მსახიობ მედეა ლორთქიფანიძეს არაერთი როლი ჰქონდა შესრულებული, თუმცა განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მანანა ბებოს როლით მოიპოვა. ჟურნალისტებისთვის იგი გამორჩეულად საყვარელი რესპონდენტი იყო: თბილი, გულღია, სტუმართმოყვარე... გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუებიდან, რომლებიც ჩვენმა არქივმა შემოინახა:
"ახალი წლის მოსვლა გულს ახარებს, მაგრამ ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, ყველაზე ბედნიერი შობა-ახალი წელი მაინც ბავშვობაში მითენდებოდა, როცა მშობლები ცოცხალი მყავდა, როცა ჩემი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვიყავი, სკოლაში ვსწავლობდი და ყველა ახალ დღეს ახალი სიხარული მოჰქონდა. დედაჩემი პოლონელი ქალი იყო, ევროპული სილამაზე ჰქონდა და მამაჩემის გვერდით რომ იდგა, მათ დანახვას არაფერი სჯობდა. მამას ალენ დელონს ადარებდნენ, ისიც ლამაზი კაცი იყო. ჩემს ძმასაც გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა. მარტო მათი დანახვა ჩემთვის დღესასწაული იყო. ახალი წლის მოსვლასაც ლამაზად აღვნიშნავდით და სხვა დღესასწაულებსაც. მართალია, ახალ წელს ბავშვობაში სულ სხვა ხიბლი აქვს, მაგრამ ამ დღესასწაულს ადამიანისთვის ნებისმიერ ასაკში დიდი იმედი და სიხარული მოაქვს..."
"სერიალმა "ჩემი ცოლის დაქალები" დროს იმიტომ გაუძლო, დედიკო, რომ გადასარევი მსახიობები თამაშობენ, რომლებსაც ეს საქმე მთელი გულით უყვართ. ერთმანეთს სულ ვეფერებით. ამხელა გუნდია და მე ჯერ არ გამიგონია ჭორაობა, კამათი და უსიამოვნება. ყველა იმაზე ვფიქრობთ, საქმე კარგად გავაკეთოთ და რეჟისორებმა შენიშვნა არ მოგვცენ. უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე ზოგჯერ მიყვარს ტექსტში რაღაცების დამატება. ეტყობა, ცუდად არ გამომდის და მპატიობენ. იცით, რატომ ვარ ბედნიერი ადამიანი? - სადაც მივედი, ყველგან არაჩვეულებრივი, კეთილი ხალხი დამხვდა და ამ სერიალშიც ასეა..."
"ჩემი საშინაო სახელი მედიკოა და ჩემი მეგობარი ჟურნალისტებიც ასე მეძახიან. რაც შეეხება მანანას სახეს, ერთი შეკითხვა მაქვს: ყველას დედამთილს როგორ ვგავარ, კაცო? ნუთუ ყველა ასეთი ლამაზია? რძლებს კი ამ ინტერვიუთიც მოვუწოდებ: დაანებეთ თავი კაფე-კაფე სიარულს, ჰამბურგერების ჭამას და შინ გაკეთებული ჩახოხბილი მიირთვით! მე ასე ვფიქრობ: როდესაც ოჯახში რძალი შემოდის, დედამთილმა თავისი ოფოფები ცოტა უნდა მოდრიკოს, მაგრამ ისიც არ ვარგა, რძალი რომ დაგიწყებს, ეს არ მომწონს და შევცვალოთ, ეს ძველია და გადავაგდოთო. როცა დედამთილი სადილს გახვედრებს, ოჯახზე გადაყოლილია, შენ კი ამ დროს კაფეში გარბიხარ, ეწყინება, დედა, აბა, რა იქნება?.."
"ძალიან კარგი შვილიშვილები მყავს: უფროსი - რატი ყიფიანი, საოცრად ნიჭიერი და გონებაგახსნილი ბიჭია. ჩემი მეუღლე ხომ ცნობილი ექიმი იყო და ისიც ბაბუის კვალს მიჰყვება: ექიმობა უნდა და ბევრს შრომობს, რომ მიზანს მიაღწიოს. ბაბუაზე ხშირად მეკითხება და მედიცინაზე ყველაფერი აინტერესებს. უმცროსი, ნიცა, მეექვსეკლასელია და მსახიობობაზე ოცნებობს. ძალიან უნდა, სკოლას რომ დაამთავრებს, თეატრალურში ჩააბაროს და მეც მომხრე ვარ. ჯობია, კარგი მსახიობი გახდეს, ვიდრე ცუდი ექიმი, თანაც, მონაცემებიც აქვს. მასთან ერთად ოჯახური საახალწლო სპექტაკლი დავდგით, ერთად ვითამაშებთ და შობა-ახალი წლის დღეებს ასე გავილამაზებთ. ჩემს შვილიშვილებს სულ ვამეცადინებ: ლექსებსაც ვასწავლი და განსაკუთრებით, ქართული ენის გრამატიკაში ვავარჯიშებ, რადგან მოსწავლემ მშობლიური ენა კარგად უნდა იცოდეს. მიხარია, რომ ზარმაცები არ არიან, ორივე კარგად სწავლობს. ნიცა სკოლიდან რომ მოვა, მაშინვე გაკვეთილების სწავლას იწყებს. არ მახსოვს, შენიშვნა დასჭირვებოდეს, დაჯექი და იმეცადინეო. გაკვეთილებს რომ ისწავლის, მხოლოდ ამის შემდეგ მიდის თავის ტოლებთან სათამაშოდ. მიხარია, რომ ორივე კარგად სწავლობს, მარტო იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემები არიან: რატიც და ნიცაც ძალიან ზრდილობიანი, კარგი ბავშვები არიან. რასაკვირველია, ეს ჩემი ქალიშვილის და სიძის დამსახურებაა. ჩემი შვილი შორენა მახარაძეა, ხოლო მისი მეუღლე შოთა ყიფიანი გახლავთ. ბედნიერი ვარ, რომ შორენა ძალიან კარგ, თბილ ოჯახში მოხვდა და თვითონაც არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა.
იმდენად კარგი სიძე მყავს, რომ მასთან ცუდი ვერ იქნები! სულ ვამბობ, რომ სიძეში ძალიან გამიმართლა - მე ასეთი კაცის მნახველი არ ვარ, გაბრაზება საერთოდ თუ იცის, არა მგონია. სახლში ხან რა გამიფუჭდა, ხან რა, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, საყვედურს მაინც არ მეტყვის. თუ სადმე წასვლა მჭირდება, მანქანაში ჩამისვამს და წამიყვანს. ისეთი დინჯი და განათლებული ადამიანი იშვიათი სანახავია და მასთან ცუდი როგორ ვიქნები?.. ბავშვებსაც ერთ ხმამაღალ სიტყვას არ ეტყვის, ალბათ ამის გამო აქვთ ასეთი ტკბილი ურთიერთობა. მართალია, შორენამ სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ არ მუშაობს, შვილებსაც უვლის და მეც თან მყვება. ძალიან კარგი დიასახლისია, უგემრიელეს ნამცხვრებს აცხობს და რაც მთავარია, თავისი ცხოვრებით კმაყოფილია. მათ რომ ვაკვირდები, ხშირად ვფიქრობ, რომ როდესაც ქმარი ოჯახში თავის ადგილზეა, არაფერი გაუჭირდებათ. ტკბილი სიტყვით კაცი ყველაფერს მოაგვარებს, "გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი", - მართლა კარგი ნათქვამია... მეც ბუნებით მშვიდი ვარ, ჩხუბი და დავიდარაბა არ მიყვარს. ეგ კი არა, სულ "მშვიდობის მტრედის" როლს ვასრულებდი: ვინ იცის, რამდენი ნაჩხუბარი, მტრად გადაკიდებული ადამიანი შემირიგებია. ტყუილი მე არ მიყვარს, ჭორაობა და კამათი, ჰოდა, აბა, რატომ უნდა ვიყო ცუდი სიდედრი?.."
"მინდა ყველა ჩემი ახლობელი და მეგობარი ბედნიერი, გახარებული ვნახო. ჩემი უპირველესი ნატვრაა, 2024 წელი მთელი საქართველოსთვის მშვიდობიანი იყოს. რა ვქნა, დედიკო, 2008 წლის აგვისტოს დღეები რომ მახსენდება, მარტო მშვიდობა მინდა, სხვა არაფერი...
კიდევ რას ვნატრობ? - დედებს, რომლებიც ემიგრაციაში არიან და თავიანთ პატარებს მხოლოდ ინტერნეტით ხედავენ, სამშობლოში დაბრუნებას და შვილების გულში ჩახუტებას ვუსურვებ. მინდა ყველა კარგ ადამიანს წარმატებისა და სიხარულის წელი ჰქონდეს. მე ჰოროსკოპით მერწყული ვარ, რაღაცებს წინასწარ ვგრძნობ და გული მიგრძნობს, 2024 წელს ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენი მზიანი, ნათელი ქვეყანა მომავალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს!"
"ზღვაზე მივდივარ, თანაც, მთელი თვით. უნდა ვიჭყუმპალაო, მაგრამ შორს ვერ გავცურავ და საცურაო კოსტიუმს ვერ ჩავიცვამ. არ გამოვა, რადგან ვიცი - იქ ნამდვილი ფოტოსესია გაიმართება. რაფერ ჩევიცვამ, ხომ არ გამოვაჩენ, დედა, ყველაფერს? ჩავალ ზღვაში, დავსველდები და ამოვალ: სულ არ მინდა ჩემი ტიტლიკანა ფოტოები მთელ ინტერნეტში გავრცელდეს. სერიალისთვის მსახიობების შეკრება, ალბათ, სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და თუ დამიძახებენ, ჩამოვალ რამდენიმე დღით. "ჩემი ცოლის დაქალების" გამო მოსკოვში ვერ წავედი, ვერც აზერბაიჯანსა და სომხეთში. ამ სერიალის ღალატი არ იქნება..."