შემოდგომა ის დროა, როდესაც ბუნება თბილ ფერებს იძენს, სუფთა ჰაერი სასიამოვნო განცდას აღგვიძრავს და დღეებიც ნელ-ნელა მცირდება. სწორედ ასეთ პერიოდშია განსაკუთრებით სასიამოვნო ხელში წიგნის აღება და ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობა. მყუდრო საღამოები ცხელ ჩაისთან და თბილ პლედთან ერთად, წიგნების კითხვისთვისაა იდეალური. არაფერი ჯობს კითხვას მაშინ, როცა ფანჯრის მიღმა წვიმის წკაპუნი ისმის. შემოდგომა განსაკუთრებულ განწყობას გვიქმნის, რომელიც საკუთარი თავისთვის დროის გამონახვასა და დიდი ხნით გადადებული წიგნების ახალი გვერდების გადაშლას გვანდომებს.
ჩვენ გირჩევთ, რომელი წიგნები უნდა წაიკითხოთ შემოდგომის თბილ სეზონზე:
“ნორთენგერის სააბატომ”, ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის პირველმა რომანმა, მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის წინ იხილა დღის სინათლე და პოპულარობაც მალე მოიპოვა. ეს არის სიყვარულისა და სახალისო თავგადასავლების ამბავი 17 წლის პროვინციელ გოგონაზე, რომელსაც სამყაროზე წარმოდგენა გოტიკურმა რომანებმა შეუქმნა, და რომელსაც ყველგან პირქუში საიდუმლოებანი და ამოუცნობი დანაშაულები ელანდება. მით უმეტეს, როცა მომავალ საქმროს ესტუმრება ნამდვილ გოტიკურ მამულში. “ნორთენგერის სააბატომ” რეჟისორებიც დააინტერესა და მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მისი ორი ეკრანიზაცია იხილეს: 1986 წელს, რეჟისორ ჯაილზ ფოსტერის ფილმი, მთავარი როლებში: ქეთრინ შლე ზინგერისა და პიტერ ფერთის მონაწილეობით, 2006 წელს კი ჯონ ჯონსის ფილმი, რომელშიც მთავარი როლები ჯეი ჯეი ფილდმა და ფელისიტი ჯონსმა განასახიერეს.
„პენელოპიადა" უძველესი მითის ახლებურად გააზრებას გვთავაზობს, ვითარებას, როცა საზოგადოებაში ძალაუფლება მამაკაცს ეკუთვნის, მარგარეტ ეტვუდის ვერსიაში ოდისევსის ამბავი სულ სხვაგვარად წამოგვიდგება. ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობის შემდეგ, ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ თავისი ქალის თვალით გაცნობილს, როგორ ელოდა ოცი წლის განმავლობაში მეუღლეს. რამდენი რამ გადაიტანა. ეს არის ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟების სრულიად სხვაგვარად გააზრება და მკითხველის გადასაწყვეტია, გაიზიარებს თუ არა მას.
გრაამ გრინს „ჩუმჩუმა ამერიკელის“ დაწერა ინდოჩინეთში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა შთააგონა - ის იქ 1955-1956 წლებში ჟურნალ The New Republic-ის კორესპონდენტად მუშაობდა. 50-იანი წლების სამხრეთი ვიეტნამი საფრანგეთის, ამერიკისა და ავანტიურისტი გენერლების სათარეშოდ გადაქცეულიყო. ხანში შესული ინგლისელი ჟურნალისტის თომას ფაულერის, მისი მეგობარი გოგონასა და ახალგაზრდა ამერიკელი ოლდენ პაილის სასიყვარულო სამკუთხედის ბედი სწორედ ქვეყანაში განვითარებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ამბებმა გადაწყვიტა. ფაულერი თითქოს დამკვირვებელია, ის მხოლოდ ფაქტებს აღნუსხავს და ჟურნალში კორესპონდენციებს გზავნის, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მოუწევს რომელიმე მხარეს დადგეს და... ის ამერიკის პოლიტიკას უპირისპირდება. საბოლოოდ ფაულერი ახალგაზრდა ამერიკელის - პაილის მკვლელობის ხელშემწყობი გახდება.
"იაპონური მოთხრობების“ კრებულში წარმოდგენილია XVII-XX საუკუნეების საყოველთაოდ ცნობილი სამი იაპონელი ავტორის პროზაული ნაწარმოებები. იჰარა საიკაკუ, კუნიკიდა დოპო და რიუნოსაკე აკუტაგავა მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნიან იაპონური კულტურის თავისებურებებზე, რითაც იაპონელები მსოფლიოს დანარჩენი ერებისგან გამოირჩევიან. კრებულში შესულია მოთხრობები: „ამბავი მარტოხელა ქალის სასიყვარული თავგადასავლისა“, „ძია გენი“, „სუსანოონო მიკოტო“.
დიდებულ პარიზულ სასტუმრო „მაჟესტიკის“ სარდაფებში მდიდარი ამერიკელის მეუღლეს კლავენ... რა უნდოდა ქალს სარდაფში, სასტუმროს პერსონალის სამუშაო ადგილას, თანაც დილაადრიან და ხელჩანთაში ფულითა და რევოლვერით? ვის უნდა შეხვედროდა სარდაფში? იქნებ რაღაც საიდუმლოს მალავდა? დაეჭვების საფუძველი ნამდვილად ჰქონდა კომისარ მეგრეს, მით უმეტეს, ქალი ფრანგი ყოფილა და მისი პატარა ბიჭიც სულ არ ჰგავდა მის ამერიკელ რესპექტაბელურ მეუღლეს. ამ ძალზე საინტერესო დეტექტივის მიხედვით პირველი კინოფილმი საფრანგეთში 1944 წელს რეჟისორმა რიშარ პოტიემ გადაიღო, მეორედ კი „სასტუმრო „მაჟესტიკის“ სარდაფები“ მე-7 სერიად შევიდა ცნობილ სერიალში „მეგრე“. კომისრის როლი მსახიობმა ბრუნო კრემერმა განასახიერა.