_ ნანა, შეინახე ეგ ფული. ჯერ იყოს შენთან და მერე მოვიფიქროთ, რაში გამოვიყენოთ. ნუ ნერვიულობ, არაფერი სანერვიულო შენ არ გაქვს. ისეთი შვილი გყავს, ვიცი, ბოლოს მაინც გაგიგებს და ყველაფერი დალაგდება. ხომ მართალი ვარ, ზურიკელა? _ თვალმოჭუტულმა გავხედე.
_ სულძაღლიანო, _ დააყოლა ტიდამ.
ყველას გაგვეცინა. ზურიკოსაც, ნანასაც. დაძაბულობა ნელ-ნელა გვეხსნებოდა.
_ დე, მოდი, ცოტა ხანს ყველანი აქ ვიყოთ. დავლიოთ, ვჭამოთ, ვიბაასოთ, წასვლას და დალაპარაკებას ყოველთვის მოასწრებენ, _ მოულოდნელად ჩემი ირაკლი ამეტყველდა, _ ვფიქრობ, ახლა ზურიკოსთვის ის კი არ არის მთავარი, სად იყო ეს წლები ქალბატონი ნანა, როგორ ცხოვრობდა და თავს რითი ირჩენდა, არამედ ის, დედასთან ურთიერთობას როგორ დაალაგებს. და რომ დაალაგებს, ამაში ეჭვი არ მეპარება. ხომ ასეა, ჩემო ძმაო? _ ამ სიტყვებით ირაკლიმ ხელი მხარზე მოუთათუნა ზურიკოს, მერე თავის ადგილს დაუბრუნდა და ღვინის დოქს დაავლო ხელი, _ ცოტა შევხურდეთ, ორი-სამი ჭიქა დავლიოთ, ხასიათზე მოვიდეთ და დანარჩენში ბახუსის ღმერთი დაგვეხმარება.
აი, რა ყოფილა თურმე საჭირო სიტუაციის განსამუხტავად _ ჩემი შვილის ჩარევა. როგორი გონებამახვილი ბიჭი მყავს. უცებ მოაგვარა საქმე…
_ მოვაყომარე ჩემებურად, ხომ მაგარი ვარ? _ წამეტრაბახა ირაკლი, როცა ტიდა, ზურიკო და ნანა ზურიკოს ბინაში გადავიდნენ, _ ხომ ხედავ, ზურიაც რა უცებ შეიცვალა? ცოტა შეთვრა და ეგრევე შეეტყო, დედამისი რომ უყვარდა. არ ჩანს ისე ცუდი ქალი, რას იტყვი შენ, ჰა, დედიჯან? _ ირაკლი ჩამეხუტა და ტუჩები ჩემს ყელში ჩარგო.
_ არ ჩანს, დედა, არა. ცუდმა ცხოვრებამ კარგი გახადა, როგორც ვხედავ, _ ჩურჩულით წარმოვთქვი და ირაკლის თავი მკერდზე მივიხუტე.
დიდხანს ვეფერე ჩემს შვილს და, ჩემდა გასაოცრად, ამის ნება დამრთო, არ გამძალიანებია, როგორც სჩვეოდა ხოლმე, პატარა ბიჭი ხომ არ ვარო, თავიდან მომიშორებდა სხვა დროს, მაგრამ ახლა, ამდენი სტრესის შემდეგ, თანაც შემთვრალმა, პატარა ირაკლის როლი მოირგო და დედას მოფერების უფლება მისცა ისე, როგორც ბავშვობაში…
***
ეჰ, გაგვიხუნდა ამ ზაფხულს დასვენება, მაგრამ რას დავეძებ, მთავარია ჩემი შვილი გაამართლონ. ზღვის ვიტამინების მიღებას მერმისადაც მოვასწრებთ. ყოველ წელს დავდივართ მთელი ოჯახი ზღვაზე დასასვენებლად. შეიძლება ყველა ერთად, ჯგუფურად ვერ წავიდეთ, მაგრამ ცალ-ცალკე არცერთი არ ვიკლებთ. ჩემმა შვილებმა კი მოიარეს საუკეთესო უცხოური კურორტები, მაგრამ მე ვერ ამიყოლიეს. მე მხოლოდ საქართველოს შავი ტალღები მსიამოვნებს _ ბათუმის, ქობულეთის, ურეკის… არა, განა რამეს ვერჩი ხმელთაშუა ზღვას, პირიქით. ერთხელ ვიყავით მე და ტიდა მარმარისში და იქაური ზღვის სილურჯემ და სიმსუბუქემ ისე გამაოგნა, რომ მივხვდი, იქიდან წამოსულს იგი ძალიან მომენატრებოდა. არადა, რაღაცის მონატრებამ შეჩვევა იცის. კიდევ ერთხელ რომ გამეხედა იმ ლურჯი ზღვისკენ, მერე ყოველ წელს ან საბერძნეთში უნდა ამომეყო თავი, ან იტალიაში, ან თურქეთში. გარდა ამისა, პატარა აღარ ვარ, სად შემიძლია ხანგრძლივი მგზავრობა. უკვე ასაკოვანი მქვია და საკუთარ ჯანმრთელობას თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდე. საქართველო, მისი ზღვა და მისი ჯანი! ვითომ რითია ნაკლები სხვა ზღვებზე? აქაც ღმუის ზღვა, როცა მრისხანებს, აქაც თვლემს, როცა მშვიდია და აქაც გეფერება, როცა მის ტალღებს ხელს მოხვევ და ჩაეხუტები.
მაგრამ წელს, ალბათ, ვერა. თუმცა ხავერდოვანი სეზონი წინაა, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდება, იქნებ სექტემბრისკენ „დავაწვეთ“ დასავლეთის გზას. ანაკლიაში არ ვყოფილვართ, ბოლოს და ბოლოს, სამეგრელოა, ჩემი მშობლიური მხარე. ხომ შეიძლება მასაც დავდოთ პატივი?
ეჰ, გამიგრძელდა. არადა, საინტერესო ადგილას შევწყვიტე თხრობა, _ ზურიკო, ტიდა და ნანა ზურიკოს ბინაში რომ გადავიდნენ სალაპარაკოდ. ორი საათის შემდეგ უკან მხოლოდ ტიდა და ნანა მობრუნდნენ, ზურიკო შინ დარჩაო, ჩემმა გოგომ მითხრა.
ულაპარაკია დედა-შვილს. ცოტა უკამათიათ, უფრო ცოტა უჩხუბიათ და ბოლოს მაინც შერიგებულან. უფრო სწორად, რაღაცების დათმობაზე წასულა ზურიკო. კიდევ კარგი, ნასვამი იყო და ამით ხასიათმორბილებული. ბოლოს შეთანხმებულან, რომ ნანა ბინას იგირავებდა, რაშიც ზურიკელა დაეხმარებოდა და იმ ექვსი ათას დოლარსაც მაგ საქმეში მოიხმარდნენ, რათა დედამისს მთლად სოროსავით ბინა არ შერჩენოდა ხელთ.
ჩემთვის გასაგები იყო, რატომაც არ უნდოდა ზურიკოს, დედამისს მასთან ეცხოვრა. ჯერ შვილი უნდა შესჩვეოდა დედას, სხვანაირად ერთმანეთს ვერ გაუგებდნენ.
ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, მომეწონა.
ნანა იმ ღამეს ჩვენთან დარჩა და მომდევნო ორი დღეც _ შაბათი და კვირა. ის დღეები დასაგირავებელი ბინის ძებნას შეუდგნენ ჩემი შვილები. ისე გაერთნენ განცხადებების კითხვით და რეკვებით, თითქოს სხვა პრობლემა არაფერი გვქონდა, თითქოს დროებით უკან გადაიწია ირაკლის საგანგაშო ამბავმა. არც იყო გასაკვირი. ჩემი შვილის ამბავს, ასე თუ ისე, ნათელი უკვე მოეფინა და ახლა მხოლოდ საჭირო მომენტს უნდა დავლოდებოდით.
გარდა ამისა, ნანას სამსახურის საქმის მოგვარებაც საჭირბოროტო ამბავი იყო. ვიცოდი, რომ მუსიკალური სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და ვიფიქრე, სადმე იქნებ მუსიკის მასწავლებლის ადგილი ვუშოვო-მეთქი. როცა ამის შესახებ ჩამოვუგდე ლაპარაკი, შორს დაიჭირა, რამდენი ხანია, ფორტეპიანოს არ მივკარებივარო. დავამშვიდე, ეგ საკითხი ადვილი მოსაგვარებელია-მეთქი. ავიღე თუ რამ ნოტების წიგნი მქონდა სახლში და ჩვენს პიანინოსთან დავსვი. თავიდან გაუბედავად შეეხო კლავიშებს, მერე კი უფრო და უფრო გაუთამამდა. როგორი ნეტარება ეწერა სახეზე, უნდა გენახათ.
მე პარალელურად რეკვა ავტეხე, იქნებ რომელიმე საბავშვო ბაღში მაინც ვუშოვო მუსიკის მასწავლებლის ადგილი-მეთქი.
ვუშოვე კიდევაც. იქვე, ვაჟაზე, ირაკლი რომ დადიოდა, იმ ბაღში არ ჰყოლიათ თურმე მუსიკის მასწავლებელი და ეს საქმეც მოვაკვარახჭინე. ძველი ორ კვირაში დეკრეტში გადიოდა და ახალს ეძებდნენ. ნაცნობების ჩართვით და ჩარევით ის ადგილი ნანასთვის დავაბევებინე და კმაყოფილება დამეუფლა, ერთი კეთილი საქმეც რომ მოვაგვარე.
ბავშვებმა საღამოსკენ ბინაც გამონახეს _ ვეძისში, ერთ კერძო სახლში ერთი ოთახი ცალკე სამზარეულოთი და სააბაზანოთი, საჭირო ავეჯით გირავდებოდა. მაშინვე გავარდნენ სანახავად და ნანაც გაიყოლეს.
კმაყოფილები მობრუნდნენ უკან. მოსწონებიათ.
_ რაც მთავარია, ისე მაღალზეა, ნესტი არ შეგაწუხებთ. ცოტა გრძელი აღმართი კი გექნებათ ასავლელი, მაგრამ არა უშავს, ჯანმრთელობისთვის მისწრებაა, _ აღნიშნა ირაკლიმ.
_ ცოტა ბნელიცაა, რადგან ფანჯარა მხოლოდ სამზარეულოს აქვს და ოთახს არა, მაგრამ არა უშავს, ნაქირავებს მაინც აჯობებს, _ დაამატა ტიდამ.
_ სამაგიეროდ, ჩვენთანაც ახლოს იქნება და სამსახურთანაც, _ შენიშნა ზურიკომ.
_ ჰოდა, ეგ ყველაფერი რომ შევუმსუბუქოთ, ხან ჩვენთან დარჩება ხოლმე ღამით, ხან ზურიკოსთან. არა, ზურიკელა? _ მრავალმნიშვნელოვანი მზერა ვესროლე შვილობილს.
მას პასუხი არ გაუცია, ორაზროვნად ჩაიღიმა მხოლოდ. რა თქმა უნდა, თანახმა იყო, ოღონდ ამის გახმოვანების შერცხვა.
დიდ ზურიკოს არ ვაცნობეთ ნანას გამოჩენის ამბავი. შეიძლება ინერვიულოს მამაჩემმა და არ მინდა ჯერ გავაგებინოო, ამიხსნა ზურიკელამ და მეც დავეთანხმე.
_ შემოდგომაზე ისედაც აპირებს ჩამოსვლას და თავისთავად გაიგებს.
_ უი, მართლა? რატომ აქამდე არ მითხარი? სულ ჩამოდის თუ დროებით?
_ ვნახოთ. ჯერ ისე ჩამოვა, მერე არ ვიცი.
_ ისე რა ჰქვია, რისთვის? ამხელა გზაზე, თან ამ ომიანობის დროს ასე ადვილია ჩამოსვლა? მთელი პოლონეთი უნდა გამოიაროს! _ შეწუხებულმა წარმოვთქვი.
ზურიკომ გაოცებული მზერა შემომანათა.
_ როგორ თუ რისთვის? ჩემი ქორწილი მამაჩემის გარეშე როგორ ჩაივლის? ასეთ დროს მამა გვერდით უნდა მყავდეს, სხვანაირად არ იქნება, ნატა!
ქორწილიო? ამათ უყურე! უკვე ქორწილზეც შეთანხმებულან! ყაჩაღანები! მე კი არაფერი მითხრეს, არც კი ჩამაყენეს საქმის კურსში!
_ ვის ქორწილზეა საუბარი, მამაშენს მოჰყავს ცოლი? _ თავი გამოვიშტერე.
_ მამაჩემს არა, მე! _ ღიმილმა გაუნათა სახე ზურიკოს, _ რატომ გადავდო, არ არის დრო, მე და ტიდა დავქორწინდეთ? გაჯანჯლებული არაფერი არ მიყვარს.
_ მერედა, მე ახლა რატომ ვიგებ ამას? _ ვიწყინე.
_ იმიტომ, რომ ირაკლის ამბის ჩამთავრების მერე გვინდოდა შენთვის გვეთქვა. პატარა სიურპრიზად ვტოვებდით.
_ უყურე ამას! ტიდას გათხოვება პატარა სიურპრიზია ჩემთვის, ბიჭო! _ ყასიდად გავბრაზდი.
_ ირაკლის გამართლებასთან შედარებით პატარაა, ნატა, დამიჯერე! _ მომიგო და ხმაც ჩამაკმენდინა.
მართალი იყო. ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი ჩემი ირაკლის გამართლება იქნებოდა, სხვა არაფერი…
გაგრძელება იქნება