ახლა რა უნდა გაეკეთებინა, არ იცოდა. მთელი ორი საათი იჯდა სკვერში, თვალგაშტერებული მისჩერებოდა მაგნოლიის ერთ უზარმაზარ ფოთოლს და დროს უაზროდ კლავდა. მხოლოდ ერთი შეკითხვა უბურღავდა გონებას _ ახლა რა ვქნა? და პასუხს ვერ პოულობდა.
გასაგები იყო, რომ უახლოეს ერთ საათში უნდა მიბრუნებულიყო სოსოსთან, მის ნაქირავებ ბინაში და თავისი ბარგი წამოეღო. წამოეღო და წამოსულიყო, მაგრამ სად? და მერე? რა მოემოქმედებინა მერე?
ყველაფერი მისი ბრალია, რატომ ჩამოვიდა ერთი დღით ადრე? თავის დროზე რომ დაბრუნებულიყო, ამხელა ტკივილით არ გაევსებოდა გული, ვერ გაიგებდა იმ საზიზღარ სიმართლეს, რომლის მოწმეც ორი საათის წინ გახდა, და სოსოსაც ეცხოვრა თავისი ტკბილი ფარისევლობით, რასაც ლელი აქამდე ვერ ხვდებოდა. ხომ გაგრძელდებოდა ყველაფერი ძველებურად? მამაკაცი ეტყოდა, მიყვარხარო და ესეც დაუჯერებდა, გაუღიმებდა, აკოცებდა და შემდეგ სადილს მოუმზადებდა…
თუმცა… ვითომ ჯობდა ასე გაგრძელებულიყო? დღემდე თვალდახუჭულს სჯეროდა მისი, ენდობოდა და ხვალინდელი დღის გეგმებს აწყობდა. ახლა კი ფერადი მომავლისგან აღარაფერი დარჩა, სრულიად არაფერი.
მწარედ ჩაეცინა, როცა გაიხსენა, როგორ ჩქარობდა სამუშაოს დამთავრებას საგურამოში, იონა ნემსაძის სახლში, რათა დროზე დაბრუნებულიყო თბილისში, სადაც სოსო ელოდებოდა. ძალიან მოენატრა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ურეკავდა და საათობით საუბრობდნენ. ლელი უყვებოდა ყველაფერს _ რომელ დღეს რა გააკეთა, როგორ მოუწონა ოჯახის უფროსმა იდეა, რა დაუწუნა… სოსო კი მხოლოდ უსმენდა, რადგან, როგორც ეუბნებოდა, არც არაფერი ჰქონდა მოსაყოლი. არ იყო ლელი, არ არსებობდა მისთვის ირგვლივ არაფერი _ მხოლოდ მოსაწყენი სიმარტოვე და მორჩა. მასაც ეცოდებოდა, მარტო რომ მიაგდო საყვარელი მამაკაცი და სწორედ ამიტომაც ახსენებდა ყოველდღე თავს. ჰო, მხოლოდ ახლა გააანალიზა, რომ ყოველთვის თვითონ ურეკავდა პირველი, მისგან კი არც ერთი ზარი არ შემოსულა, რაც საგურამოში იყო. საინტერესოა, ლელის რომ არ დაერეკა, გაახსენდებოდა კი საერთოდ მისი არსებობა?
აი, თურმე რატომ… აი, თურმე, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული…
არადა, ერთი დღით ადრე დაამთავრა საქმე და არც ავტობუსის ლოდინმა მოუწია და არც სამარშრუტო ტაქსის _ იონა თბილისში მოდიოდა და ლელიც თან გამოიყოლა. გამოიყოლა და პირდაპირ სახლის სადარბაზოსთან მიაბრძანა. საღამომდე დიდი დრო იყო დარჩენილი, ამიტომ სუპერმარკეტში შეირბინა, სადილისთვის საჭირო სანოვაგე იყიდა და გადაწყვიტა, სოსოსთვის სიურპრიზი დაეხვედრებინა _ რომანტიკული სუფრა ორისთვის. სული ეხუთებოდა, სანამ მესამე სართულზე აირბენდა და ბინის კარს გააღებდა. ეჩქარებოდა, რათა დროზე მოესწრო კერძების მომზადება.
ბედის ირონიაც ამას ჰქვია! როგორც კი კარი შეაღო, მაშინვე ქალის სუნამოს სურნელმა შეუღიტინა ცხვირში, მისთვის უცხო სურნელმა. რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ ეს? _ გაიფიქრა უსიამოვნოდ. შემდეგ ქალის კლაჩი დაინახა _ წითელი, ნიანგის ტყავის. ასეთი მას არ ჰქონდა. სამაგიეროდ, მის დაქალს, ქეთის ჰქონდა. სტუმრად მოვიდა? ცოტა უცნაურია, რატომ მაინცდამაინც მაშინ, როცა ლელი თბილისში არ იმყოფებოდა? კიდევ რამდენიმე ნაბიჯი… ოთხი, ხუთი, ექვსი… ჰოპ! ეს საძინებელის კარია… ფრთხილად შეაღო… შეაღო და ადგილზე გაქვავდა.
ორკაციან ფართო საწოლზე, რომელიც მან და სოსომ ერთი წლის წინ შეიძინეს ფასდაკლებებზე, მისი უახლოესი მეგობარი ქეთი იწვა. შიშველი ქეთი. სახე არ უჩანდა გულდაღმა მწოლიარეს, მაგრამ თმით იცნო, ფაფუკი, ლამაზი, გრძელი ქერა თმით. თვალში მოხვდა ასევე მისი გარუჯული ზურგი და მკლავები. ცოტა არ იყოს, გაუკვირდა _ ქეთის გარუჯვა არ უყვარდა. უფრო სწორად, ექიმმა აუკრძალა მზის აბაზანები, რადგან ჩიყვის ოპერაცია ახლახან გაიკეთა და მისთვის არ შეიძლებოდა დიდხანს მზეზე წოლა. ესეც რომ არა, ქეთი ისედაც ყოველთვის უფრთხილდებოდა თავის თავს _ მისი დილა ჭიქა წყლით იწყებოდა, ყავას არ სვამდა, არ ეწეოდა, ვარჯიშობდა და ჯანსაღად იკვებებოდა, დიეტოლოგის დანიშნულებისამებრ. ამიტომაც იყო, რომ ოცდარვა წლის ასაკში ოცი წლის გოგოსავით გამოიყურებოდა. ახლაც მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, ოღონდ პირქვე დამხობილს. რა თქმა უნდა, გაუხარდებოდა ლელის მეგობრის ნახვა, მის გვერდით სოსოს რომ არ სძინებოდა. შიშველ სოსოს. ის გვერდულად იწვა, ცალი ხელი თავქვეშ დაედო, მეორე კი ქეთის ზურგზე.
ერთხანს გაქვავებული მისჩერებოდა ლელი ამ სურათს და თვალს ვერ აშორებდა წყვილს. არადა, ლამაზი სანახავი იყო ორი შიშველი სხეული. მისთვის, როგორც დიზაინერისთვის, ეს სილამაზე ადვილი აღსაქმელი იყო, მაგრამ როგორც ქალისთვის _ მომაკვდინებელი. მერე, რომ არ დაეყვირა, ხელისგული პირზე მიიფარა, ფეხის წვერებზე აწეულმა უკან, კარისკენ დაიხია, ოთახიდან გავიდა და თავის პროდუქტებით სავსე პარკიანად სასწრაფოდ დატოვა ბინა.
სანამ უნდა იჯდეს აქ? მთელი ღამეც რომ გაათენოს პარკში, არავინ არაფერს ეტყვის, მაგრამ ამით სიტუაცია ხომ არ შეიცვლება? აჯობებს, გონებას მოუხმოს, ძალები მოიკრიბოს და იფიქროს იმაზე, როგორ წამოვიდეს სოსოსგან ღირსეულად. არა, სკანდალის ატეხას არ აპირებს, ეგღა აკლია, თუმცა ამის დიდი სურვილი გაუჩნდა, როცა საძინებელში შევიდა. როგორ მოიფხანდა გულს, გემრიელად რომ გამოელანძღა ორივე, ეთქვა ყველაფერი, რასაც იმწუთას მათზე ფიქრობდა…
წელიწად-ნახევარია, რაც ერთმანეთი გაიცნეს. მართალია, მაშინ ლელი ოცდაშვიდის ხდებოდა და სოსომდეც ჰქონია ერთი-ორი რომანი, მაგრამ ასე ახლოს არასდროს ყოფილა სხვა მამაკაცთან. სოსო იყო ის ერთადერთი, ვისაც დაუწვა. ასევე, ის ერთადერთი, რომელიც შეუყვარდა და მის გარდა ქვეყანაზე ვერავის ამჩნევდა. ასე არასდროს არავინ ჰყვარებია. გაიცნო სოსო და მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო ნამდვილი სიყვარული, დიდი სიყვარული, რომელსაც ამდენ ხანს ელოდა.
ლელი ხომ სულ მარტო იყო. ყოველთვის. თუ გამოვრიცხავთ იმ რამდენიმე წელს, როცა ჯერ კიდევ მოზარდი, აუცილებლად თვლიდა, გვერდით ვიღაც ჰყოლოდა. ბავშვური რომანები და მორჩა. ახლა აღარც კი ახსოვს ის წლები, სახელებიც კი არ ახსოვს იმ ბიჭების, კოცნას რომ ვერ უბედავდნენ გოროზ გოგონას. არა, განმარტოებულად კი არ ცხოვრობდა, მხოლოდ თავის სამყაროში, უბრალოდ, ყოველთვის მარტო გრძნობდა თავს _ გოგონა კი არ იყო, არამედ რაღაც ნივთი, რომელიც ყუთშია ჩაკეტილი. ვერ იტყვის, რომ ძალიან აწუხებდა ეს მდგომარეობა _ ბავშვობის და მოზარდობის პერიოდში იგი მიეჩვია ასეთ ყოფას, ეგონა, რომ ასე იყო საჭირო.
ქეთის გაცნობა იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც «ადამიანებისკენ» გადადგა. ან იქნებ მაშინ იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ კარდინალურად გადაწყვიტა თავისი ცხოვრების შეცვლა? ხოლო შემდეგ, როცა ასპარეზზე სოსო გამოჩნდა, ბოლომდე გათავისუფლდა მარტოობის შეგრძნებისგან. იგრძნო, რომ ვიღაცისთვის საჭირო იყო, ვიღაცას უყვარდა. დიდი ხანია არ გამოეცადა მსგავსი რამ. როგორც ჩანს, სწორედ ამან დაახვია თავბრუ და გადაისროლა თავდავიწყებაში. დარწმუნებული იყო, რომ საოცნებო მამაკაციც ასე ფიქრობდა, რომ მისთვისაც არავინ არსებობდა ამქვეყნად ლელის გარდა. აბა როგორ უნდა ყოფილიყო სხვანაირად, როცა მამაკაცმა გაცნობიდან ზუსტად ერთ თვეში შესთავაზა, ყოფილიყვნენ ერთად და ერთადვე გაეზიარებინათ ჭირიც და ლხინიც? რომ არ ჰყვარებოდა, რა ძალა ედგა, შეეთავაზებინა ერთად ცხოვრება?
და მართლაც, წელიწად-ნახევარია, ერთად არიან. ისიც უნდა აღიაროს, რომ ბევრი, ძალიან ბევრი სიხარული და ბედნიერი დღე აჩუქა სოსომ, ამას ვერ დაუკარგავს. იმდენად ბევრი, რომ ეშინოდა კიდევაც, ასე არ ხდებაო, აი, ასე, რომ ყველაფერი კარგად იყოს. დღეს კი დარწმუნდა თავისი ფიქრების სისწორეში _ მართლა არ ხდება თურმე ასე. როგორც ჩანს, ადამიანებს შეუძლიათ მოჩვენებითი ბედნიერებით ცხოვრება. საინტერესოა, დიდი ხანია, ქეთისთან ღალატობს? როგორ ვერაფერი შეამჩნია ან ერთს, ან მეორეს? იქნებ მის გარდა სხვა ქალებსაც ხვდებოდა და ვერც ამას ამჩნევდა? ვინ იცის, ვინ იცის… ტკივილიანი ოხვრა აღმოხდა და, როგორც იქნა, მზერა მოაცილა მაგნოლიის ფოთოლს.
დაბრუნების დროა, მართლა აქ ხომ არ დაიღამებს. თითები ერთმანეთში გადახლართა, დააწვა ჯერ ერთ მხარეს, მერე მეორე მხარეს და როცა ორივე ხელის სახსრებმა გაიტკაცუნა, წამოდგა. პროდუქტებით სავსე პარკს თვალი შეავლო. შეყოყმანდა, ვერ გადაეწყვიტა, აქ დაეტოვებინა თუ თან წაეღო.
დატოვა… იქნებ ისეთმა ვინმემ იპოვოს, ვისაც მასზე მეტად სჭირდება…
მძიმე ნაბიჯებით გაუყვა ნაცნობ მარშრუტს. ასე არასდროს დაზარებია შინ მისვლა, ასე არასდროს დარჩენია ფეხები უკან. მექანიკურად შედგა, როცა შუქნიშანზე წითელი აინთო და ასევე მექანიკურად გადაკვეთა ქუჩა მწვანე შუქზე. გაუღიმებლად დაუქნია თავი მეზობელს, რომელიც მხიარულად მიესალმა… კართან ორი-სამი წუთით შედგა, რომ სული მოეთქვა და გამბედაობა შემატებოდა. შემდეგ ზარი დარეკა…
კარი გაიღო და სოსო დაინახა. მის თვალებში დაბნეულობა გაკრთა, მაგრამ მხოლოდ წამიერად.
_ ლელი? ადრე რატომ ჩამოხვედი? რატომ არ გამაფრთხილე? დაგერეკა, დაგხვდებოდი… კარი შენი გასაღებით რატომ არ გააღე, ხომ არ დაკარგე?
მიაყარა და მიაყარა სოსომ შეკითხვები ისე, რომ პასუხს არ დალოდებია. ლელის არც სურდა პასუხის გაცემა, არც უცდია. აღარ შერჩა ძალა, სიტყვების უაზრო რახარუხისთვის დაეხარჯა, მით უფრო, როცა სრულიად ზედმეტი გამხდარიყო ეს სიტყვები.
არც კი მიესალმა მამაკაცს, უხმოდ გაეშურა საძინებლისკენ. გზად მის საყვარელ სავარძელ-საქანელას გამოედო, ასე რომ უყვარდა შიგ ნებივრობა. როგორც კი ოთახში შევიდა, კარადა გამოაღო და თავისი ტანსაცმლის გადმოყრას შეუდგა.
სოსო მის ზურგს უკან იდგა.
_ რა მოხდა? საით გაგიწევია?
_ შენგან მივდივარ, _ ორი სიტყვა გადაუგდო და საწოლის ქვემოდან ტყავის ჩემოდანი გამოიღო, რომელიც წელიწად-ნახევარია, არ დასჭირვებია.
გაგრძელება ქინება