18 სექტემბრის ღამით დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ჩადენილი სასტიკი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ელვისებურად გავრცელდა. მოკლული ყველასთვის კარგად ნაცნობი კესარია აბრამიძე აღმოჩნდა. 37 წლის ტრანსგენდერ ქალს ყოფილმა პარტნიორმა, 1998 წელს დაბადებულმა ბექა ჯაიანმა სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში დანით მიაყენა. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ მიდის ის კესარია აბრამიძის ბინაში და 14 წუთში ბინიდან გამორბის. ამ ფაქტს აბრამიძის მეზობლებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ დაინახეს, როგორც დატოვა ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, ეჭვმიტანილი ბექა ჯაიანი კი უკვე დააკავა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯაიანი სენაკში ცხოვრობს და თბილისში ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომელია. კესარია აბრამიძე 22 სექტემბერს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
კესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. ის პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია. იყო ცნობილი სახე, მოდელი, მსახიობი, ინფლუენსერი, ხშირად იწვევდნენ პოპულარულ შოუებში. 2018 წელს კესარია აბრამიძემ "მის ტრანს მსოფლიოს" სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საქართველო წარადგინა. კესარიას საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის გაყინვა ჩაუტარდა, რისი საშუალებითაც შეეძლო ბიოლოგიური შვილის ყოლა.
კესარია აბრამიძის ბავშვობა
"ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ დღეს. ვგრძნობ შინაგანად, რომ შევდექი. მე ბავშვობაში ყოველთვის ვხედავდი ჩემს თავს ასეთად და არამხოლოდ ვხედავდი, ვხატავდი კიდეც", - ამბობდა კესარია აბრამიძე.
"14 წლის ვიყავი, როცა დედამ პირველად მიმიყვანა ექიმთან. მაშინ ექიმებმაც ბევრი არაფერი იცოდნენ. მე ვიყავი ის, ვინც გზა გაკვალა ამ მიმართულებით და მაშინ ყველა სილა მე მომხვდა. 13 წლის ვიყავი, როცა დედას გამოვუცხადე, რომ დამოუკიდებლად მინდოდა ცხოვრება. დედა მაშინ შოკში იყო, მეუბნებოდა, სად უნდა წახვიდე, სად უნდა იცხოვროო. 15 წლის ვიყავი, როცა სახლიდან წავედი და დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება. ყველა გაგიჟდა, ჩემი ნათესავებიც, ნაცნობებიც, თუმცა დღეს ძალიან აფასებენ ჩემს ყველა ნაბიჯს და ტაშს მიკრავენ, იმიტომ, რომ ყველა დაბრკოლება გავიარე", - იხსენებდა ის.