულ. ა, ნახე, გამომიშრა კანი, ესაა ცხოვრება? _ გაიხუმრა ჩემმა შვილმა და თავისი ლამაზი, საქირურგე თითები გაფშიკა.
_ გეყოფათ მაიმუნობა, თორემ გაცივდა ყველაფერი. დროზე ახლა, მეტი არ მათქმევინოთ! _ ისევ დავუცაცხანე ბიჭებს და ღომიან თეფშებს დავავლე ხელი…
***
_ გუშინწინ ერთი სასამართლო პროცესი მოვიგე და ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი, მაშინვე თქვენკენ გამომიწია გულმა, მაგრამ გვიან იყო და გადავიფიქრე. გუშინ მინდოდა მოსვლა და ვერ მოვახერხე, ახალი საქმე გამომიჩნდა და კლიენტს უნდა შევხვედროდი. ამიტომ დღეს მოგადექით.
_ მაგარო! მოდი, კიდევ ერთხელ შენ გაგიმარჯოს, ძმაო! მაგრად გამიხარდა, რომ გამოჩნდი. დღე არ გავა, ამ სახლში არ გახსენონ. ოღონდ მართლა! _ ირაკლიმ ღვინით სავსე ჭიქა მიუჭახუნა ზურიკოს და ბოლომდე დაცალა.
_ გაიხარე, ჩემო ირაკლუნა. მეც სულ მახსოვხართ. ყოველდღე ვფიქრობდი თქვენზე, მამას გეფიცებით. დალოცვილები ყოფილიყავით, _ ზურიკომაც ირაკლის მიჰბაძა და ჭიქას ძირი გამოუჩინა.
_ რთული საქმე იყო? _ დავინტერესდი.
_ რთულიც იყო და სხვა რამითაც საინტერესო. მოგიყვებით მერე, ტიდა რომ მოვა. შეიძლება სიუჟეტისთვის გამოადგეს კიდევაც. კრიმინალური საქმე იყო.
_ ანუ კრიმინალურ საქმეებზე მუშაობ? კაცისმკვლელებს იცავ, შე ჩემა?
_ რა მიმართვაა, ეს, ირაკლი, არ გრცხვენია? _ შენიშვნა მივეცი.
_ უკაცრავად, თქვე ჩემა უნდა მეთქვა, _ „გამოასწორა ჩემმა ბიჭმა.
_ თქვე ჩვენა, _ „შეუსწორა“ ზურიკელამ და ორივე აფხუკუნდა.
_ აჰა, დაიწყეთ ძველებურად, ხომ? ორი მატრაბაზი! _ მეც გამეცინა.
_ კაცისმკვლელს გააჩნია, _ ირაკლის შეკითხვას დაუბრუნდა ზურიკო, _ ახლა რომ საქმე მოვიგე, სულაც არ ყოფილა მკვლელი, გაუჩალიჩეს, უბრალოდ. მოგიყვებით მერე.
_ ღმერთო, რა კარგად ამიხდინე სიზმარი, _ ზურიკოს ნახვითა და ღომ-ხარჩოთი დანაყრებულმა კმაყოფილებით წარმოვთქვი, _ ნეტავ ყველა ოცნება ასე ამიხდეს.
_ აბა, აბააა! _ გამაყაშირა ჩემმა შეზარხოშებულმა შვილმა, _ აი, დაჩიც თუ გამოგეცხადა ამ დღეებში, სიხარული მერე ნახე შენ!
მის სიტყვებზე ტანში გამცრა. რა უშნო ხუმრობა იცის ამ ბიჭმა ხანდახან.
_ ამოგაძრობ მაგ ენას, შე საძაგელო! _ საჩვენებელი თითი დავუქნიე გაგულისებულმა.
_ რატომ, რატომ, რას მერჩი, დედიჯან! ზურიკელა ხომ გესიზმრებოდა? გესიზმრებოდა. ჰოდა, გამოგეცხადა აგერ მთლად დიდი კაცი, გაზრდილი, დავაჟკაცებული, სიმპათიური, თან ადვოკატი, თან ცნობილი, თან წარმატებული. რა იცი, იქნებ დაჩ…
_ ირაკლი! _ ვუყვირე გამწარებულმა.
_ კაი, ხო. რა მოგივიდა, ნატა, ვიხუმრე, რა.
_ იხუმრე და მორჩა! სალაზღანდარო სხვა ვერაფერი იპოვე? მამაზე ასე უნდა იშაყირო? _ დავტუქსე.
ნირი წაუხდა. არ ეგონა, ასე თუ იმოქმედებდა ჩემზე მისი ხუმრობა.
_ მაპატიე, დე, არ მიფიქრია, თუ გეწყინებოდა.
_ ჰოდა, აღარ დალიო მეტი. ხომ ხედავ, რა დღეში გაგდებს სასმელი?
_ მორჩა, აღარ ვსვამთ. გავალთ ჩემს ოთახში მე და ზურიკელა, ქალებზე მაინც ვილაპარაკებთ, კარგი?
_ რომელ ქალებზე, რომლებიც არ გყავთ? _ რევანშის ასაღებად შესანიშნავი მომენტი ჩამივარდა ხელში.
_ რას ჰქვია არ გვყავს, ვახხხ, _ გაიბღინძა ჩემი ბიჭი, _ მაგის მეტი რა გვყავს, დედიჯან! არა, ზურია? ყველა რომ გავიხსენოთ, ერთი დღე არ გვეყოფა, რომ იცოდე!
_ მომწყდით ახლა თავიდან, მაგიდა უნდა ავალაგო. მერე საზამთროს დავჭრი და დაგიძახებთ. მანამ ტიდაც მოვა, იმედია. ძალიან მინდა ზურიკოს მოუსწროს.
_ რას ჰქვია მოუსწროს. ვინ უშვებს, რო? დღეს აქედან ფეხს ვერ გაადგამს ეს ადვოკატი. მოსვლა ამის ნება იყო, წასვლა _ ჩემი. _ თქვა ირაკლიმ და ზურიკოს მხარზე წაარტყა, _ ხომ რჩები ამაღამ, ჩვენი ძმა!
დარცხვენილმა ზურიკომ მხრები აიჩეჩა. აშკარად უნდოდა დარჩენა.
გული ამიჩუყდა.
_ დარჩი, შვილო, ეს შენი სახლიცაა, რომ იცოდე. ეგერ, ცალკე საძინებელში გაგიშლი და იყავი, რამდენ ხანსაც გინდა.
_ რა ცალკე, რის ცალკე, ნატა! ჩემთან დაწვება. ცალკე არა ის! იმდენი სალაპარაკო დაგვიგროვდა, ეეე! საჭორაოს რა გამოგვილევს! ძმები თუ ვართ, ძმები ვიყოთ, ზურიკელა. არა, ის როგორ იყო, თეთრი „მერსედესი“ რომ ამახიე და მერე მეორე ვაყიდინე დედაჩემს? _ გაიხსენა ჩემმა ბიჭმა ბავშვობის დროინდელი ამბავი.
_ ვაა, მე რა აგახიე, ძმაო. მე მაინც არ ვთამაშობ ამითი და წაიღეო, შენ არ მითხარი? მეც ავიღე და წავიღე. რას ვიფიქრებდი, თუ გული დაგწყდებოდა.
ვუყურებდი ორივეს და გული სითბოთი მევსებოდა. ყველაფერი ახსოვდათ, ბავშვობის ყველა წვრილმანი.
_ სვეტიცხოვლის ეზოში რომ მოიღერეთ ყელი და ყროყინით ხალხს ფული აახიეთ, ის თუ გახსოვთ? _ მეც გავიხსენე ერთი ეპიზოდი.
_ მახსოვს რომელია. თანხაც კი არ დამვიწყებია, _ ჩაბჟირდა ზურიკო, _ თექვსმეტ ლარს სამოცი თეთრი დააკლდა.
_ „დაუკარიიით… რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეეეეს“! _ წამოიწყო ირაკლიმ მაშინდელი სიმღერა და ზურიკოც უცებ აჰყვა, _ „გაისარჯოოოს და ბრძოლებში გაიხარჯოოოს“!!!!
_ სუფთა მატრაბაზები ხართ, თქვენი გამოსწორება არ იქნება! ისევ იმ ასაკში ხართ ორივე ჩარჩენილი, _ ჩავიქნიე ხელი და სუფრის ალაგებას შევუდექი.
***
ტიდა ორი საათის დაგვიანებით მოვიდა. ბიჭებმა საზამთრო მიირთვეს და ახლა ყავას აგემოვნებდნენ. ჩემი ქალიშვილი შემოსვლისთანავე გაოგნებული მიაჩერდა უცხო ბიჭს. გაოგნება წამებში სრულიად სხვა ემოციამ შეცვალა. ნაცნობი ემოცია იყო _ ტიდას თვალები აუბრჭყვიალდა. ასე მაშინ ხდება, როცა შენთვის მოსაწონ ბიჭს დაინახავ. ჰო, ჩემს გოგოს აშკარად მოეწონა ზურიკელა. ღიმილის დამალვა ვერ მოვახერხე. ლამისაა გამცინებოდა.
_ ოოოჰ, დიიდი ტელეჟურნალისტი მობრძანებულა მთელი თავისი ბრწყინვალებით! _ ირაკლი წამოხტა და ტიდას ფრანგული რევერანსით შეეგება.
_ წელში არ გადატყდე, თორემ დარჩა ქირურგია უშენოდ! _ უკბინა დამ და დაბნეული მე მომაჩერდა, გამაცანი სტუმარიო.
_ ხომ კარგი ბიჭია, დედიკო? _ ღიმილით ვანიშნე ზურიკოზე, _ ვერ იცანი, ხომ?
ზურიკო მაშინვე წამოდგა.
_ ვერა, _ ტიდამ თავისი ვეება ზურგჩანთა მოიხსნა და სკამზე დადო.
_ ეს ისაა, შენ რომ პამპერსებს გიცვლიდა, _ ისევ უშნოდ გაიხუმრა ჩემმა ვაჟმა.
როგორ გაწითლდა ტიდა, ბროწეულივით აუპრიალდა ღაწვები.
ირაკლის თავში წამოვუთაქე.
_ გამარჯობა, ტიდა. ბოლოს რომ გნახე, ამხელა იყავი, ა! _ ზურიკომ ხელებით სამოცი სანტიმეტრის სიგრძე გამოსახა, _ და ისე ნაბავდი თვალებს, მე და ნატა სიცილით ვიჭაჭებოდით. ახლა კი… _ ტუჩების მოპრუწვით „რა მაგარი გოგო დამდგარხარ“ გამოხატა.
_ ზურიკო? _ იმწამსვე მიხვდა ტიდა და მე შემომხედა.
_ კი, შვილო, კი, ჩვენი ზურიკელაა ეს!
ამის გაგონებაზე ტიდას ზუსტად ჩემსავით გაუნათდა სახე, ბიჭს მიუახლოვდა, ჯერ ხელი ჩამოართვა, მერე კი ისე ჩაეხუტა, კიდევ ერთხელ ამიჩუყდა გული და ცრემლები ამჯერადაც ვერ შევიკავე.
_ აუუუ, რა მაგარია! აი, დე, როგორ აგიხდა სიზმარი, ხედავ? შენ კიდევ ესაო და ისაო.
_ ჰოდა, მაგას ვეუბნები მეც, დაჩიც არ გამოგეცხადოს ზურიკოსავით-მეთქი! _ ისევ წამოიწყო ირაკლიმ და ისევ დაიმსახურა დედისგან თავში წათაქუნება.
სამივე იცინოდა. გულიანად. ვუყურებდი მათ და უდიდეს სიამოვნებას განვიცდიდი. ვგრძნობდი, რომ სამივე ერთნაირად მიყვარდა. ისინი ჩემი შვილები იყვნენ.
გაგრძელება იქნება