უყვარს ლელის ეს ჩემოდანი. დედამ უთხრა, მამაშენმა სპეციალურად ჩამომიტანა იგი ბულგარეთიდან, სნამ ჩემგან წავიდოდაო. ამიტომაც უყვარს _ ეს ჩემოდანი და ლელი ტოლები არიან, თან მამის ნაყიდია, ვიღაცის კი არა. ამიტომაც ამ ჩემოდანს არასდროს მიატოვებს. მართალია, ალაგ-ალაგ ცოტა გადაიქექა ტყავი, მაგრამ არა უშავს, კიდევ დიდხანს შეძლებს პატრონის მომსახურებას. ლელი მზად იყო, ყველაფერზე ეფიქრა, თუნდაც ჩემოდნის გადაქექილ ადგილებზე, მხოლოდ არა იმაზე, რაც ამწუთას მასა და სოსოს შორის ხდებოდა. ის კი ამ დროს დაკითხვას განაგრძობდა:
_ ამიხსენი ბოლოს და ბოლოს, რა ბზიკმა გიკბინა?
ჰმ… აინტერესებს თურმე! იგრძნო, როგორ ერეოდა ბრაზი, რომელსაც ნელ-ნელა განრისხება ცვლიდა. გულში ათამდე დაითვალა, რომ თავი როგორმე მოეთოკა, ღრმად ამოისუნთქა და როგორც კი მორიგი მაისური ჩემოდანში ჩააგდო, მკვეთრად შემობრუნდა.
_ კარგი, აგიხსნი, თუ ასე ძალიან გინდა. რამდენიმე საათია, რაც ჩამოვედი. მოვედი შინ, შემოვაღე ეს კარი და იცი, რა სურათი გადამეშალა თვალწინ? შენ და ქეთი ერთად იწექით, სრულიად შიშველი აი, ამ ლოგინზე, ჩვენს ლოგინზე!
სოსომ სასაცილოდ გაშალა ხელები. ღმერთო, რა საზიზღრად გამოუვიდა, სულ არ შეუძლია მსახიობობა.
_ აი, თურმე რა ყოფილა! დიდი ამბავი, შენს დაქალთან თუ დავწექი! კარგი თოჯინაა და ცდუნებას ვერ ვძლიე. სამაგიეროდ, სხვა რამეში შენთან ახლოსაც ვერ მოვა _ ვერც ჭკუით, ვერც ნიჭით, ვერც ხასიათით. ცოტათი თუ გახდები, საერთოდ, ქალი ვერ გაჯობებს!
ლელიმ ჩაიცინა და უეცრად საოცარი სიმშვიდე დაეუფლა. თითქოს ვიღაცამ უჩურჩულა, სწორად იქცევიო. კვლავ შეაქცია ზურგი მამაკაცს და განაგრძნო ჩემოდნის ჩალაგება.
სოსო ახლოს მივიდა ქალთან, მხრებში ჩაავლო ხელი და შეანჯღრია.
_ ნუ სულელობ, საყვარელო, დარჩი.
ოდნავ შეუტოკდა გული, როცა მისგან ეს სიტყვები მოისმინა, მაგრამ მაშინვე უხეშად მიუგო:
_ არა.
მამაკაცმა ჩაახველა და განზე გადგა.
_ ტრაგედიისთვის მიზეზს ვერ ვხედავ, _ თქვა ცოტა ხნის შემდეგ, _ როგორც გინდა. თუ წასვლა გსურს, წადი, არავინ გაკავებს.
ლელიმ ჩემოდანი დახურა და ბინიდან გავიდა, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, საით უნდა წასულიყო. ის კვლავ მარტო აღმოჩნდა.
ისევ პარკისკენ აიღო გეზი. ყოველთვის უყვარდა აქ განმარტოება. მოკირწყლული ბილიკები, მაგნოლიის ხეები და დეკორატიული მარადმწვანე ბუჩქები სულს უფორიაქებდა. არა უშავს, ბოლოს და ბოლოს, ერთ ღამეს აქ გაათენებს, არაფერი მოუვა. ანგარიშზე ფული აღარ აქვს, იონა ხვალ გადმოურიცხავს ჰონორარს, ჯიბეში კი სულ რამდენიმე ლარიღა დარჩა. რომ მიდიოდა, მთელი დანაზოგი სოსოს საუტოვა, რადგან ისიც უკაპიკოდ იყო, მან მხოლოდ სამი კვირაა, რაც მუშაობა დაიწყო. და რადგან ოჯახს, თუკი ამას ოჯახი ერქვა, ძირითადად ლელი უძღვებოდა, დაგროვებას ვერ ახერხებდა. იქნებ ამიტომაცაა, რომ დანაზოგი არასდროს აქვს.
ეს საკითხი დღემდე არ აღელვებდა. აბა როგორ უნდა ყოფილიყო სხვანაირად? ახლობელ ადამიანებს შორის ასეთ წვრილმანებზე ლაპარაკი განა შეიძლება? არასდროს წამოუყვედრებია მისთვის, ჩემს ხარჯზე ცხოვრობო… და ისიც ცხოვრობდა, ლაღად და უზრუნველად. სოსოს, დღე არ გავიდოდა, არ ეთქვა, მიყვარხარო და ისიც დარწმუნებული იყო, წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ სოსოსთვის სასურველ ქალს წარმოადგენდა. როგორც აღმოჩნდა, სულაც არ ყოფილა ასე. როგორც ჩანს, ის მის კილოგრამებს ითვლიდა. თურმე მხოლოდ მორიგი ქალი ყოფილა მისთვის.
სადღაც არის სიმართლის მარცვლები სოსოს შენიშვნაში _ ბოლო დროს ძალიან მიუშვა თავი, ტკბილეულს მიეძალა და ძროხას დაემსგავსა. ქეთისთან ახლოსაც ვერ მივა, ის ნამდვილი სრულყოფილებაა, თოჯინა! ეს კი ძროხა, მსუქანი ძროხა, ქეთი კი თოჯინა. კარგა ხანს მხოლოდ ეს ორი ეპითეტი უტრიალებდა გონებაში: _ თოჯინა, მსუქანი ძროხა, თოჯინა, მსუქანი ძროხა…
ის იყო, პარკის შესასვლელს მიუახლოვდა, რომ მუხრუჭების ღრჭიალი გაიგონა, მერე კი ნაცნობი ხმა:
_ ლელი?
ლელი გაჩერდა და თავი გზისკენ მიაბრუნა. მანქანიდან იონას გადმოეყო თავი.
_ საით შენი მგზავრობა ჩემოდნითურთ?
ქალმა ხელი აიქნია და ოხვრით მიუგო:
_ არ ვიცი.
მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და სიტყვა არ უთქვამს, ისე ჩამოართვა ჩემოდანი, რომელიც მაშინვე საბარგულში მოათავსა.
_ რას აკეთებ? _ გაოცებულმა ლელიმ ხელები გაშალა.
_ შენთვის სამუშაო მაქვს.
_ მაგრამ მე დღეს დავამთავრე შენთან მუშაობა.
იონამ პასუხი არ გასცა, საბარგული ჩაკეტა და მანქანის წინა კარი გამოაღო.
_ ცდები. შენ მხოლოდ სახლის ფასადის წინა ნაწილი მოაწყვე. ვიფიქრე, რაღა შუა გზაზე მივატოვო საქმე-მეთქი და გადავწყვიტე, დარჩენილი ტერიტორიაც მოვაწყო. ასე რომ, ხვალიდან შეგიძლია საქმეს შეუდგე. მხოლოდ ბაღი კი არ არის მთავარი, ეზოს მთელი შემოგარენია მოსაწყობი. შენ რა, გინდა სხვა დიზაინერი დავიქირაო?
_ გმადლობ, _ ლელის შვება მოჰგვარა მისმა ნათქვამმა.
რა თქმა უნდა, ხვდებოდა, რომ იონას გეგმებში უახლოეს ხანებში სულაც არ შედიოდა ეზოს მთლიანი დაგეგმარება, რომ მას მხოლოდ მისი დახმარება სურდა. ამიტომაც მადლიერებით აივსო. ისედაც, ძალიან მოსწონდა ეს ადამიანი, რომელსაც სულ რაღაც ორი თვეა, იცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი შრომა გასწია მის სახლში და მამაკაცის ჭირვეულობის გამო ბევრი რამის თავიდან გადაკეთება მოუხდა, მაინც მოსწონდა. მოსწონდა, რადგან იონა დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა. არც ერთი მისი შენიშვნა არ ყოფილა უადგილო და ლელი ამას მხოლოდ მას შემდეგ ხვდებოდა, როცა ბოლომდე დაამთავრებდა ეზოს იმ მონაკვეთის მოწყობას, რომელზეც მამაკაცს პრეტენზია ჰქონდა.
ძალიანაც კარგი. სანამ საგურამოში სამუშაოს დაამთავრებს, იქამდე მოიფიქრებს რამეს. რაც მთავარია, თავზე ჭერი ექნება.
უზარმაზარ აბაზანაში ნებივრად გაწვა და მარტინი მოსვა. მართალია, დალევა დიდად არ უყვარს, მაგრამ დღეს ეპატიება. დღეს მან ყველაფრის რწმენა ერთად დაკარგა _ სიყვარულის და მეგობრობისაც.
ქეთის ასი წელია, იცნობს. ჰო, კარგი, კარგი, ასი არა, მაგრამ ექვსი ხომ არის? ის მისი ერთადერთი ახლო მეგობარი იყო ამ ხნის განმავლობაში. მაგისტრატურაზე ჩააბარა თუ არა, პირველსავე დღეს გაიცნო, მასთან ერთად იჯდა ლექციებზე, მერე ერთად დაიწყეს კაფეში სიარული, ამას ერთად მეცადინეობა დაერთო და ასე, თანდათან განუყრელი მეგობრები გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებულები არიან. ქეთი პრაგმატულია, თავდაჯერებული, იცის თავისი სილამაზის ფასი. ლელი კი ენერგიულია, ოღონდ საქმე აკეთებინე და სხვა არაფერი ქვეყანაზე არ აინტერესებს, არც თავის მოვლას უთმობს დიდ დროს და არც გართობას ეძალება. მისი ოცნებების ნუსხა ერთობ უცნაურია _ სურს თავისი ოფისი ჰქონდეს ან დიზაინერთა სააგენტო, დადიოდეს აფრიკაში ფოტოკამერით ვეფხვებზე «სანადიროდ» და კვირაში ერთხელ მაინც ხტებოდეს პარაშუტიდან. ამ გიჟურ იდეებს იგი გატაცებით უზიარებდა დაქალს, ეს უკანასკნელი კი მაშინვე ცივ წყალს გადაასხამდა მის ოცნებებს და ცაში აფრენილს ძირს, მიწაზე დაუშვებდა უბოდიშოდ. ჰო, ქეთი მართალია, გაიფიქრებდა თავისთვის. ჩემი იდეების განხორციელებას საწყისი კაპიტალი სჭირდება. ან კი რა დროს სავანაში ფოტოების გადაღებაა. სანამ მე ფოტოაპარატს მოვიმარჯვებ, ხომ დამახტა ვეფხვი თავზე? არც პარაშუტით ხტომაა უსაფრთხო _ ერთხელ შეიძლება ისიც არ გაიხსნას. ღირს გარისკვად? არა, არ ღირს.
ახლა კი იჯდა გრეიპფრუტის სურნელით გაჟღენთილ ქაფში, იონას აბაზანაში და ფიქრობდა, რომ აუხდენელი ოცნება არ არსებობს. უბრალოდ, ყოველთვის ანგარიშს უწევდა დაქალის რჩევებს და მის ჩრდილში რჩებოდა. ეს ბავშვობის ბრალია. წრუწუნასავით ყოველთვის შეუმჩნევლად ამჯობინებდა ყოფნას და ცდილობდა, არავის ყურადღება არ მიექცია. აშკარაა, რომ თვითშეფასების უნარი დაქვეითებული აქვს, მაგრამ როგორ აიმაღლოს იგი?
ლელიმ მარტინიანი ჭიქა გამოცალა, აბაზანიდან ამოვიდა და თეთრი, ფუმფულა პირსახოცით სხეულის და თმის გამშრალებას შეუდგა. როცა საქმე მოითავა, სარკეს მიუახლოვდა. აბა, რა პლუსები გვაქვს ჩვენ? _ გაიფიქრა და ქამარი შეიხსნა. ხალათი იატაკზე დაეფინა.
ქერა თმა, თუმცა მთლად ქერა არ არის, ქვიშისფერი უფრო ეთქმის. მაღალი შუბლი, უფორმო წარბები, ცისფერი თვალები. უცნაურია, მისი თმის ფერთან შედარებით წარბები და წამწამები მუქი აქვს. ეს ერთი პლუსია, _ გაეღიმა.
შემდეგ რა გვაქვს? სწორი ცხვირი, ესეც პლუსია. ტუჩები? ჰმ, ჩვეულებრივი, ისეთი ბუთქუნა არა აქვს, როგორიც ქეთის. აი, კანი კი პირდაპირ საშინელებაა. როგორი ფერმკრთალია, ავადმყოფურად ფერმკრთალი. ეს რაღაა? _ დაფეთებული წინ გადაიხარა, უფრო ახლოს მიიწია სარკესთან. ნაოჭები! ნაოჭები გასჩენია თვალის უპეებთან. ჰო, ძვირფასო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ მალე ოცდაცხრა წლის გახდები? შენ კი აქამდე არ გიფიქრია, რომ უკვე გჭირდება სახის მოვლის საშუალებები და ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები. როგორც ჩანს, დროა!
ყელს არა უშავს, მაღალი ყელი ქალის მშვენებაა. მკერდსაც არ ვუჩივით, სამი ზომა ნებისმიერი მამაკაცისთვის სასურველი ზომაა. შემდეგ რა გვაქვს, უფრო დაბლა? მუცელი. ოოო, ეს კი კრიტიკული ზონაა, რადგან იგი სულაც არ არის გლუვი. ისეა წინ გამოწეული, სამი თვის ფეხმძიმეს მიუგავს. ლელი შეეცადა, მუცელი შეეწია, რაც შეეძლო, ღრმად შეისუნთქა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გვერდებზეც კატასტროფული მდგომარეობაა, ბარძაყებზე «გალიფეები» აზის, თეძოებზე ქონი დასდებია… რა თავში იხლის გრძელ ფეხებს, თუ ასეთი სქელი ექნება? მოდი და აიმაღლე ამის შემდეგ თვითშეფასების უნარი, თუ მაგარი გოგო ხარ!
გაბრაზებულმა ჩამოხსნა საკიდიდან ხალათი, ჩაიცვა და სააბაზანოდან გამოვიდა. როდის მოასწრო ასე გასუქება? ასე როგორ ჩაეშვა? ადრე წონის პრობლემები არასდროს შექმნია. მასზე სულ ამბობდნენ, გამხდარიაო, კოხტაო, პროპორციულიო, კარგი ტან-ფეხი აქვსო, ახლა კი ძროხას დამსგავსებია, უფორმო მასას. ალბათ იმის ბრალია, რომ ბოლო წლინახევრის განმავლობაში ისე დაფრინავდა ბედნიერების ღრუბლებში, საერთოდ დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე. გარეგნობას დიდად არ აქცევდა ყურადღებას. ძალიან ბევრს მუშაობდა, თავს არ იზოგავდა, რომ მასა და სოსოს კომფორტულად ეცხოვრათ. არადა, უცნაურია, ამდენი ფიზიკური შრომის შედეგად წონაში როგორ მოიმატა. ახლა ოცდაცხრა წლისას კი არა, სიმართლე რომ ითქვას, ოცდათხუთმეტისას უფრო ჰგავს.
გაგრძელება იქნება