18 სექტემბრის ღამით დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ჩადენილი სასტიკი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ელვისებურად გავრცელდა. მოკლული ყველასთვის კარგად ნაცნობი კესარია აბრამიძე აღმოჩნდა. 37 წლის ტრანსგენდერ ქალს ყოფილმა პარტნიორმა, 1998 წელს დაბადებულმა ბექა ჯაიანმა სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში დანით მიაყენა. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ მიდის ის კესარია აბრამიძის ბინაში და 14 წუთში ბინიდან გამორბის. ამ ფაქტს აბრამიძის მეზობლებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ დაინახეს, როგორც დატოვა ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო. ეჭვმიტანილი ბექა ჯაიანი კი უკვე დააკავა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯაიანი სენაკში ცხოვრობს და თბილისში ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომელია.
კესარია აბრამიძე 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. ის პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია. იყო ცნობილი სახე, მოდელი, მსახიობი, ინფლუენსერი, ხშირად იწვევდნენ პოპულარულ შოუებში. 2018 წელს კესარია აბრამიძემ "მის ტრანს მსოფლიოს" სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საქართველო წარადგინა. კესარიას საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის გაყინვა ჩაუტარდა, რისი საშუალებითაც შეეძლო ბიოლოგიური შვილის ყოლა.
"ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ დღეს. ვგრძნობ შინაგანად, რომ შევდექი. მე ბავშვობაში ყოველთვის ვხედავდი ჩემს თავს ასეთად და არამხოლოდ ვხედავდი, ვხატავდი კიდეც", - ამბობდა კესარია აბრამიძე.
"14 წლის ვიყავი, როცა დედამ პირველად მიმიყვანა ექიმთან. მაშინ ექიმებმაც ბევრი არაფერი იცოდნენ. მე ვიყავი ის, ვინც გზა გაკვალა ამ მიმართულებით და მაშინ ყველა სილა მე მომხვდა. 13 წლის ვიყავი, როცა დედას გამოვუცხადე, რომ დამოუკიდებლად მინდოდა ცხოვრება. დედა მაშინ შოკში იყო, მეუბნებოდა, სად უნდა წახვიდე, სად უნდა იცხოვროო. 15 წლის ვიყავი, როცა სახლიდან წავედი და დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება. ყველა გაგიჟდა, ჩემი ნათესავებიც, ნაცნობებიც, თუმცა დღეს ძალიან აფასებენ ჩემს ყველა ნაბიჯს და ტაშს მიკრავენ, იმიტომ, რომ ყველა დაბრკოლება გავიარე", - იხსენებდა ის.
კესარია ბავშვობის შესახებ იშვიათად საუბრობდა, თუმცა წლების წინ გადაღებულ ფოტოებს მეგობრებსა და გამომწერებს ხშირად უზიარებდა. ფოტომ წარწერით - "მე აწყობამდე" ყველა სოციალური ქსელი მოიარა და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო.
კესარია აბრამიძეს ჰყავს დედა, ალისა, რომელიც ეროვნებით უკრაინელია. როგორც არაერთ ინტერვიუში ამბობდა, დედა მისთვის ყოველთვის პირველი მეგობარი იყო: "დედა ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, პირველად ექიმთან სწორედ დედამ 14 წლის ასაკში მიმიყვანა. გავიარე ფსიქოლოგიური დაკვირვება. 14 წლის უკვე ძალიან ლამაზი გოგო ვიყავი, მეტიც, 13 წლის ასაკში ერთ-ერთი ქორწილიდან მომიტაცეს, რაზეც ჩემი მშობლები გაგიჟდნენ.
დედაზე კარგი მეგობარი მე არ მყავს. რაღაც ასაკში მეუბნებოდა, რომ რაღაცები ისე არ გამეკეთებინა, როგორც ვაკეთებდი, მაგრამ ბევრი წლის წინ, ერთ მშვენიერ დღეს მითხრა, რომ იცი რა?! იცხოვრე ისე, როგორც გინდა, იმიტომ, რომ მეც მინდოდა ეს ყველაფერი ბავშვობაში და ჩემს თავს ვხედავ შენშიო.
სქესის ცვლილების გადაწყვეტილება როცა მივიღე, დედას მხოლოდ სამედიცინო კუთხით ეშინოდა, რომ ჩემს ჯანმრთელობას არ შეჰქმნოდა საფრთხე, სხვა მხრივ, ჩემ გვერდით იყვნენ დედაც და მამაც. ოპერაციის დღე მამისთვის არ მითქვამს, მერე გაიგო და ყოველ დღე კამერით მირეკავდა, მაგრამ ვერ მელაპარაკებოდა, მახსოვს მისი ცრემლიანი თვალები. ყოველთვის ვგრძნობდი დიდ მხარდაჭერას ჩემი მშობლებისგან. მამა, სამწუხაროდ, უკვე გარდაიცვალა. დედას ძალიან მამსგავსებენ ყველაფრით, გარეგნობით, მიმიკებით, ქცევით... მიუხედავად ამისა, საჯაროდ გამოჩენა არ სურს და ამბობს, რომ თუ პოპულარობა ენდომებოდა, ამას თავისით მოახერხებდა. ხან ვის მამსგავსებენ, ხან - ვის, მაგრამ ჩემთვის იდეალი ყოველთვის დედა იყო, სულ მინდოდა, დედაჩემისნაირი ვყოფილიყავი", - ამბობდა კესარია აბრამიძე.
კესარია აბრამიძე და მისი დედა ერთსა და იმავე ასაკში
კესარია აბრამიძის უმცროსი და 29 წლის ანა აბრამიძეა. როგორც კესარია ამბობდა, ანას თავიდან ცოტა უჭირდა მის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების აღქმა, თუმცა ისინი ძალიან ახლო მეგობრები და ერთმანეთის მესაიდუმლეები იყვნენ. ანა სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა და LGBT პირების დაცვის საკითხებზე მუშაობას გეგმავდა.
"თავიდან რთული იყო ამასთან შეგუება და ეს ბუნებრივიცაა. ახლა სხვა დროა, ბევრი რამ შეიცვალა და მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს დას და მამას შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ქართული საზოგადოება სიმკაცრეს იჩენს LGBTადამიანების მიმართ, თუმცა, ბოლო წლებთან შედარებით, სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდა. როცა პატარა ვიყავი, კესოზე გაგონილ, დაწერილ ჭორებს ძალიან განვიცდიდი. ახლა გავიზარდე და ბევრმა მაგალითმა მიჩვენა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ბრბო წარმოადგენს, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია", - ამბობდა კესარიას და, ანა, წლების წინ.
"ყოფილა ხელით შეხების მცდელობა მამაკაცისგან, თუმცა მე მომისწრია დარტყმა. ასე რომ, ძალადობის მსხვერპლი არ ვყოფილვარ", - ამას კესარია აბრამიძე 2018 წელს მაია ასათიანთან ინტერვიუში ამბობდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მოცემულობა მის ცხოვრებაში შეიცვალა და რამდენიმე წლის შემდეგ მან საჯაროდ ისაუბრა პარტნიორის მხრიდან ძალადობის ფაქტზე.
კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის უკან ახალგაზრდა მამაკაცი, ბექა ჯაიანი დგას. ჯაიანთან კესარიას ორწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს ტოქსიკური ურთიერთობა იყო. გარდაცვლილმა აპრილში ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ძალადობის შესახებ საუბრობდა:
"თითქმის 2 წლის მანძილზე ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში. ხშირად მეკითხებიან, რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან. მიზეზი სწორედ ეს იყო. გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციისა და ძალადობის ქვეშ. მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით, რომ თავი დამეღწია შექმნილი რთული სიტუაციისთვის, აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე. არა ძალადობას!
აქვე, მადლობა ჩემს კარის მეზობელს, რომელმაც გადამარჩინა, როცა ბოლოს სახლში მომივარდა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში, რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში.
ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლებს ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან! არა ქალთა კვლას, რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები, ჩემთანაც მოხდა ეს“, - წერდა აბრამიძე.
ძალადობის, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ კესარია აბრამიძის მეზობლებიც საუბრობენ. ისინი შესწრებიან ყვირილისა და კამათის მომენტებს, უნახავთ კესარია სხეულზე სილურჯეებით. თავად კესარია მეზობლებს ეუბნებოდა, რომ ჯაიანი მას მოკვლით ემუქრებოდა, თუმცა ამბობდა იმასაც, რომ ამას არ გააკეთებდა, რადგან უყვარდა.
მიუხედავად ამ ფაქტებისა, კესარია აბრამიძე პარტნიორის ვინაობის შესახებ ხმამაღლა არასდროს საუბრობდა. როგორც ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, ბექა ჯაიანი ყოველთვის ცდილობდა, ისეთ ადგილას წასულიყვნენ, სადაც ნაკლები ხალხი იყო. არ სურდა საჯაროდ გამოჩენა და ყოველთვის უარს ამბობდა საყვარელ ქალთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებაზეც. მეზობელი ამბობს, რომ მკვლელობის დღეს ჯაიანმა აბრამიძეს უთხრა, რომ მისთვის ხელის თხოვნას აპირებდა და ფოტოს გამოქვეყნების უფლებასაც აძლევდა, თუმცა კესარიას სახლში მისვლიდან რამდენიმე წუთში მან საზარელი მკვლელობა ჩაიდინა და ადგილიდან მიიმალა.