ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი ქეთი ხიტირი დაიბადა თბილისში, 1982 წლის 20 მაისს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა. იმავე წელს მან ჩააბარა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 2002 წელს, ქეთი ხიტირმა მიიღო „საუკეთესო მსახიობი ქალის“ პრიზი მერი უორენის როლის შესრულებისთვის საკურსო სპექტაკლში „სეილემის პროცესი“ .
2005 წლიდან იგი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. იმავე წელს იგი დაჯილდოვდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზით „წლის საუკეთესო მსახიობი“ კატოს როლის შესრულებისთვის დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლ „პრემიერაში“ (ლალი როსებას პიესის მიხედვით).
რუსთაველის თეატრის მიმდინარე რეპერტუარში ქეთი ხიტირი რამდენიმე სპექტაკლშია დაკავებული. საგულისხმოა, რომ მის მიერ შესრულებული როლები მკვეთრად განსხვავებული ხასიათისაა.
"ბავშვობაში მსახიობობაზე არ მიოცნებია. ხელოვნების სკოლაში დავდიოდი, სადაც ერთ დღეს დადგეს "პეპი გრძელწინდა". შემთხვევით გამანაწილეს პეპის როლზე. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი და თეატრის ურთიერთობა.
მსახიობობა ძალიან საინტერესო და ღრმა პროფესიაა. ფიქრობენ, რომ მხოლოდ გასართობია - სინამდვილეში კი დისციპლინას მოითხოვს", - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.