ახლა ერთ დიდ სიყვარულზე მინდა გიამბოთ, რომელმაც ორი ადამიანი: გურამ ფირცხალავა და თანგული სიხარულიძე ერთმანეთს დააკავშირა - მათ 34 წელი გაატარეს ერთად.
- ქალბატონო თანგული, ის დღე გავიხსენოთ, როცა ბატონმა გურამმა ქუჩაში დაგინახათ და მოეწონეთ...
- წვიმდა. გაჩერებაზე ვიდექი. გურამმა მანქანა გამიჩერა, დაბრძანდით, წაგიყვანთო. არ ვიცი, მოვეწონე და ეს იმიტომ გააკეთა თუ არა, მაგრამ მას უყვარდა, როცა ადამიანების მიმართ ყურადღებას იჩენდა. მაშინვე ვიცანი. ვიცოდი, ბოლოს ის ლეილა აბაშიძის ქმარი იყო და გაშორებული იყვნენ. დავჯექი. მშენებელი ვარ და რომ მკითხა, სად მიგიყვანოთო, სამსახურის მისამართი ვუთხარი. გზად კინოსახლის ფილმის ჩვენების 2 მოსაწვევი გადმომცა, - მე გადაღებები მაქვს და ვერ მივალ, თუ გნებავთ, მეგობართან ერთად წაბრძანდითო. გამოვართვი. ერთმანეთს ისე დავშორდით, არც ტელეფონი უთხოვია და არც ის უკითხავს, სად ვცხოვრობდი. კინოში თანამშრომელ მანანა ძნელაძესთან ერთად წავედი. არ მახსოვს, რა გადიოდა, მაგრამ ფილმში კათრინ ჰეპბერნი თამაშობდა. დარბაზში გურამიც იყო. ფილმი რომ დასრულდა, მოვიდა, გამოგველაპარაკა და სახლამდე მიყვანა შემოგვთავაზა. ჯერ მანანა მივიყვანეთ, მერე მე. მაშინ გამომართვა სახლისა და სამსახურის ტელეფონის ნომერი, მაგრამ არ დაურეკავს. ბედი რა არის, მაინც?! ჩემი შვილი, დათო, ცეკვაზე დამყავდა მაშინდელ "პიონერთა სასახლეში" და გაკვეთილიდან რომ გამოვიყვანე, რუსთაველზე გაგვაჩერეს. ლენინგრადის კინოსტუდიის თანამშრომელმა მითხრა, რომ ფილმ "შეცდომების კომედიას" იღებდნენ, დათო მოეწონათ. თუ შეგიძლიათ, ბავშვი კინოსტუდიაში მოიყვანეთო. დათო მეორე-მესამე კლასში იქნებოდა. პრინცი უნდა ეთამაშა. არაფერს ამბობდა, კოსტიუმს ჩააცმევდნენ და დასვამდნენ. გამიხარდა ისევე, როგორც ყველა დედას გაუხარდებოდა ეს ამბავი და წავიყვანე. კინოსტუდიაში პროდიუსერმა რომ დამინახა, თქვა, ეს ქალბატონიც გადავიღოთო. მწვანე "ბარხატის" კაბა ჩამაცვეს, დიდი დეკოლტეთი. მიხეილ კაზაკოვს უნდა ჩაევლო, მკერდზე შემოეხედა და ეთქვა: "უფ". სულ ეს იყო (იღიმის). მოკლედ, დასრულდა ჩვენი სცენების გადაღება და მე და ჩემს შვილს თანხა გამოგვიწერეს. კინოსტუდიაში ფულის ასაღებად რომ მივედი, ბუღალტერთან დიდი რიგი დამხვდა. დათოს 12 მანეთი ეკუთვნოდა, მე - 100, რაც მაშინ დიდი თანხა იყო. ამ დროს შემოვიდა გურამი, დამინახა, მომესალმა და მიუბრუნდა მსახიობებს: სირცხვილი არ გაქვთ, ეს "უცხო" ქალი ამხელა რიგში რომ დაგიყენებიათო? ბუღალტერთან შემიყვანა. დიდი მადლობა-მეთქი, მორიდებით ამოვიკნავლე, ფული ავიღე და წამოვედი. კინოსტუდიის ეზოდან რომ გამოვდიოდი, დავინახე, მოდის გურამი თავისი დანჯღრეული "21"-ით. გვერდით ბაადურ წულაძე ეჯდა, უკანა სავარძელზე - თემურ ჩიხლაძე. გამიჩერა, წაგიყვანთო. მომერიდა, - გმადლობთ, ახლოს მივდივარ-მეთქი. აღარ გაუმეორებია, დაქოქა და წავიდა. ამ დროს, თურმე, მისთვის თემურს უთქვამს, შენ გგონია, ყველა ლამაზი ქალი მანქანაში ჩაგიხტებაო?! ამაზე გურამი გაბრაზებულა და წამებში ვხედავ, გურამი უკანსვლით დაბრუნდა. გადმოვიდა, ბაადურს კარი გაუღო, უკან გადასვა. მერე მომკიდა ხელი და დამსვა. ხმა არ ამომიღია. გზაში მკითხა, გათხოვილი ხართო? იმ დროს დათოს მამასთან ოფიციალურად გაშორებული არ ვიყავი, მაგრამ შერიგებას აღარ ვაპირებდი, თუმცა, გურამს ვუთხარი, ქმარი მყავს-მეთქი.
ბაადური და თემური რომ დავტოვეთ, ბოლოს მე დამტოვა სამსახურში. მეორე დღეს დამირეკა, დათო ცეკვაზე მიმყავდა და წაგიყვანთო. მაშინ თემქაზე მამიდაშვილთან ვცხოვრობდით. გურამმა სამსახურში გამომიარა, დათოსთან მივედით და ცეკვაზე წავიყვანეთ. იმ დროს უკვე შეყვარებული ვიყავი მასზე, მესამე ნახვაზე უკვე მქონდა ეს გრძნობა. პიონერთა სასახლეში ცეკვის გაკვეთილი 2-საათიანი იყო და შუალედში გურამმა თავისთან წამიყვანა. დიდუბეში, ქუთაისის ქუჩაზე, ნაქირავებში ცხოვრობდა. ხმას არ ვიღებდი. თვითონ ამბობდა მერე, სხვანაირად გიყურებდი და არ მინდოდა, რამე ცუდად გეფიქრა, ასე რომ ყოფილიყო, გული გამისკდებოდაო. მომიდუღა ყავა, დავლიეთ, ვისაუბრეთ. მაშინ ვუთხარი, მეუღლესთან უკვე 1 წელია, აღარ ვცხოვრობ. როგორც ჩანს, საერთო ენა ვერ გამოვნახეთ. არ ვიცი, რას ვაპირებ-მეთქი. არაფერი უთქვამს, დახედა საათს და თქვა: ჰე, დროა უკვე, წავედითო და დავიძარით დათოსკენ... ასე ვიარეთ 1 თვე. მერე გენო ხოჯავამ "მიზნის" გადაღება დაიწყო და გურამი გადაღებებზე ფოთში წავიდა. რა დღეში ჩავვარდი, ვერ აღგიწერთ. გურამის სახლში, მის მშობლებთან დარეკვის მერიდებოდა, ამიტომ ვწერდი წერილებს.
- თვითონაც გწერდათ?
- დიახ და თან იცინოდა, წერილების წერა დამაწყებინაო. თუმცა, ყველა მათგანში მწერდა, რომ დროზე გადამეწყვიტა, მინდოდა თუ არა ჩემი შვილის მამასთან შერიგება. მიყვარხარ, მაგრამ უნდა ვიცოდე შენი გადაწყვეტილებაო. სიცოცხლე აღარ მინდოდა გურამის გარეშე და ამიტომ, სასამართლოში გაყრის პროცესი წამოვიწყე. გურამს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა ჰქონდა და გადაღებას არაფრით გააცდენდა, ამიტომ სამჯერ ასეთი რამ გააკეთა: ფოთში მთელი დღე მუშაობდა, საღამოს წამოვიდოდა თბილისში, გამთენიის 3 საათზე ჩამოდიოდა, ერთმანეთს ვხვდებოდით, ვსაუბრობდით და გარიჟრაჟზე, დაახლოებით 7 საათზე, ისევ ფოთში მიდიოდა, რომ 10-ზე გადასაღებ მოედანზე ყოფილიყო. ერთმანეთის გარეშე ყოფნა წერილებით გადავიტანეთ და ზაფხულიც დადგა. გადაღებები ისევ გაგრძელდა და ფოთში ჩასვლა შემომთავაზა. ეს შეუძლებელი იყო და ამიტომ გურიაში, ჩემებთან წავედი.
იქ გურამი თავის ძმასა და რძალთან ერთად ჩამოვიდა. დედაჩემს და მამაჩემს ვუთხარით, რომ ცოლ-ქმარი ზღვაზე დასასვენებლად მიდიოდა და მეც მათთან ერთად წავიდოდი. ასე წავედი ფოთში. გურამმა სახლში რომ მიმიყვანა, ჩემს მომავალ დედამთილს ეგონა, რომ უკვე ერთად ვიყავით და თავისი შვილის საძინებელში გამიშალა ლოგინი. გურამი იმდენად სუფთა კაცი იყო, თავის ოთახში მე დამტოვა და თვითონ დედ-მამის საძინებელში დაწვა.
მოკლედ, თბილისში რომ დავბრუნდი, განქორწინების საბუთები ჯერ კიდევ არ იყო მზად, მაგრამ გურამი ისევ გადაღებებზე გახლდათ ფოთში. ჩემებს ჩემი გრძნობის შესახებ მივწერე და მასთან ჩავედი. დედამთილ-მამამთილმა არაჩვეულებრივად მიმიღეს, ძალიან კარგები იყვნენ. განქორწინება რომ მივიღე, გურამთან ხელი მოვაწერე.
- სად დაიწყეთ ცხოვრება?
- გურამის ნაქირავებ ბინაში. მაშინ კინოსტუდიაში ბინებს რომ არიგებდნენ, გურამი ყველას თავისზე წინ უშვებდა. ბოლოს გამოჩნდა ერთოთახიანი ბინა ნუცუბიძეზე. ვიწროდ ვიყავით. ჩვენ მეზობლად ოპერატორი ბიჭიკო სულამანიძე ცხოვრობდა, არავინ ჰყავდა და გარდაცვალების შემდეგ მერიაში მისი 2-ოთახიანი და ჩვენი გაგვაერთიანებინეს... გურამი არაჩვეულებრივი მეუღლე იყო. ყველაფერს აკეთებდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.
- 70 ფილმზე მეტი როლი აქვს შესრულებული. თავად რომელი უყვარდა ყველაზე მეტად?
- მართალი ხართ, გურამი დაკავებული იყო. ფილმზე რომ იწვევდნენ, სცენარი სახლში მოჰქონდა და მაკითხებდა.