მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებას, რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:
„23 წლის ვიყავი მარჯანიშვილის თეატრში რომ მოვხვდი… მაშინ ზურიკოს არ ვიცნობდი… მოვიდა და სახლში დამპატიჟა… გამიკვირდა, დავიბენი, მაგრამ ძალიან გამიხარდა… უკვე სტუმრად მისულს მითხრა, წესია ასეთი, მეც ასე დამხვდნენ თავის დროზეო…
მაგრად ვიძმაკაცეთ, გულამდე, სულამდე… ძალიან რომ მოვინდომო, ყოველ წუთს გავიხსენებ ამ ურთიერთობის, იმდენად კარგი იყო, იმდენად ლამაზი ეს ყველაფერი…
არასდროს მინახავს მსგავსი თავმდაბალი, კეთილშობილი და მორიდებული კაცი… არასდროს მინახავს მსგავსი მზრუნველი, ყურადღებიანი და კომფორტული მეგობარი…
ნიკოს ნათლიაა, ამ ფოტოზე კი კატოა… ალბათ ერთი თვის… ბევრს მოვუყვები ჩემს შვილებს მის შესახებ…
ეს ცხრა თვე, რაც გათიშული იყო, მასთან ერთად დრო გაჩერდა გულის იმ ადგილას სადაც მყავდა და სადაც მიყვარდა, ამიტომაც როდესაც მარტო ვრჩებოდი, ბევრს ველაპარაკებოდი ჩემს ბერიკას ჩემში და იცით რას მივხვდი?
ორგანიზმს რომელსაც სიცოცხლის ნიშნები აღარ ჰქონდა, მხოლოდ გული მუშაობდა… უხ! მაგ გულში ვენაცვალე!
წლების წინ სპექტაკლი გავაკეთეთ მარჯანიშვილში, მთავარ როლში იყო… სპექტაკლს ერქვა „შევხვდებით სამოთხეში“
არ ვიცი რამდენად მოვხვდები სამოთხეში, მაგრამ თუ მოვხვდი… იქ რომ გნახავ, ზუსტად ვიცი!“, – წერს სანდრო ელოშვილი.
ზურა ბერიკაშვილი ლეგენდარული ქართველი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის ვაჟი იყო.
"მე-10 კლასში ვიყავი, როცა დარწმუნებით განვაცხადე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი და მსახიობი გავხდებოდი. მართალია, ბავშვობაშიც ბევრჯერ მქონდა დადგმებში მონაწილეობის შანსი, მაგრამ მაშინ ნაკლებად ვინტერესდებოდი თეატრით. ხშირად ვესწრებოდი მამას რეპეტიციებს, კულისებიდან ვუყურებდი სპექტაკლებს. კარგად მახსოვს, როცა ბატონმა გურამ ლორთქიფანიძემ რუსთავში გახსნა ახალი თეატრი და სწორედ იქ გადავიდა მარჯანიშვილის დასის დიდი ნაწილი. უნიჭიერესი მსახიობების დადგმები ვნახე, ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა მაინც უზარმაზარი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ჩანს, საბოლოოდ სწორედ მათ განსაზღვრეს ჩემი მომავალი.
მამას საუკეთესო მეგობარი ბატონი კახი კავსაძე იყო. მთელი 30 წელი მეგობრობდნენ, სულ ერთად იყვნენ, თეატრშიც და ცხოვრებაშიც, ერთად წამოიწყეს ბიზნესიც, როცა პურის უზარმაზარი ყანები აიღეს იჯარით, თუმცა 1990-იან წლებში ყველაფერი რთული იყო და მათაც ძალიან გაუჭირდათ, რადგან სწორედ მაშინ დაიხურა ყველა პურის ქარხანა, არადა, ორივეს სახლის სანაცვლოდ ჰქონდა კრედიტი აღებული. უამრავ ნაცნობს მიმართეს დახმარებისთვის, ერთ დილას კი, როცა რომელიღაც სამინისტროსთან იდგნენ ნაცნობის მოლოდინში, ავტოინსპექტორი მიადგა, ვერ იცნო, საბუთები მოსთხოვა და არცერთს რომ არ აღმოაჩნდა, მანქანის გასაღები წაართვა. იქვე იყო მისი უფროსიც, რომელიც ინციდენტს შეესწრო, თვითონაც ძალიან შერცხვა და ინსპექტორიც შეარცხვინა, მერე კი ორივე საქეიფოდ დაპატიჟა.
ხშირად ვამბობთ მეც და ჩემი დაც, რომ სულ თან გვდევს მამის აჩრდილი და ყოველთვის გვეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ არა მხოლოდ ძველ თაობას ახსოვს და უყვარს მამა, არამედ ახალგაზრდებიც იცნობენ.
მანანა 11 წლითაა ჩემზე უფროსი და პრაქტიკულად, მისი გაზრდილი ვარ. 4-5 წლის ვიყავი, ძალიან ცუდად მოვიქეცი, ნაცნობს ენა მივუტანე და ძალიან გამიბრაზდა. დღემდე მწარედ მახსოვს, როგორ გამტყიპა", - იხსენებდა ზურა ბერიკაშვილი.