ქართველი მსახიობი ბერტა ხაფავა 1941 წლის 15 მაისს დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1960 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად. 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი. 1969 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დასში გადავიდა.
მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კატა (ე. შვარცის „წითელქუდა“), ქეთინო (ალ. თაბორიძის „დაკარგული დრო“), ბარბარე (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ილია (ვ. იაქაშვილის „ციხის ხევის საიდუმლო“), თხა (გ. ახვლედიანის „ბაბუა და შვილიშვილი“), კოწია (ა. ჭილაშვილის „აცა-ბაცა“), ტურა (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), რიტა ოსიანინა (ა. ვასილიევის „განთიადი კი აქ წყნარი იცის“), მერი პოპინსი (პ. ტრავერსი „მერი პოპინსი“) და სხვა. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „ნატვრის ხე“ (1976), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „სიყვარული ყველას უნდა“ (1980), „არაჩვეულებრივი რეისი“ (1982), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (1984), „ბებია ყველასათვის“ (1986), „ფესვები“ (1987), „ორფეოსის სიკვდილი“ (1996), „სიყვარული და კარტოფილი“ (2003), „დარჩი ჩემთან“ (2011), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) და სხვა.
"არასოდეს მომწონდა ჩემი გარეგნობა, ძალიან მაღალი ვიყავი, გამხდარი, არ მსიამოვნებდა. სკოლა რომ დავამთავრე, აბაშაში ვიყავი და ერთი ხუჭუჭთმიანი, ლამაზი ბიჭი მომწონდა. კინოში ვიყავით და სახლში რომ გამომაცილა, ვიდრე კიბეზე ავიდოდი, მაკოცა. ძალიან განვიცადე, როგორ მაკადრა-მეთქი. ეს ბიჭი არ ყოფილა ჩემი დიდი სიყვარული. პირველად 18 წლის ასაკში შემიყვარდა. ის კაცი ჩემზე ბევრად უფროსი იყო. ცალმხრივი სიყვარული იყო... ეს იყო თემურ ჩხეიძის მამა, კარგი მსახიობი ნოდარ ჩხეიძე. სადაც წავიდოდა, დავდევდი. არაფერს მეუბნებოდა, იცოდა, რომ მომწონდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
ერთხელ მაინც შეიმჩნია... დიდხანს გაგრძელდა ეს სიყვარული, წლების განმავლობაში ვიყავი ცალმხრივად შეყვარებული. მერე ნელ-ნელა გადამიარა. ნამდვილი ტანჯვა იყო. სიამოვნებდა ამ კაცს, რომ მე ვწვალობდი. ცოლი არ ჰყავდა მაშინ და წლების შემდეგ რომ დაოჯახდა, ძალიან განვიცადე, ღამეები ვტიროდი. ნოდარ ჩხეიძე არ უნდა შემყვარებოდა...
სულ მინდოდა, რომ შვილი გამეჩინა. არ გაჩნდა... ვიმკურნალე კიდეც, ყველაფერი, მაგრამ არ გამოვიდა. შემდეგ ჩემი და გათხოვდა, შვილი გააჩინა, მხოლოდ მის მუცელში იჯდა, მაგრამ ჩემი გაზრდილია. ოჯახის გარეშე რომ გამეჩინა შვილი, ნამდვილად არ შემრცხვებოდა, მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა...
ბოლო სიყვარული ჩემზე რვა წლით უმცროსი იყო. კარგა ხანია გარდაიცვალა. ამ დროს უკვე დაშორებულები ვიყავით, მაგრამ ძალიან განვიცადე. გული ჩამწყვიტა, ჩემი ცხოვრება წაიღო და წავიდა.
კაცმა, რომელიც შემდეგ შემიყვარდა, ძალიან მაწყენინა, მიღალატა და სხვა ქალთან წავიდა... ამის გამო დავწყევლე დედაჩემის დასაფლავებაზე, მის კუბოსთან. მალევე დაიღუპა" - იხსენებდა მსახიობი.