„თითქოს უცებ გაირბინეს წლებმა და ამ საღამოს ზურა შევარდნაძის თბილისურ სამოთხეში გავაცნობიერე, რომ სცენაზე თანხლებას უკვე 88 წლის ასაკში მყოფ ისტორიული მნიშვნელობის მომღერალს ვუწევდი…“, – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი აქვეყნებს.
„უკვე ძალიან იშვიათად გამოდის პუბლიკის წინაშე, ის იშვიათი გამოჩენაც აღარ უნდა, მიაჩნია, რომ არც ხმა და არც შემოქმედებითი ენერგია აღარ აქვს შესაბამის ფორმაში, მაგრამ აბა მოუსმინეთ… ძალიან მინდა რომ კიდევ არაერთხელ მომიწიოს მასთან ერთად იმ უმაგრესი სასიმღერო მუსიკის შესრულება, რომელიც სწორედაც მისთვის და მისი შთაგონებით ქმნიდნენ არჩილ კერესელიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, გიორგი ცაბაძე, ვაჟა აზარაშვილი, პეტრე გრუზინსკი, მორის ფოცხიშვილი და კიდევ არაერთი შესანიშნავი ავტორი… კიდევ დიდხანს გვყოლოდეს და მითურო ისეთ საქართველოში, როგორიც ზუსტად ერთნაირად გვინდა და წარმოგვიდგენია“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ნანი ბრეგვაძე
ნანი ბრეგვაძემ 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.
1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ორერას“ სოლისტია. 1980 წლიდან გამოდის სოლო-კონცერტებით.
ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი. იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ, ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „ორერა, სრული სვლით!“ (კამეო, რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1970), „სამკაული სატრფოსთვის“ (აიშა, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1971), „მე, პელეს ნათლია!“ (მაკა, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.), 1991), „სიყვარული აქცენტით“ (რეჟ. რეზო გიგინეიშვილი, 2012), „მხატვრის მუზები“ (რეჟ. შოთა კალანდაძე, 2014, მხატვრულ-დოკუმენტური) და სხვა.