მარიამ როინიშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე და ლიზიკო კალანდაძე - ერთი ოჯახის სამი უმშვენიერესი თაობა და ფოტო, რომელიც მარიამ როინიშვილმა გამოაქვეყნა, დიდ მოწონებას იმსახურებს. ბებია, შვილი და შვილიშვილი შთამბეჭდავად გამოიყურებიან და უამრავ კომპლიმეტსაც იმსახურებენ.
მარიამ როინიშვილი
ქართველი სოპრანო მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლშიც. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე.
დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.
თამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი და პიანისტია. 1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდებები.
1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აგრეთვე იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი.
ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძე
ლიზიკო კალანდაძე მარიამ როინიშვილის ბებია და თამრიკო ჭოხონელიძის დედაა. ის პროფესიით თავადაც მუსიკოსია, მისი მეუღლე, ევსევი (კუკური) ჭოხონელიძე კი პროფესორი და ეთნომუსიკოლოგი იყო.