ნინო სუხიშვილის სახელსა და გვარს ბევრი განმარტება არ სჭირდება - ის ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ნინო ძმასთან, ილიკოსთან ერთად "სუხიშვილების" ხელმძღვანელია.
ნინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე; მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი "რამიშვილები";
მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ "რამიშვილებისა" და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: "ქართული ნაციონალური ბალეტი", "სოლიკო ვირსალაძე", "ილიკო სუხიშვილის მოგონებები".
"ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბებიაჩემის სიტყვებმა, რომელიც მან 90 წლის ასაკში მითხრა - შენ ვერც კი წარმოგიდგენია, რა ცოტაა 90 წელი..." - ამბობდა ნინო სუხიშვილი. თავად მალე 60 წელი შეუსრულდება, ჩვენ კი ამ სტატიაში მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს გაგახსენებთ:
ილიკო და ნინო სუხიშვილები
"არასდროს დაუძალებიათ, - უნდა იცეკვო, გააგრძელო ჩვენი საქმეო... თვლიდნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვდომებოდა და ჩვენში ამის მონაცემი დაენახათ. ბევრს ჰგონია, რომ მე და ილიკომ ეს საქმე ლანგრით მივიღეთ. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ამის მტკიცება, პირველ რიგში, მშობლებისთვის გვიწევდა და მერე დანარჩენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო...
იმ დროს, როდესაც მე ცეკვა მინდოდა, ანსამბლში ძალიან მაღალი გოგონები იყვნენ. სხვა სტანდარტი იყო და ვერ ვბედავდი, მათ გვერდზე მე როგორ უნდა დავმდგარიყავი. ცეკვის დაუოკებელ სურვილს ისე ვიკმაყოფილებდი, რომ ქეიფების მოცეკვავე ვიყავი. ყველაფერს ვცეკვავდი. ოღონდ, ხომ იცით, რომ ერიდებათ საცეკვაოდ ადგომა, მე არ მერიდებოდა, ოღონდ მუსიკის ხმა გამეგონა, ეგრევე ვდგებოდი და ვცეკვავდი ხოლმე. მამაჩემი სულ დამცინოდა, - ქეიფების მოცეკვავეს მეძახდა" - იხსენებდა ნინო.
- გყავთ ან გყოლიათ ისეთი ადამიანი, რომ გეფიქრათ: ნეტა არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, ნეტა არ გამეცნოო?
- კი არის, ჩემი პირველი მეუღლე. ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო და არც ისე დიდი პერიოდით, რომ მე თვითონ დავიწყებული მაქვს. ძალიან ადრე იყო, “სხვა ცხოვრებაში“ და ისეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ თითქოს ეს სხვისი ცხოვრება იყო. თითქოს სხვა პლანეტაზე მოხდა ეს ყველაფერი და ჩემს თავს არ ხდებოდა. აღარც მინდა გახსენება. ძალიან ბევრმა არც იცის ეს ეტაპი ჩემი ბიოგრაფიიდან - ამბობდა ნინო სუხიშილი. ნინომ მეორედ ზურაბ ლეჟავაზე იქორწინა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავდა და გარდაიცვალა.
"მე არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი, თუმცა ვთვლი, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ალბათ, ამისთვის ვერ მოვიცლიდი. თუმცა, უნდა გითხრა, რომ მე ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები. მე და ილიკოს გვყავს ორი გოგო. ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან. მე გავზარდე, განსაკუთრებით, ერთი, რომელიც დღესაც ჩემთან ცხოვრობს. მეორე საზღვარგარეთ სწავლობს. ფაქტობრივად, ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან...
შვილი ჯანმრთელობის გამო ვერ გავაჩინე. მე ისეთი თვისება მაქვს ცხოვრებაში, არა მხოლოდ ამის, არამედ რაც კი პრობლემა მქონია ცხოვრებაში, მათი მიღება და მათთან ერთად ცხოვრება ვისწავლე, არ აქვს მნიშვნელობა, დანაკლისი იქნებოდა თუ ჯანმრთელობა, უნდა მიიღო ეს მოცემულობა, ვერაფერს ცვლი..." - ამბობდა ნინო სუხიშვილი.