ამბავი, რომელმაც თავის დროზე ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, Netflix-ის სერიალის "მონსტრები: ძმები მენენდესების ისტორია" გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ახლა ორი ძმა - ერიკ და ლაილი სასჯელს იხდის. მათ მშობლები მრავალმილიონიანი მემკვიდრეობის გამო დახოცეს და სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. რეალური ამბავი კი, რომელიც სერიალს დაედო საფუძვლად , მართლაც გამაოგნებელია...
მენენდესების ოჯახის ამბავი
ერიკისა და ლაილის მამა, ხოსე მენენდესი კუბაში, პროფესიონალი ფეხბურთელის ოჯახში, დაიბადა. 16 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში, მარტო წავიდა ემიგრაციაში. როგორც ცნობილია, ხოსეს წინაპრები საკმაოდ შეძლებული და გავლენიანი ადამიანები იყვნენ და ბევრი მათგანი სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ზოგი მოკლეს, ზოგიც ხანგრძლივი დროით დააპატიმრეს. ამიტომაც, ხოსე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ფულის შოვნის ხერხები "მემკვიდრეობით" გადაეცა.
ამერიკაში გადასვლის შემდეგ ხოსე მენენდესი ოჯახის მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა. შემდეგ კი სწავლა სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში დაიწყო. იქ გოგონა, მერი ლუის "კიტი" ანდერსენი გაიცნო და შეუყვარდა. მერი ლუისი ხოსეზე 2 წლით უფროსი იყო. ახალგაზრდებმა მალევე უნივერსიტეტი მიატოვეს და ნიუ-იორკში ერთად გადავიდნენ. ხოსემ საყვარელ ქალს ცოლობა სთხოვა და ოფიციალურად დაქორწინდნენ.
ხოსეს მამა თავდაპირველად ამ კავშირის წინააღმდეგი იყო და წერილებში წერდა, რომ ბიჭი ოჯახის შესაქმნელად და ამ პასუხისმგებლობის ასაღებად ძალიან ახალგაზრდა იყო.
"თუ 16 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ უცხო ქვეყანაში გადავსულიყავი, 19 წელი დაქორწინებისთვის ადრე რატომაა?" - უპასუხა ხოსემ მამის წერილს.
ახალდაქორწინებულებმა მუშაობა დაიწყეს. ხოსე ბუღალტერი იყო, კიტი კი ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. მალე ვაჟები შეეძინათ, 2-წლიანი სხვაობით. უფროსს ლაილი დაარქვეს, უმცროსს კი ერიკი. ხოსე დაჟინებით მოითხოვდა, რომ მეუღლეს აღარ ემუშავა და შვილებსა და სახლის საქმეებზე ეზრუნა.
წაიკითხეთ სრულად