ქართველი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც ცნობილია, ის დიდ დიღომში, საკუთარ სახლში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კესარია აბრამიძის მკვლელობა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც კესარია აბრამიძემ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა. ის ფოტოზე მამაკაცთან ერთადაა, თუმცა მისი ვინაობის შესახებ მანამდე არ უსაუბრია.
გარდაცვლილი კესარია აბრამიძის მეგობრები ამბობენ, რომ ის სახლში, სადაც მოკლული იპოვეს, მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დროს მათ ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდათ და ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს.
ეს სამწუხარო ინფორმაცია ყველასთვის მოულოდნელი იყო - კესარია აბრამიძეს არაერთი ცნობილი ქართველი ემშვიდობება:
"ყველაზე ლამაზი, ჩემი კესო" - წერს ლელა წურწუმია და ფოტოს აქვეყნებს:
თამუნა მუსერიძე
„ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით… კესო ინსპირაცია იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ბედავდნენ საჯაროდ თავიანთი იდენტობის გამოთქმას. პირველი იყო, რომელმაც ამ თემაზე საჯაროდ დაიწყო საუბარი. ძალიან ბევრი იწვალა, იშრომა. პირველი ქართველი იყო, რომელიც წარდგა კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი”.
ჩემთვის უდიდესი დანაკლისია, ის ბევრი ადამიანისთვის მაგალითი იყო“, – აღნიშნა თამუნა მუსერიძემ.
სალომე ზურაბიშვილი
„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენს საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს… ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
თათია შარანგია
„არ მჯერა!!! ოდნავაც არ მჯერა! ძალიან კეთილი იყავი! გიყვარდა ჩვენი ოჯახი და მე სულ მინდოდა საუკეთესოდ ყოფილიყავი. მადლობა მეგობრობისთვის“, – წერს თათია შარანგია.
შორენა ბეგაშვილი
„როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ, ცუდს მეუბნებოდნენ… მშვიდობით კესო“, – წერს შორენა.
გიორგი კეკელიძე
„ძალიან ვწუხვარ კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. იმ ხალხის გამოც არანაკლებ ვწუხვარ, ვინც, ზუსტად ვიცი, ახლა იქედნური ქირქილით ჯოჯოხეთში მიუჩენს ადგილს“, – წერს გიორგი კეკელიძე.