ანი გიუნტერი"რუსთავი 2"-ის დილის ეთერში წლებია, მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება. ანის პირველი მეუღლე კახა არაბიძე იყო. წყვილს ორი შვილი, მაშიკო და ლაზარე ჰყავს. გიუნტერი ქმართან დაშორების შემდეგ დიდხანს იყო დეპრესიაში.
"ძალიან უცებ, მოკლე პერიოდში გავთხოვდი. ახლა კი სულ ვამბობ: რა ადვილი ყოფილა უცებ გათხოვება და როგორ იწელება – გაშორება. რამდენი რამ სდომებია გაშორებას. გაცნობიდან დაახლოებით ერთ თვეში გავთხოვდი. ესეც სპონტანური ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, ყოველთვის ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს და კიდევ ერთი ჩვევა მახასიათებს: არ ვსაუბრობ წარსულ დროში არც ურთიერთობებზე და არც ნდობაზე. მიმაჩნია, რომ სიყვარულს წარსული არ გააჩნია. ადამიანებზე ან კარგს ვამბობ, ან ჩუმად ვარ. ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვახსენებ წარსულს, მომავალზე ჯერ ადრეა საუბარი და აწმყოზე კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით სასაუბრო არაფერი მაქვს.
ჩემი პირადი ბოლომდე პირადად დარჩება. სულ რომ რვა შვილი მყავდეს და კოსმოსში გადავიხადო ქორწილი, როცა მკითხავენ, მაინც არაფერს ვიტყვი. ჩვენ ჩაგვიბეჭდეს, რომ გათხოვება აუცილებელია. მიხარია, რომ აღარ მეკითხებიან, ვაპირებ თუ არა ოჯახის შექმნას, რადგან მე უკვე მყავს გადასარევი ოჯახი ორი გადასარევი შვილით და ვიღაც თუ დააპირებს ამ ოჯახში შემოსვლას, ჩვენ დავფიქრდებით… მაშინ, როცა ოჯახი მყავდა, თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა. განქორწინებაც არ ყოფილა ტრაგედია, რომელმაც დაღი დამასვა. ზუსტად ამიტომ ვარ დღეს ასეთი ლაღი. არ ვარ სტერეოტიპების ტყვეობასა და რაღაცის მოლოდინში… შეიძლება ადამიანთან არაოფიციალურად 15 წელი გაატარო და იყო უბედნიერესი, ორწლიანმა ოფიციალურმა ურთიერთობამ კი ბედნიერება ვერ მოგიტანოს…" - ამბობდა ანი.
ანი ახლა 41 წლისაა, წარმატებული კარიერისა და ბედნიერი ცხოვრების შესაქმნელად კი გრძელი გზა გაიარა. პირველი ჰონორარი 8 წლის ასაკში აიღო: რკინიგზელთა სახლში კონცერტი ჩატარდა, სადაც გიტარისტთან ერთად, ვიოლინოზე უკრავდა. კონცერტის დასრულების შემდეგ, მეგობრებმა სიმბოლურად, 2 დოლარი აჩუქეს, რომლითაც თმის სამაგრი შეიძინა. მაშინ რთული პერიოდი იყო, ხალხს ფული არ ჰქონდა და თეატრში, კინოში თუ კონცერტზე წასვლა ფუფუნების ტოლფასი გახლდათ. პირველი კურსიდან ანი დამოუკიდებელი ადამიანი გახდა. იმავე პერიოდში ვატო მაჭავარიანის ორკესტრში მიიწვიეს და იქ უკრავდა. პარალელურად, გერმანელ მოსწავლეებს ქართულს ასწავლიდა.
"ბებიაც სამაგალითო იყო ჩემთვის და მამაც. ჩვენს ოჯახში არანორმატიულ ლექსიკას ვერ გაიგონებდით. ათი წლის მეზობელი ბიჭი გვყავდა, რომელმაც არცთუ ისე კარგი სიტყვა გამოიყენა ჩვენს სახლში და ეს მამაჩემისთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ ის ბავშვი ჩვენთან აღარ შემოდიოდა. სერიალ „მუსკულებშიც“ კი სერია დაწერეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე შემეგინებინა. ოც წლამდე ეს სიტყვა არ ამოსულა ჩემი პირიდან. ჩემი ოჯახი ყოველთვის მოსიყვარულე ადამიანების ერთიანობის მაგალითი იყო. სხვათა შორის, მამა დედაზე შვიდი წლით უმცროსი იყო. იმ დროისთვის ეს იგივე იყო, ახლა რომ ოცი წლით ახალგაზრდა მეგობარი გყავდეს. მეც ასეთი ვარ, სულ ახალგაზრდა მეგობრები მყავს. ამ ენერგეტიკას მეგობრებისგან ვიღებ. ახალი სიცოცხლე და ენერგია მასაზრდოებს და მაბედნიერებს.
ბებიას გავიხსენებ, მას არასდროს უთქვამს სხვაზე ცუდი სიტყვა და არავინ გაუჭორავს. საქმეს რომ აკეთებდა, სულ გალობდა და ღიღინებდა. ცუდი აზრი რომ მოგივა გონებაში, მისი ასე, უბრალოდ დავიწყება არ გამოდის, მაგრამ შენი აზრები თავიდან უნდა გადაწერო, ეს ნამდვილად შესაძლებელია. როცა გეუბნებიან, ცუდზე არ იფიქროო, არასწორია, სწორია – ცუდი ფიქრები კარგი აზრებით ჩაანაცვლო. თუ ფიქრობ, რომ სამსახურში არ გაფასებენ, მაშინვე იწყებ ფიქრს, რომ პირიქით, ძალიანაც გაფასებენ, რომ შენ ნამდვილად გამორჩეული ხარ. როგორც კი ეჭვი გაგიჩნდება, მაშინვე უნდა დაიწყო ამ ინფორმაციის საპირისპიროთი ჩანაცვლება. ბებიას მაგალითიც იმიტომ მოვიყვანე, რომ მას ცუდზე ფიქრისა და ლაპარაკის დრო არ ჰქონდა, მას გალობითა და სიმღერით ანაცვლებდა. რაც უნდა მომხდარიყო, ცუდს ვერ ათქმევინებდი. ერთხელ ჩემი თაყვანისმცემელი ამოძვრა ჩვენს აივანზე რომეოსავით. მაშინ 19 წლის ვიყავი. ჩემი მეზობელი, ჩემი საუკეთესო მეგობარი, როგორც ყოველთვის, იმ დროსაც მეჭორავებოდა. ამ დროს ამოვიდა ბებიაჩემი და ვზივართ ჩვენ ჩახუტებულები. უი, ნინო, შენ ხარო, ეუბნება ბებია ჩემს მეგობარს, თითქოს იქ სხვა არავინ იყო. მართლა არ უნდოდა იმ ბიჭის დანახვა და არც ის ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში და არც საკუთარი თავი " - იხსენებდა ანი გიუნტერი.
ამჯერად ანი გიუნტერი ახალ ფოტოებს აქვეყნებს. ტელეწამყვანის მბზინავი კაბა დიდ მოწონებას იმსახურებს: