თამუნა მუსერიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა კადრები, რომლებიც სამეგრელოშია გადაღებული. ის ბიოლოგიურ დას შეხვდა და მისი ოჯახის წევრები და ნათესავები გაიცნო.
თამუნა სოციალურ ქსელში დასთან ერთად გადაღებულ თბილ კადრებს გვიზიარებს.
თამუნა მუსერიძე ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე. სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც დაკარგული ახლობელი არაერთმა ადამიანმა იპოვა.
თამუნა მუსერიძე 1986 წელს დაიბადა. ტელევიზიაში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა კი 32 წლის ასაკში ეწვია, როცა დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია.
"იმდენად ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზღაპარში ვცხოვრობდი. 90-იანი წლების უშუქობა, უგაზობა და სიდუხჭირე საერთოდ არ მიგრძნია. მამაჩემი, შოთა მუსერიძე, ძალიან ხელგაშლილად ცხოვრობდა და მარტო თავის ოჯახს კი არა, ნათესავებსაც ხელს უმართავდა. დედა, მარინა კუხიანიძეც ყველაფერს აკეთებდა, რომ საფუძვლიანი განათლება მიმეღო. სკოლაში მაკითხავდა და თვითონ დავყავდი ინგლისურზე, რუსულზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე, ისტორიაზე. დედამ სამსახურს თავი დაანება და მთელი ცხოვრება შვილების განათლებას მიუძღვნა. მხოლოდ ერთხელ მიადგა ჩრდილი ამ ყველაფერს - როცა მითხრეს, რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ მაშინ არ დავიჯერე. რატომ? - ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე უმცროსი ძმა მყავს და მშობლებისგან წამითაც არ მიგრძნია, რომ მისგან მასხვავებდნენ. დედაჩემი მხოლოდ 33 წლის იყო, როცა შვილად ამიყვანეს, თან, მამაჩემს და მის დედას ძალიან ვგავდი. მოგვიანებით, გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ჩვენ შორის დამთხვევა ნული პროცენტი იყო, მაგრამ მაშინაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ისინი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ" - იხსენებდა თამუნა.
თავისი ბიოლოგიური მშობლების საპოვნელად ყველა გზას მიმართა და ამ ძიებაში იპოვა მტკიცებულებები იმისა, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში გაშვილების მასშტაბური შავი ბაზარი არსებობდა. მან "ფეისბუქზე" ჯგუფი "ვეძებ" შექმნა, რომელმაც უკანონო გაშვილების პრაქტიკაზე, კერძოდ, ჩვილების სამშობიაროდან წაყვანაზე, საჯარო დისკუსია გამოიწვია. მუსერიძის ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი, თუმცა თავის ოჯახს კვლავაც ეძებს.
"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2017 წელს "ფეისბუკზე" გავაკეთე გვერდი გაშვილებული ადამიანებისთვის. თავიდან ანონიმური იყო: ჩვენი ჯგუფის მიზანი გახლდათ ინფორმაციის გაზიარება გაშვილებულ ბავშვებს შორის. ერთმანეთს ამბებს და ემოციებს ვუზიარებდით. ძალიან ბევრმა მომწერა თავისი ცხოვრების შესახებ, არაერთი ადამიანი გამოგვეხმაურა და აღმოჩნდა, რომ ბევრი ბავშვი საეჭვო ვითარებაში იყო გაშვილებული. ეს ჩემს გადაცემებშიც ბევრჯერ მითქვამს: მშობიარობის შემდეგ დედას ეუბნებოდნენ, რომ გარდაცვლილი ბავშვი გააჩინა და მერე მოპარულ ჩვილებს აშვილებდნენ.