თამუნა მუსერიძე მორიგ „ინსტაგრამსთორიში" გვიზიარებს, თუ რატომ არ ჰყვება ინტერვიუში ვრცლად საკუთარი ბიოლოგიური მშობლების პოვნის ამბავს:
„რაც შეეხება ინტერვიუს, მესმის, რომ ძალიან ბევრია დაინტერესებული. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთ კომპანიასთან გავაფორმე ხელშეკრულება, ამ ეტაპზე ინტერვიუს ვერ ვიძლევი და ვერ ვყვები ისტორიას დეტალურად. ვისთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, ამაზე უკვე ვისაუბრე, მაგრამ ვიღაცებს არ სჯერათ. 22 სექტემბერს გამოვა პირველი სერია. კომპანიის სახელი რომ ვთქვი, აგრესია წამოვიდა, ამიტომ, როცა დაიდება დოკუმენტური ფილმი, პირდაპირ გავაზიარებ…“
ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია მის დედასთან დაკავშირებით:
„რაც შეეხება ფოტოების ფრიალს, გავრცელდა ჩემი მეგობრის, ლიკა როგავას ფოტო, სადაც დააწერეს, რომ ის დედაჩემია. ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩემი მეგობარი ისრაელიდან ჩამოსვლის დროს სამი წლის წინ არის გადაღებული და წერენ, რომ ის ჩემი დეიდაშვილია. კიდევ ერთი ქალბატონის ფოტო გავრცელდა და წერია, რომ ის დედაჩემია. ყველას მინდა გთხოვოთ, უცხო ადამიანის ფოტოები არ დადოთ. კარგი, ლიკა დედაჩემი ვერ იქნება, რადგან ასაკით ჩემზე პატარაა, მაგრამ ის მეორე ქალბატონი, ვისი ფოტოც გავრცელდა, შეიძლება შემთხვევით წააწყდეს თავის ფოტოს და დიდი პრობლემები შეექმნას, გთხოვთ, თქვენი ვარაუდით ნურაფერს დაწერთ!..“
თამუნა მუსერიძე ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე. სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც დაკარგული ახლობელი არაერთმა ადამიანმა იპოვა.
1986 წელს დაიბადა. ტელევიზიაში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა კი 32 წლის ასაკში ეწვია, როცა დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია.
"იმდენად ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზღაპარში ვცხოვრობდი. 90-იანი წლების უშუქობა, უგაზობა და სიდუხჭირე საერთოდ არ მიგრძნია. მამაჩემი, შოთა მუსერიძე, ძალიან ხელგაშლილად ცხოვრობდა და მარტო თავის ოჯახს კი არა, ნათესავებსაც ხელს უმართავდა. დედა, მარინა კუხიანიძეც ყველაფერს აკეთებდა, რომ საფუძვლიანი განათლება მიმეღო. სკოლაში მაკითხავდა და თვითონ დავყავდი ინგლისურზე, რუსულზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე, ისტორიაზე. დედამ სამსახურს თავი დაანება და მთელი ცხოვრება შვილების განათლებას მიუძღვნა. მხოლოდ ერთხელ მიადგა ჩრდილი ამ ყველაფერს - როცა მითხრეს, რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ მაშინ არ დავიჯერე. რატომ? - ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე უმცროსი ძმა მყავს და მშობლებისგან წამითაც არ მიგრძნია, რომ მისგან მასხვავებდნენ. დედაჩემი მხოლოდ 33 წლის იყო, როცა შვილად ამიყვანეს, თან, მამაჩემს და მის დედას ძალიან ვგავდი. მოგვიანებით, გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ჩვენ შორის დამთხვევა ნული პროცენტი იყო, მაგრამ მაშინაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ისინი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ" - იხსენებდა თამუნა.