ორშაბათს ტიდა, ნანა და ზურიკო ერთად გავიდნენ სახლიდან. ნანას თავის ნაქირავებ ბინასთან ჩამოსვამდნენ, რადგან ახალში გირავნობის ხელშეკრულების გარეშე ვერ გადავიდოდა, ამას კი დრო უნდოდა, ტიდა და ზურიკო კი სტუდიაში გავარდებოდნენ სიუჟეტის ჩასაწერად.
შინ მხოლოდ მე და ირაკლი დავრჩით. ორშაბათი ხომ ისედაც მძიმე დღეა ყველასთვის, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო მძიმე იყო, თან გადამწყვეტიც. დღეს გუმბერიძე უნდა დაეპატიმრებინათ. მხოლოდ ორდერის გაცემა იყო საჭირო, მეტი არაფერი.
დაძაბულობას ვერ ვიხსნიდი. წამებს ვითვლიდი, როდის დამირეკავდნენ ჩემი ბავშვები და მახარებდნენ გუმბერიძის დაჭერის ამბავს. როგორ შეიძლება ვინმეს დაპატიმრება გაგიხარდეს ადამიანს, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, რაც ყველაფერზე მეტად გამახარებდა, რადგან ჩემს შვილს ამის მერე ჩირქს ვეღარავინ მოსცხებდა.
ირაკლი თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა. საწოლზე მიწოლილს ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და რაღაც ფილმს უყურებდა. უყურებდა კი? ამაში ეჭვი მეპარებოდა. ალბათ, ისიც ჩემსავით ელოდა, როდის აწკარუნდებოდა ჩემი ან მისი მობილური.
ჩემდა საბედნიეროდ, მთლად დიდხანს არ მოგვიწია ლოდინმა. პირველის ნახევარი იყო, ტიდამ რომ დარეკა, ლაშა აიყვანესო.
აცახცახებული შევვარდი ჩემი შვილის საძინებელში, პირველ არხზე გადართე-მეთქი. ამის გაგონებაზე ცხრა ფერმა მაინც გადაურბინა სახეზე. მაშინვე წამოხტა, ფეხმორთხმით დაჯდა საწოლზე და პულტი მოიმარჯვა.
_ …ყველანი სენსაციის მომსწრენი გავხდით, _ ლამის ყვიროდა ტიდას მეგობარი ჟურნალისტი ნუცა, რომელსაც ისე ეჭირა მიკროფონი ხელში, თითქოს მოკბეჩას უპირებსო, _ ცნობილი ქირურგი ირაკლი ფაღავა გამართლებულია. ნამდვილი მკვლელი კი ამწუთას დააპატიმრეს საკუთარ სახლში სამართალდამცველებმა!!! ოპერაცია სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და თქვენ ახლა ყველანი ხედავთ, როგორ გამოჰყავთ სახლიდან ბორკილდადებული…
მოულოდნელად ირაკლიმ პულტი წინ გაიშვირა და ტელევიზორი გამორთო. გაოცებულს თვალები გამიფართოვდა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. მესმოდა მისი. არც იყო საჭირო მეტის მოსმენა, ისედაც ყველაფერი ნათლად ჩანდა. რა საჭირო იყო, გუმბერიძის აყვანის სცენებით ნერვები დაეწყვიტა?
_ გილოცავ, დედიკონა, _ ალერსიანად წარმოვთქვი და გავუღიმე.
პასუხად ხელი ნელა დამიქნია და თვითონაც ჩაიღიმა.
სასტუმრო ოთახში გამოვედი და მარტო დავტოვე. ახლა მას ყველაზე მეტად მარტო დარჩენა ესაჭიროებოდა…
***
ერთი საათიც არ გასულა ამ ამბიდან, რომ ტიდას მესიჯი მომივიდა, ჩვენი გადაცემა იწყება და უყურეთო. მაშინვე შევიხედე ჩემს შვილთან, მაგრამ მას თავზე პლედი გადაეფარა და ჩემკენ ზურგით იწვა თავის საწოლში. აღარ შევეხმიანე, იქნებ მართლა ეძინა. ფრთხილად გამოვიხურე კარი და მეორე ტელევიზორი ჩავრთე, რომელიც სასტუმრო ოთახის კედელზე იყო მიმაგრებული.
ჩემი გოგო თავის სიუჟეტებში იშვიათად ჩნდებოდა. ისე მიჰყავდა ხოლმე გადაცემა, ცდილობდა, ეკრანზე ნაკლებად გამოჩენილიყო, მხოლოდ ხმა ისმოდა მისი. ამჯერად თვითონ იჯდა სტუდიაში და მსხვილი პლანით შემოგვყურებდა მონიტორიდან. მის გვერდით ზურიკო მოკალათებულიყო, ფეხი ფეხზე შემოედო. ოდნავ გვერდულად იჯდა, ტიდას შეჰყურებდა, მარჯვენა ხელში გრაგნილივით დახვეული თაბახის ფურცლები მოექცია და მუხლზე მსუბუქად იტყაპუნებდა…
ჩემმა ქალიშვილმა ამბის მოყოლა საკუთარი ცხოვრებით დაიწყო. ვინ იყო თვითონ, რა ოჯახში გაიზარდა, ვინ გაზარდა… ირაკლი როგორი ძმა იყო, ნატა _ როგორი დედა… ზურიკოს რა როლი ეკისრა ჩვენს ცხოვრებაში… და ამ ყველაფერს ისეთი გულში ჩამწვდომი ხმით უამბობდა მაყურებელს, თითქოს მსახიობია და ლექსს გამოთქმით კითხულობსო. მის ხმასა და გამოსახულებას პერიოდულად ცვლიდა სურათები საოჯახო ალბომიდან, _ საბავშვო ბაღი, სკოლის პერიოდი, უნივერსიტეტი, მეგობრები, ტელევიზიაში გადაღებული ფოტოები, კადრები ირაკლის სამუშაო ეპიზოდებიდან, წარმატებული ოპერაციების მიმდინარეობის მოკლე ვიდეოჩანართები…
და, როგორც იქნა, მთავარ სათქმელსაც მიადგა. როგორ დააბრალეს მის ძმას ყოფილი შეყვარებულის მკვლელობა და რა მოჰყვა ამ ყველაფერს. როგორ აიღო თავს თავზე ზურაბ კაშიამ ირაკლი ფაღავას დაცვა და რა მოიმოქმედა ამისთვის. შემდეგ კითხვებით ზურიკოსთან გადავიდა.
ვერც შევამჩნიე, როდის გამოვიდა ირაკლი თავისი ოთახიდან. მხოლოდ მაშინ დავინახე, სავარძლიდან რომ წამოდგა. თურმე გამოსულა და იქვე დამჯდარა. მაგიდას მიუახლოვდა, გრაფინიდან ჭიქაში წყალი ჩამოისხა და ხარბად დალია, ერთი ამოსუნთქვით, ალბათ, სულ სამ ყლუპად…
ნერვიულობდა. არანაკლებ ვნერვიულობდი მეც. ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლები. შვების იყო ეს ცრემლები, შვების და სიხარულის.
როგორც იქნა, სიმართლემ იზეიმა! ზურიკომ ჩემს შვილს სამარცხვინო ლაქა ჩამორეცხა!
***
გადაცემა დამთავრდა თუ არა, დაიწყო და დაიწყო გაუჩერებელი ზარები. მილოცავდნენ შვილის გამართლებას. მილოცავდნენ მეგობრები, ნაცნობები, კოლეგები, მეზობლები, ნათესავები…
თურმე რამდენი ვინმე ყოფილა ჩემ ირგვლივ… და სად იყო ამ ხალხის თითქმის ნახევარი, როცა მე ძალიან მიჭირდა? რატომ მაშინ არ გავახსენდი მათ? ნუთუ მაშინ არ მჭირდებოდა გამხნევება? ახლა რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, ვინ დამირეკავდა და ვინ მომილოცავდა? ადამიანს ხომ ჭირში სჭირდება გამაგრება და არა მხოლოდ ლხინში!
ეჰ, რამდენ შეცდომას ვუშვებთ ნებსით თუ უნებლიეთ… ვუშვებთ და არც ვუფიქრდებით, რომ იმ ერთი, ვითომ შეუმჩნეველი შეცდომით როგორ ვკარგავთ ახლობელი ადამიანის ნდობას. მე ხომ უკვე ზეპირად ვიცოდი, ვისი იმედი უნდა მქონოდა გაჭირვების ჟამს, ვის შეიძლებოდა დავყრდნობოდი და ვის არა? სწორედ ამაზეა ნათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელიაო. რომ არა ეს ამბავი, კიდევ დიდხანს არ მეცოდინებოდა, სინამდვილეში ვინ ვინ იყო. ახლა უკვე ვიცოდი და იმასაც ვხვდებოდი, რომ საიმედო მეგობრების ძველი სია გასაახლებელი მქონდა…
***
შემდეგ იყო ირაკლის პოლიციაში გამოძახებები, ხელახალი დაკითხვები, ლაშასთან დაპირისპირებები… ამჯერად, როგორც მოწმეს, ისე იძახებდნენ. საშინლად დამღლელი პროცესი გამოდგა. არა მხოლოდ ირაკლის, ჩვენც კი დაგვაწყდა ნერვები.
ლაშას მამამ კიდევ ერთხელ დააქცია ქვეყანა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ფაქტები ჯიუტი იყო, ყველანაირი სამხილი არსებობდა მისი დანაშაულის დასამტკიცებლად. მისი გამოტეხა სულაც არ გასჭირვებია მამუკას. ერთმანეთის მიყოლებით უდებდა ეჭვმიტანილს მაგიდაზე ექსპერტიზის დასკვნებს _ სისხლის ლაქები მის უკვე გარეცხილ ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე. ვიდეოკამერაზე დაფიქსირებული სადმირასთან მისი მისვლის დრო, თითის ანაბეჭდების არარსებობა კარის სახელურზე თუ მკვლელობის იარაღზე…
ლაშა უძლური აღმოჩნდა, სამხილებს დაპირისპირებოდა, ამიტომ ფარ-ხმალი დაყარა და იმ დღესვე აღიარა დანაშაული. დაწვრილებით მოუყვა გამომძიებელს, სინამდვილეში რა მოხდა იმ საღამოს. სამსახურიდან დაბრუნებული სადმირა გაბრაზებულა, როცა ლაშა ისევ თავისთან დახვედრია. უთქვამს, ერთ საათში ირაკლის ველოდები, ჩემი ბინის გასაღები უნდა დამიბრუნოს და სულაც არ მინდა ერთმანეთი ნახოთ, ამიტომ აჯობებს წახვიდეო. მერე კი საჭმლის კეთება დაიწყო, რათა თავის ყოფილს გამასპინძლებოდა, ამან კი ჭკუიდან გადამიყვანა, ისე ვიეჭვიანეო. ამას შეჰყოლიან. ბოლოს სადმირას მისთვის საფერფლე გაუქანებია. ლაშას ეს ვერ მოუთმენია, აუღია თავისი ნაჩუქარი ვაზა და თავში უთხლეშია საცოლისთვის… მაგრამ მისი მოკვლა არ მინდოდა, უბრალოდ, ვეღარ მოვზომეო. როცა მიხვდა, რომ გოგო მოკლა, მაშინვე გადაწყვიტა, მკვლელობა ირაკლისთვის დაებრალებინა. სწრაფად იმოქმედა, ყველა კვალი წაშალა, ბინიდან გავიდა და ზედა სართულზე ასული დაელოდა ირაკლის გამოჩენას… იმ სიჩქარეში კი უამრავი შეცდომა დაუშვა…
დანარჩენი სასამართლოზე იყო დამოკიდებული, პროცესს როდის ჩანიშნავდნენ და რამდენს მიუსჯიდნენ…
როგორც იქნა, ამანაც ჩაიარა. ჩემი შვილი გაამართლეს, სამსახურშიც აღადგინეს და ამ შემთხვევაზე კიდევ დიდხანს წერეს და ილაპარაკეს პრესასა და ტელევიზიაში. გარდა ამისა, ზურიკელა გააღმერთეს. საბოლოოდ შერჩა „ექიმების ადვოკატის“ სახელი. იმ დღიდან მასზე მოთხოვნა ერთიორად გაიზარდა. ხან ტელევიზიებში იწვევდნენ, ხანაც ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. ყველგან მისი ფოტო იყო გამოჭიმული.
ერთმა ჟურნალისტმა გადაცემაში ისიც კი ჰკითხა, ასეთი ალღო რომ გაქვთ, გამომძიებლობაზე არ გიფიქრიათო? ზურიკომ ჩაიცინა და უპასუხა, გამომძიებელი ისედაც ვარ, ადვოკატის მოვალეობაში სიმართლის ძიება შედისო.
***
აი, ასეთ აჟიოტაჟში ჩაიარა ზაფხულმა. ზღვაზე მაინც ვერ წავედით, რადგან 31 ოქტომბერს ქორწილი დავგეგმეთ და უამრავი საქმე გვქონდა მოსაგვარებელი. დიდი ზურიკოც ჩამოვიდა ლვოვიდან. ნანასაც შევახვედრეთ, თუმცა ისე მშვიდად ჩაიარა ამ შეხვედრამ, ყველანი გაოცებულები დავრჩით. ძალიან მშვიდად შეხვდა ზურიკოს მამა თავის ყოფილ ცოლს, თითქოს მათ შორის შავ კატას არასდროს გაერბინოს. ისე მოიკითხა, როგორც დიდი ხნის უნახავი კარგი ნაცნობი. აგრესია წამითაც არ გამოუმჟღავნებია. ის კი არა, რაღაც მომენტში ისიც ვიფიქრე, იქნებ კიდევაც შერიგდნენ-მეთქი, მაგრამ არა. საბოლოო ჯამში დიდმა ზურიკომ ცოლს ღალატი არ აპატია… თუმცა სულ „არარაობას“ ასეთი ურთიერთობა სჯობდა, უბრად მაინც არ იყვნენ ერთმანეთთან.
ყველაფერი მოგვარდა. ნანა ნაგირავებ ბინაში მალევე გადავიდა. მუშაობაც დაიწყო ბაღში და ჩვენც ხშირად გვსტუმრობდა. მას და ზურიკოს შორის ყინული ნელ-ნელა გალღვა, შერიგდნენ. დედა-შვილის ყურებას არაფერი სჯობდა, როცა ერთად იყვნენ. რამდენჯერ ამჩუყებია გული, როცა ზურიკო ნანას ხელს მოხვევდა და მის თავს მკერდზე მიიხუტებდა…
ჯვრისწერაზე ტიდას თეთრი საპატარძლო კაბა ეცვა. როცა სალონიდან გამოვიდა, ისეთი ლამაზი იყო, ძლივს ვიცანით.
_ როგორი ეგზოტიკური ცოლი მყავს, _ ამაყად გადმოგვხედა ზურიკომ მე და ირაკლის.
_ გეთანხმები, _ კვერი დაუკრა ჩემმა ბიჭმა და ჯღანავით გააგრძელა, _ მართლაც „ეგზომ ტიკურია“! _ პასუხად კი ტიდას მუჯლუგუნი დაიმსახურა.
ქორწილმა შესანიშნავად ჩაიარა. ჩავარესტორნეთ. ჩემი გოგო ბრწყინავდა, მოუხდა პატარძლობა. ბრწყინავდა ზურიკოც. მოუხდა ნეფეობა. შესანიშნავი წყვილი იყო, აკვდებოდნენ ერთმანეთს. მე და ნანას კი, მათ შემხედვარეს, სიხარულის ცრემლები ღაპაღუპით გვდიოდა.
ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტი ირაკლის სადღეგრძელო იყო, როცა თავისი და და სიძე ადღეგრძელა. იმდენი ილაპარაკა ზურიკოზე, იმდენი რამე გაიხსენა ბავშვობიდან, ქალები ტირილით დაიხოცნენ.
_ იყო დრო, დამშალა ცხოვრებამ, წამშალა, შემშალა და, საერთოდ, ამომშალა თავისი სიიდან, _ ჰყვებოდა ირაკლი, _ მაგრამ მოვიდა ზურიკო, დამიდგა გვერდში და შეშინებულმა დრომ ისეთი პირუეტები გააკეთა, წამში ყველაფერი ძველ ადგილას დააბრუნა. ჩემს ზურიკელას გაუმარჯოს, ჩემს ალალ ძმას, ღვიძლ ძმაზე უფრო ძმას! ამიერიდან ამ რეგალიებს კიდევ ერთი სტატუსი დაემატა _ იგი დღეიდან ჩემი სიძეა! ჰოდა, გაგიმარჯოს, ძმაო, სიძევ და მეგობარო ჩემო, ჩემს ტიდასთან ერთად გაგიმარჯოს! მრავალჟამიერ თქვენი ცოლქმრობა!
ერთობ დრამატული სცენა იყო. მე ისე ვსლუკუნებდი, მთელი ჩემი საგულდაგულოდ გაკეთებული მაკიაჟი ცრემლებს გავატანე. მაგრამ კულმინაცია სადღეგრძელოს ბოლოს იყო, როცა ირაკლიმ და ზურიკომ „შაირობანა“ გამართეს. როცა ჩემმა შვილმა ყანწი დაცალა სიტყვებით, ასე მტერი დაგეცალოთო, რესტორნის დარბაზში ტაშისცემა ატყდა და როცა იგი დაცხრა, ირაკლიმ უცებ ზურიკოსკენ საჩვენებელი თითი გაიშვირა, თვალი ჩაუკრა და შესძახა:
_ ერთი, ორი, სამი… სამი სამოსანი!
ამის მოსმენაზე ყველა გაისუსა, ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავდა მისი შეძახილი.
ზურიკელამ მაშინვე აუღო ალღო მეგობრის წამოწყებას და ეგრევე „მორიგე სტრიქონები“ შეაგება:
_ ოთხი, ხუთი, ექვსი, არ აიღო სესხი!
_ შვიდი, რვა, ცხრა, ტუზი დაგეცა! _ გაეპაექრა ისევ ირაკლი და უცებ მე მანიშნა, შემოგვიერთდიო.
მეც, ცრემლებში ნაბანავებმა, არ დავახანე და არ ვიცი, საიდან მომეპარა ამ დროს „მუზა“, ეგრევე ავყევი ჩემს ბიჭებს:
_ ათი, თერთმეტ-თორმეტი, დაიჭირე მომენტი!
აი, მაშინ უნდა გენახათ ტაშის გრიალი. დაინგრა დარბაზი. ყველა სტუმარი ხარხარებდა, აპლოდისმენტები არ ცხრებოდა.
მერე იყო კიდევ ბევრი სადღეგრძელო, ბევრი სიმღერა და უფრო ბევრი ცეკვა.
ვუყურებდი ამ ყველაფერს და ვგრძნობდი, რომ სტუმრად ბედნიერება მეწვია. ბედნიერება, რომელსაც შემოდგომა ეცვა, ყვითელფოთლებიანი შემოდგომა. თან წვიმის სურნელი ასდიოდა. მე, ყავის ნაცვლად, ჩემი სიხარულის ცრემლებით ვუმასპინძლდებოდი, ის კი შაქრის ნაცვლად ჩემს ცრემლებში ოქტომბერში მიწაზე დაფენილი ყვითელი ფოთლებივით გამომშრალ ვარსკვლავებს ყრიდა.
მღეროდა დარბაზი და მღეროდა ჩემი ბედნიერებაც, რომელსაც შემოდგომა ეცვა. მღეროდა სინათლეზე, სიყვარულზე, სითბოზე, იმაზე, რაც ასე ჩუმად ზის ჩვენს გულებში და მოლოდინით გვავსებს… მღეროდა ადამიანების სიკეთეზე, ღიმილზე, სიცილზე, რომელიც ძალიან ჰგავს ქარვისფერ ნიავს. მღეროდა სველ ბილიკებზე, რომელიც იმისკენ მიემართება, რასაც ყოველი ჩვენგანი ყოველდღე გაფაციცებით ეძებს… ჩემი ბედნიერება ხან ჩიტივით შემომაჯდებოდა მხარზე, ხან კატასავით მოკალათდებოდა ჩემს მუხლებზე… დაიარა დარბაზის ყველა კუთხე-კუნჭული და თავისი კვალი ყველგან დატოვა… მერე მოისხა მხრებზე ბავშვური სიზმრებით გაფერადებული ცისარტყელა და ჩვენი ბინისკენ გაფრინდა, რათა იქ ჩაგვსაფრებოდა… დაგვლოდებოდა… ჩაგვსახლებოდა…
ხვალიდან ჩემი ოჯახის ცხოვრებაში სხვა მზე ამონათდებოდა, ზღვა-მზე, დაიწყებოდა ახალი დღე, ახალი თვე და ახალი ისტორია… ჩვენი ისტორია. გველოდა სიყვარული, ზღვა, სიყვარულის ზღვა.
და მე ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა ზღვამზიანი სიყვარულის ხვალინდელი დღე.
შემოდგომა კი, როგორც ყოველთვის, ფოთლებს აბერებდა…
დასასრული