სცენისა და ეკრანის ლეგენდა დაიბადა 1946 წლის 12 მარტს მსახიობისა და მომღერალ ჯუდი გარლანდისა და რეჟისორ ვინსენტ მინელის ოჯახში.
გარლანდი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი, ცნობილი იყო თავისი ძლიერი ხმითა და როლებით ისეთ ფილმებში, როგორებიცაა " ოზის ჯადოქარი " და "ვარსკვლავის დაბადება". მინელიმ მალე დაამტკიცა, რომ ნიჭით დედას არ ჩამოუვარდებოდა. ლაიზას ადრეული ასაკიდანვე უნდა ეზრუნა არა მარტო ძმასა და დაზე, არამედ დედაზეც, რომელიც ან დეპრესიაში ვარდებოდა, ან ნარკოტიკებს ეძალებოდა. დედის პრობლემების მიუხედავად, ლაიზა ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მისი ბედნიერი ბავშვობა სწორედ ჯუდის დამსახურება იყო.
დედის წყალობით ლაიზა სამი წლის ასაკში მოხვდა კინოში და მას ხშირად იწვევდნენ გადაღებებზე. 17 წლის ასაკში დედასთან ერთად გამოვიდა სცენაზე და ჯუდიმ ქალიშვილის მუსიკალური ნიჭიც კი აღნიშნა.
კარიერა
1961 წელს მინელი გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც კარიერა დაიწყო როგორც მუსიკალური თეატრის მსახიობმა, ასევე მუშაობდა ღამის კლუბში. მისი პროფესიული სასცენო დებიუტი შედგა ბროდვეის მიუზიკლში „Best Foot Forward“ 1963 წელს. 1965 წელს მიუზიკლ „Flora the Red Menace“-ში შესრულებული როლისთვის გადაეცა ტონის ჯილდო, რის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა ლაიზა მინელის, ჯონ კანდერსისა და ფრედ ებსის თანამშრომლობას. მათ დიდი როლი ითამაშეს მისი, როგორც სასცენო პერსონის ჩამოყალიბებაში.
მიღებული აქვს ერთი "ოსკარის", ორი "ოქროს გლობუსის", ერთი BAFTA-ს და ოთხი "ტონის" ჯილდო.
ქორწინება
1967 წლის 3 მარტს ლაიზა პირველად დაქორწინდა - მომღერალ პიტერ ალენზე. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ჯუდის წვეულებაზე და სწორედ მას ეკუთვნის ქორწინების იდეა, რადგან თვლიდა, რომ ქალიშვილის გათხოვების დრო იყო. ლაიზა წინააღმდეგი არ იყო... სანამ არ მიუვიდა ჭორი, რომ პიტერს დედამისთან ჰქონდა რომანი! ორივემ უარყო კავშირი, მაგრამ მინელი განადგურდა და განქორწინება მოითხოვა.
ამის შემდეგ ლაიზამ კიდევ სამჯერ იქორწინა, თუმცა იღბლიანი არც ერთი გამოდგა. ბოლო ქმარი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ლაიზა მასზე ფიზიკურად ძალადობდა.