როცა ყველანი დანაყრდნენ, ლია და დოდო წავიდნენ და კვლავ ჩვენ დავრჩით _ მხოლოდ ოჯახი. რამხელა ბედნიერება იყო. მე და ტიდამ მაგიდა უცებ ავალაგეთ, ჭურჭელი ნიჟარაში ჩავყარეთ, მაგრამ არ გაგვირეცხავს, ჯერ უნდა გველაპარაკა.
ყავა მოვადუღეთ და ისევ მაგიდას მივუსხედით.
_ ის ბიჭები რატომ არ წამოიყვანეთ? _ მამუკა და გოგი ვიგულისხმე.
_ არ გამოდიოდა, _ თქვა ზურიკომ.
_ დედა, ჟურნალისტი ქალი ხარ. სად გაგიგია შენ, გამომძიებელს პატიმართან ერთად ექეიფოს? _ მისაყვედურა ირაკლიმ.
წარბები შევყარე.
_ ჯერ ერთი, პატიმარი სულაც არ ხარ. მეორეც, ის ადამიანები გვერდით გიდგანან და შენი გამართლებისთვის ყველაფერს აკეთებენ.
_ ხო, აკეთებენ, მაგრამ შეუმჩნევლად. წარმოგიდგენია, ვინმემ რომ გაიგოს ამის შესახებ, რას უზამენ? ორივეს დაატოვებინებენ თანამდებობას!
_ კარგი, ჰო, შევცდი, ბატონო, და მაპატიეთ, მეტჯერ აღარ ვიტყვი. _ ხელები ავწიე დანებების ნიშნად.
_ ახლა იმაზე ვიფიქროთ, ხვალ რას ვაკეთებთ. _ დაიწყო ზურიკომ.
_ რასაც შენ იტყვი, ის ვქნათ. მომეცი დავალება და დილიდანვე გავვარდები, _ თავი გამოიდო ტიდამ.
_ სად გავარდები, გოგო, გასავარდნი რა გჭირს? _ გაეცინა ირაკლის.
ჩემი შვილი იცინოდა! თავი სიზმარში მეგონა! ვერ ვიჯერებდი, რომ ის ისევ სახლში მყავდა, აქ, ჩემ გვერდით!
_ მოიცა, ტიდა. ეგრე არაფერი გამოვა. ხვალ დილით მე და მამუკა მივდივართ სადმირას ბინაში. კიდევ ერთხელ დეტალურად დავათვალიერებთ იქაურობას. არაა გამორიცხული, რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, იმ დღეს პოლიციას დიდად არ შეუწუხებია თავი ნივთმტკიცებების მოსაძიებლად.
_ მაგრამ მე? შანსი არაა, სამსახურში ვერ გავალ, ტყუილად ვერაფერს ვერ გავაკეთებ! _ გააპროტესტა ტიდამ.
_ ვინ გითხრა მერე, სამსახურში წადიო? _ შეეპასუხა ზურიკო, _ შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ, დაგსვამთ გოგის კაბინეტში და კამერების ჩანაწერებს შეისწავლი.
_ და მე? _ კუმ ფეხი გამოყოო, ისე გამომივიდა. ენთუზიაზმით ვიყავი სავსე და მგონი, ჩემს განზე გაწევას აპირებდნენ ეს მაიმუნები!
_ შენ ჩვენ გვერდით უნდა იყო, ნატა. ჟურნალისტური გამოცდილება ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. ყველაფერი უნდა ჩაიწერო, რასაც იქ ვნახავთ და ვილაპარაკებთ. დიქტოფონი ხომ გაქვს?
_ რად მინდა დიქტოფონი? ისეთი მობილური მაქვს, თუ გინდათ ექვსაათიან ფილმს გადავიღებ, _ წავიტრაბახე.
_ ხოდა, მაგას რა სჯობია? _ მომიწონა ზურიკომ, _ შენ კი, ირაკლუნა, ახლა დაფიქრდი და კიდევ ერთხელ მოგვიყევი, რა როგორ იყო. ყველა წვრილმანი გაიხსენე, ყოველი წამი, ყოველი წუთი, გესმის? აღიდგინე ყველაფერი, რაც ბინაში შესვლის შემდეგ მოხდა. მე მკვლელობის იარაღი მაფიქრებს. რა ჩაარტყეს თავში ამისთანა და მერე სად გადამალეს.
_ მაგას სახლში ვინ გააჩერებდა, შვილო. ადგებოდა ის ვიღაცა და სადმე ნაგვის ბუნკერში გადააგდებდა ან, სულაც, მტკვარში.
_ არც ეგაა გამორიცხული, მაგრამ ისე როგორ გავიდა კორპუსიდან, რომ ვერავინ დაინახა?
_ იქნებ არც გასულა და იქ იყო ჩასაფრებული და შეგნებულად ელოდა ჩემი ძმის გამოჩენას? _ ტიდამ ვარაუდი გამოთქვა.
ამ ხნის განმავლობაში ირაკლის კრინტი არ დაუძრავს, ხან ერთს მოგვაშტერდებოდა უცნაური მზერით, ხან მეორეს.
_ ზურია, _ ამოთქვა მოულოდნელად, _ რა შეიძლება მკვლელობის იარაღი იყოს?
_ აბა, რა გითხრა, ირაკლუნა, რაღაც ბლაგვი საგანი: აგური, პატარა სტატუია (ეს რუსულად გამოუვიდა), უთო ან რაღაც ამდაგვარი. ავტომატით არავინ შეუვარდებოდა და კონდახით არ გაუტეხდა თავს.
_ მოიცა, ვაზა? შეიძლება ვაზა იყოს?
_ რა ვაზა? _ ლამის ერთდროულად ვიკითხეთ სამივემ.
_ აი, ყვავილების ვაზა, მძიმე, ლატუნის, ინდური. დე, გახსოვს, შენ რომ მიმოზას აჩუქე დაბადების დღეზე? აი, მაგნაირი.
_ და სად იყო ეს ვაზა? _ დაინტერესდა ზურიკო.
_ ახლა გამახსენდა, რომ შევედი საძინებელში, იქვე ეგდო, იატაკზე. სადმირას თავს რომ დავტრიალებდი, სულ ფეხებში მედებოდა. ავდექი და კუთხეში დავდე, ტუმბას გვერდით. მერე არც გამხსენებია. ახლა ამომიტივტივდა გონებაში.
_ უეჭველი ეგ იქნება! _ წამოხტა ზურიკო, _ და არც არავინ მიაქცია, ალბათ, ყურადღება! აუ, საღოლ, მაგარი ირაკლუნა ხარ! ხვალ ზუსტად მაგით დავიწყოთ! მიდი, ახლა, მოგვიყევი თავიდან და ნატაც მოგისმენს.
ირაკლიმ თითები ერთმანეთში ჩახლართა, თავი ჩაღუნა და მოყოლა დაიწყო. პირველსავე სიტყვაზე გაებზარა ხმა. გული მომიკვდა.
_ კარი ოდნავ იყო შეღებული, რომ მივედი. ვიფიქრე, ჩემ გამო დატოვა-მეთქი და ეგრევე შევედი.
_ სახელურს მოჰკიდე ხელი, ხომ? _ ჩაეკითხა ზურიკო.
_ ხო, აბა რა! რომ შევედი, ძალიან კარგად მახსოვს, რომ კარი მივხურე. საკლიტულის ენა ჩატკაცუნდა. მერე სადმირას დავუძახე. არ მიპასუხა. არც სამზარეულოში იყო, არც სასტუმრო ოთახში. სააბაზანოდან ხმა არ ისმოდა, ამიტომ საძინებელში შევედი, სადაც… _ აღარ გააგრძელა, არადა, უნდოდა ეთქვა, სადაც ჩვენ ვიძინებდითო.
_ კარგი, ეგ ყველაფერი გასაგებია. ის ლაშა რამდენ ხანში მოვიდა?
_ მაშინვე, სადღაც ხუთი-ექვსი წუთი იქნებოდა გასული. სადმი რომ ვნახე, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ეგრევე 112-ში დავრეკე და სასწრაფო გამოვიძახე.
_ პოლიცია?
_ არა, არც მიფიქრია. მინდოდა სასწრაფოს მოსვლას დავლოდებოდი. იქნებ სასწაული მომხდარიყო და ელექტროსტიმულატორით აემუშავებინათ გული. არ ვიცი, რაღაც იმედი მაინც მქონდა. ჯერ კიდევ თბილი იყო. _ ამის თქმაზე ირაკლის ოფლმა დაასხა და ყველამ დავინახეთ, როგორ აუკანკალდა ხელები. მოულოდნელად სახე დაეღრიჯა, ხელისგულები ამოატრიალა და დაჟინებით დააცქერდა.
_ ტიდა, წყალი, ჩქარა! _ იყვირა ზურიკომ.
სანამ ტიდა წყალს მოიტანდა, მე შვილს მივვარდი…
***
როგორც იქნა, მოვაბრუნეთ. ირაკლის გაქანებული ნევროზი ჰქონდა. არც გამკვირვებია. ამხელა სტრესის გადატანა ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდებოდა, როგორი რკინის ნერვებიც არ უნდა ჰქონოდა. ჩემი დამემართა, სანამ შეტევა გაუვლიდა, თუმცა მალევე მოახერხა თავის ხელში აყვანა. ფერიც დაუბრუნდა და ბოლოს გაიღიმა კიდევაც. მერე მე გავხდი მოსაბრუნებელი. ამაზე ჩემი შვილი ძალიან გაბრაზდა, მგონია, ყველაზე მაგარი დედა მყავს და რა გემართება, განა ისევ პატარა ბიჭი ვარო.
ირაკლის ექიმობის გამოისობით ყველანაირი წამალი მოგვეძევებოდა სახლში, გაცივების, ნერვების დამაწყნარებელი, თავის ტკივილის, წნევის, გულის შეტევის თუ სახსრების, ამიტომ ტიდას ძალისხმევამ შედეგი მყისიერად გამოიღო.
ზურიკოსთვის იმდენად მოულოდნელი იყო ირაკლის ცუდად გახდომის ამბავი, რომ გადაფითრდა, ცივმა ოფლმა დაასხა.
_ ირაკლუნა, იქ რა მაგრად გეჭირა თავი, ბიჭო, და აქ რა დაგემართა?
_ აუ, რა ვიცი, ზურია, უცებ ამიტანა ნერვებმა, _ ჩაიცინა ირაკლიმ და ტიდას ხელი მოიშორა, ცივი ტილოს დაფენას რომ აპირებდა მის შუბლზე.
_ არ მინდა, გოგო, რა იყო, კი არ ვკვდები. უბრალოდ, ადამიანურმა სისუსტემ მძლია. რაც იქ ვარ, წესიერად არც მიჭამია და არც მიძინია. მაგის ბრალია ყველაფერი.
_ ჰოდა, შებრძანდი ახლა შენს ოთახში და გამოიძინე. ნაჭამი ხარ უკვე, ღვთის მადლით! _ დავუცაცხანე.
_ მართლა, ჯობია წაუძინო, _ დამეთანხმა ზურიკო, _ ხვალ ცინცხალი გონება გვჭირდება, დასვენებული და გამოძინებული. ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყება.
ტიდა ეგრევე გავარდა ძმის საძინებელში და თეთრეული გამოუცვალა. ირაკლიმ კი დაწოლის წინ სააბაზანოს მიაშურა.
_ მე წავალ და დილით გამოგივლით, _ ზურიკოც წამოდგა.
_ სად წახვალ, ძმა! მეორედ არ გაბედო მაგის თქმა. აგერ შეხვალ ჩემს ოთახში და გვერდით მომიწვები! _ გამოსძახა სააბაზანოში შესულმა ირაკლიმ, სანამ კარს მიიხურავდა.
_ ა! ელაპარაკე ახლა ამას! _ გაშალა ზურიკომ ხელები, _ მაგას ახლა რომ გვერდით მივუწვე, დამაძინებს გგონიათ? ტვინს ამხდის ლაპარაკით.
_ სადღა აქვს ლაპარაკის თავი, შვილო, _ გავუღიმე, _ როგორც კი ბალიშზე თავს დადებს და მორჩა მაგის ლაპარაკი, ეგრევე გაითიშება.
_ თან დიაზეპამი აქვს ნაყლაპი. მთავარია, ხვრინვა არ ამოუშვას და ყურები არ გამოგიჭედოს.
_ უჰ, მაგის არ მეშინია. მამაჩემმა ისეთი ხვრინვა იცის, მთელ სადარბაზოს ესმის ხოლმე, მაგრამ ისე ვიძინებდი, ყუმბარა რომ აეფეთქებინათ ჩემს საწოლთან, იმას ვერ გავიგებდი.
_ ჰოდა, მივწვეთ ახლა ყველანი და დავიძინოთ. ფიქრი არ გამაგონოთ ამაღამ, თქვენი „სუსი“ არ იყოს! _ გავიხუმრე და მეც დასაწოლად გავემზადე.
_ ისე, ერთი დიაზეპამი არც შენ გაწყენდა, ნატა! ამ საღამოს ტონა ყავა გაქვს დალეული, _ მირჩია ტიდამ.
_ არ მჭირდება არანაირი წამალი. ყავა დაძინებაში ხელს ვერ შემიშლის. იმდენი ღამე გავათენე თეთრად, წამში დამეძინება. ისიც მიკვირს, ამდენ ხანს როგორ გავძელი. _ ფეხზე წამომდგარმა ტიდას და ზურიკოს შუბლზე ვაკოცე და ირაკლის გამოსვლას არ დაველოდე, ისე გავედი ჩემს ოთახში. ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს მთელი სამყაროს პრობლემები მე მქონდა ზურგზე აკიდებული, ფიზიკურადაც დაღლილი ვიყავი, ემოციურადაც და მორალურადაც…
***
დილით უეცარმა შეყვირებამ გამომაღვიძა. ვიღაც მთელი ხმით, თან გაბმულად გაჰკიოდა: „პადიოოოომ!“
სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა ზურიკო. ძლივს გავახილე თვალი, რადგან ჯერაც მეძინებოდა. ეს პირველი ღამე იყო იმ კოშმარული დღის მერე, როცა მშვიდად და ნორმალურად მეძინა.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სამზარეულოში შესულს სუფრა გაშლილი დამხვდა. ჩემი გოგო მთავარი დიასახლისივით ტრიალებდა მაგიდის ირგვლივ.
_ ბლინები დავაცხვე, დე! _ შესვლისთანავე მახარა.
სიცილი ვერ შევიკავე. როდის იყო, საუზმისთვის ასე იკლავდა თავს. მივხვდი, ზურიკოს თვალში უნდოდა ყოჩაღი გამოჩენილიყო.
_ საიდან ყვიროდა ჩვენი ბიჭი? ჩვენ წამოგვყარა და თვითონ ისევ საწოლში ნებივრობს?
_ არა, ბანაობს, _ მიპასუხა ტიდამ და სახეგაბადრულმა მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა. რა ბედნიერი იყო, თავისი „ბუბი“ ღამე ჩვენთან რომ დარჩა.
ეჰ… კარგია ახალგაზრდობა. მეც მქონია მსგავსი განცდები. შეყვარებულობის პერიოდში კი არ დავდიოდი, დავფრინავდი. მთელი მსოფლიო ჩემი მეგონა.
ამ დროს თვალების ფშვნეტით ირაკლიც გამოფრატუნდა საძინებლიდან.
_ რა ხმაური იყო? _ მთქნარებით იკითხა და სააბაზანოსკენ აიღო გეზი, მაგრამ ტიდამ შეაჩერა, ზურა ბანაობს და ჯერ ვერ შეხვალო.
_ ყველაფერი დასწრებაზეა ამ სახლში, _ ჩაიცინა ირაკლიმ და თავისი გაღეღილი ფუმფულა ხალათით კალთაში ჩამიჯდა.
ზურგზე გადავუსვი ხელისგულები და ლოყით მივეხუტე.
_ შემოგევლოს დედა, ჩემო სიცოცხლევ! _ მის ზურგს ვუჩურჩულე.
_ იკაკო, ბლინებს ხომ შეჭამ? _ ტიდამ ელექტროჩაიდნის კნოპს ჩამოჰკრა თითი.
_ აუ, ისე მომენატრა სახლის საჭმელები, ახლა თევზსაც კი გემრიელად შევახრამუნებდი.
_ უიმეე! ცხოვრებაში პირი არ დაგიკარებია, ვის ატყუებ! _ ცხვირი აიბზუა ტიდამ.
მართლაც, ირაკლის ღრმა ბავშვობის მერე თევზი არ უჭამია, არც შემწვარი და არც მოხარშული, შებოლილზე რომ არაფერი ვთქვათ. არადა, სულ პატარა რომ იყო, სიამოვნებით მიირთმევდა. მერე არ ვიცი, რა ეტაკა, სამი წლის გახდა თუ არა, ცოცხალი თავით უარი თქვა თევზეულობაზე. არადა, თევზი ისეთი რამეა, ბავშვს ვერანაირად ვერ შეაპარებ. ხორცი შეიძლება დაუქუცმაცო, წვნიანში ჩაუყარო და ისე მიირთვას, ვერც გაიგოს, მაგრამ თევზს ისეთი სპეციფიკური გემო და სუნი აქვს, აუცილებლად მიხვდება, მით უფრო, თუ არ უყვარს და დიდი ხანია არ უჭამია…
იმ დილით ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადიოდა დედამიწის ზურგზე. ყველანი ერთად ვიყავით და ვსაუზმობდით. ისევ ახმაურდნენ ჩემი შვილები, ისევ მოიშველიეს თავიანთი ეშმაკური იუმორი და გამხიარულდნენ. ცხოვრება თითქოს ჩვეულ კლაპოტს დაუბრუნდა.
_ ისე, მე შენს ადგილას პოლიტიკაში წავიდოდი, _ დამოძღვრა ირაკლიმ ზურიკო, _ ისე გიჭრის ენა, ნებისმიერს დააჯერებ საკუთარ იდეებში. ჰა, რას იტყვი? პარლამენტარობა არ გინდა, ზურიკელა?
_ არაა, _ თავი გადააქნია ბლინით პირგამოტენილმა ჩემმა შვილობილმა, _ მართალია, ძველისძველი პროფესიაა, მაგრამ ბოზური, ამიტომ არ მხიბლავს.
_ აბა, შენა ხარ, რა! _ შესძახა ირაკლიმ და ისე მოწკურა თვალები, ვიცოდი, რაღაც სასწაულს იტყოდა, _ ბოზობაც ბოზური პროფესიაა, ძმა, და ისიც ძველისძველი, მაგრამ ხომ გვხიბლავს!
გაგრძელება იქნება