ცნობილი ქართველი მოდელი ნათია მაქაცარია ათ წელზე მეტია, რაც ოჯახთან და სამ შვილთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
"მოდელობა 12 წლის ასაკში დაივიწყე. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. რეპეტიციებს ხალხი ესწრებოდა. ამ სფერომ შანსი მომცა გამეცნო უამრავი ხელოვანი ადამიანი და მათ გარემოში გავზრდილიყავი. მიცნობენ, როგორც მოდელს. ემიგრაციაში ვარ დაახლოებით 12 წელია.
დავიწყე მუშაობა ადგილობრივ დიზაინერთან, რომელიც ქუდებს აკეთებდა. ის კომპანია, სადაც მე ვმუშაობ, სიეტლში უკვე 20 წელზე მეტია, არსებობს. გაფართოების შემდეგ ის ხელოვნური ბეწვით აქსესუარებისა და სამოსის წარმოებაზე გადავიდა. ძირითადად, ამერიკაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ბუნებრივ ბეწვზე უარის თქმას და მისი ხელოვნურით ჩანაცვლებას. თუმცა, ზოგიერთ შტატში ეს არ აღელვებთ. ჩვენ ჩვენი პატარა როლი შეგვაქვს ბუნებრივი ბეწვის წარმოების წინააღმდეგ ბრძოლაში. მე მათი კომპანიის სოციალური გვერდების მენეჯერი ვარ და ჩემს მოვალეობაში ისეთი განცხადებების გაკეთება შედის, რომელიც ამის ინსპირაციის წყარო გახდება. ცხოველთა დაცვის პროპაგანდით რაც უფრო მეტი ადამიანი დაკავდება, მით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ და მიხარია, რომ ამ საქმეში პატარა წვლილი მეც შემაქვს." - ამბობს ნათია.
ოჯახი
მე რომ პირველი შვილი გავაჩინე, 20 წლის ვიყავი, მაშინ ერთი სული მქონდა, პატარა ვინმესთან დამეტოვებინა და გარეთ გავვარდნილიყავი. არ ვიყავი მზად დედობისთვის, მაგრამ ნიკო რომ დაიბადა, უკვე 29 წლის ვიყავი.
ვხუმრობდი, ჩემთვის გავიჩინე-მეთქი და სულ ხელში მეჭირა (იცინის). ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ლადუკა ჩემი იმედია, ყველაზე ახლო მეგობარი, ერთად გავიზარდეთ, მაგრამ დედობა, როგორც ასეთი, მომწიფებულ ასაკში უფრო გავაცნობიერე. თან, მეუღლე პედიატრია და მისი დამსახურებით, ყველანაირი დაძაბულობა მოხსნილი მქონდა. მერე გაჩნდა სოფია, რომელიც კიდევ უფრო განსაკუთრებულ სიხარულთან ასოცირდება, რადგან გოგოს ძალიან ვნატრობდი. საერთო ჯამში, რვა წელი ისე გავიდა, ოჯახის გარეშე ერთი ღამე არ გამიტარებია. ასე, რომ 30 წელს ოჯახის გოგოს და ძლიერი დედის ამპლუაში შევხვდი, რომელსაც ზურგს მეუღლე უმაგრებდა. მისი როლი ამ ყველაფერში ძალიან დიდია, მაგრამ ამისთვის მე თვითონაც მზად ვიყავი. სამზარეულოში ტრიალი და საჭმლის კეთება ჩემთვის ახალი თავგადასავალი იყო. ცხრა წლის ლადუკამ რომ პირველად ჩემი გაკეთებული რთულად მოსამზადებელი კერძი შეჭამა, ბავშვს თვალები გაუფართოვდა, შენ საჭმლის გაკეთება იციო?! (იცინის) მერე, პატარები რომ წამოიზარდნენ, მეც მივხვდი, რომ მუშაობა მომენატრა. მანამდე სულ ვფიქრობდი, რა უნდა გავაკეთო გარეთ, ვის უნდა გამოვადგე იმაზე მეტად, ვიდრე ჩემს შვილებს სახლში-მეთქი.