ქართველი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც ცნობილია, ის დიდ დიღომში, საკუთარ სახლში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც კესარია აბრამიძემ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა. ის ფოტოზე მამაკაცთან ერთადაა, თუმცა მისი ვინაობის შესახებ მანამდე არ უსაუბრია.
გარდაცვლილი კესარია აბრამიძის მეგობრები ამბობენ, რომ ის სახლში, სადაც მოკლული იპოვეს, მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დროს მათ ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდათ და ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს.
კესარია აბრამიძე
ქართველი ტრანსგენდერი ქალი, მსახიობი და მოდელი. იგი პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალი იყო. ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა გადაცემაში. პირველად გადაიღეს სერიალში „ფსიქოპატთა თამაშები“. 2018 წელს კესარია აბრამიძემ "მის ტრანს მსოფლიოს" სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საქართველო წარადგინა.