სავარძელში ჩაეშვა და თვალები დახუჭა. ცრემლი დაედინა ღაწვებზე, გონება კი, თითქოს რობოტი ჩაუსახლესო, მონოტონურად გაჰკიოდა ერთსა და იმავე ფრაზას: _ მსუქანი ძროხა, მსუქანი ძროხა…
_ ეს რა არის, მსოფლიო წარღვნა დაიწყო? _ უეცრად იონას ხმა გაიგონა. თავი ასწია და ხალათის სახელოთი ცრემლები სწრაფად ამოიმშრალა.
_ შემოსვლის წინ აკაკუნებენ ხოლმე, _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და თავი კვლავ ჩაქინდრა.
_ ოოო, _ თანაგრძნობა გაისმა იონას ხმაში, _ საქმე უფრო ცუდად ყოფილა, ვიდრე მეგონა. როგორც ჩანს, ისე ჩაგძირა საკუთარმა ფიქრებმა, რომ კაკუნი კი არა, საარტილერიო ზალპიც კი ვერ გამოგაფხიზლებდა, _ და მამაკაცმა ხაზგასმით დააკაკუნა კარზე, ამჯერად შიდა მხრიდან.
_ უკაცრავად, კაკუნის ხმა არ გამიგონია.
_ მაგას მივხვდი. არ გინდა მითხრა, რა გჭირს? მომიყევი, რა მოხდა, ცოტათი მაინც შეგიმსუბუქდება ეგ შენი პატარა დარდი.
მართლაც, როგორ მოუნდა ამწუთას, მიყრდნობოდა იონას ფართო მკერდს, სახე შიგ ჩაემალა და მოეყოლა, როგორ ცუდად არის და რატომ არის ცუდად. მაგრამ სურვილი უმალვე ჩაიკლა გულში. რა საშინელება იქნება, თავის დამქირავებელს მივარდეს, მკერდში ჩაეკონოს და საკუთარ უიღბლობაზე დაუწყოს წუწუნი. ის ისედაც კეთილშობილურად მოიქცა, როცა აქ მოიყვანა და ახალი სამუშაო მისცა, თორემ მათხოვრად მოუწევდა გადაქცევა, ან უკეთეს შემთხვევაში _ სოფელში, დედასთან დაბრუნება. თუმცა დღის «მთავარ პრობლემაზე» მაინც ალაპარაკდა.
_ არაფერი ისეთი არ მომხდარა, _ ასლუკუნდა, _ გარდა იმისა, რომ ძროხას დავემსგავსე.
იონამ გაოცებული მზერა მიაპყრო. უცნაური ის იყო, რომ ქალმა მის გამოხედვაში ვერც შეცოდება დაიჭირა და ვერც ზიზღი, რაც ალბათ ლოგიკური იქნებოდა.
_ გასაგებია, _ ჩაილაპარაკა მამაკაცმა, _ წამოდი, ჯერ ვივახშმოთ და ძროხებზე მერე ვილაპარაკოთ.
_ დამცინი? გეუბნები, გავსუქდი-მეთქი, შენ კი საჭმელზე მეპატიჟები?
_ სულაც არ დაგცინი. ჯერ ერთი, შეგიძლია მსუბუქად ივახშმო, ეჭვი მაქვს, რომ დღეს საერთოდ არ გისადილია. ასე რომ, ამით არაფერი დაშავდება. მეორეც, გაგაცნობ ადამიანს, რომელიც დაგეხმარება.
_ რაში დამეხმარება?
_ ნახავ, რაშიც. წამოდი!
_ კარგი, ჩავიცვამ და ხუთ წუთში ჩამოვალ, _ დანებდა ლელი.
იონა გავიდა თუ არა, ჩაცმას შეუდგა. გრძნობდა, სიმძიმე როგორ უმსუბუქდებოდა ნელ-ნელა, თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი ჩამოხსნესო. დაიჯეროს, იონას შემოსვლამ იმოქმედა მასზე ასე? რა ადვილია მასთან ურთიერთობა. არც კი უყოყმანია, ისე შესჩივლა თავისი გასუქების ამბავი. მანაც მეგობარივით მიიღო მისი საწუხარი. არ შეეცადა, ყალბი კომპლიმენტებით აევსო და ემტკიცებინა, რომ სულაც არ არის მსუქანი, რომ ძალიან ლამაზი და ტანადი გოგოა. აი, სწორედ ასეთი ადამიანები მოსწონს ლელის, სწორედ ასეთი და არა სოსოსნაირი ფარისევლები და მოღალატეები.
ლურჯი კაბა-ბალახონი ჩაიცვა, რომ თვალში საცემი გამოწეული «გალიფეები» დაეფარა თეძოებზე. საქმიანი ვახშამი ხომ არ არის, რომ გამოიპრანჭოს. ეს ბალახონი წავა, მშვენივრად გამოიყურება მასში. ისე, სიმართლე რომ ითქვას, არც არაფერი აქვს ისეთი ჩასაცმელი, საქმიანი ვახშმისთვის რომ გამოადგეს. ბოლო დროს მხოლოდ ჯინსის შარვლით დადის, სპორტული მაისურებით და სრული, ორი ზომით დიდი პერანგებით, თავისუფლად რომ დაფაროს სხეული.
სარკეში აღარ ჩაიხედა, ახალს და კარგს რას დაინახავდა იქ?
სასტუმრო ოთახში ვერავინ დალანდა. არც გაჰკვირვებია, იონას ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა სახლი მოწყობილი. რამდენიმე ოთახში და მათ შორის აქაც, ავეჯი ჯერ კიდევ შეფუთული იდო. მხოლოდ საძინებლები და სამზარეულო ჰქონდა წესრიგში მოყვანილი. ლელიც სწორედ სამზარეულოსკენ გაემართა.
_ ლელი, მოდი, მაშო გაგაცნო.
პატარა, მოკლედ შეკრეჭილი შავთმიანი, საოცრად პროპორციული აღნაგობის გამხდარი გოგონა მაგიდაზე ჭიქებს ალაგებდა. მან მეგობრულად გაუღიმა ლელის და თავი ოდნავ დააქნია.
_ გამარჯობა. მობრძანდი, შემოგვიერთდი, _ ეგრევე გაუშინაურდა ახალგაცნობილი.
_ გაგიმარჯოს, _ ლელიმაც შენობით მიმართა, თავადაც გაუღიმა პასუხად და მაგიდას მიუჯდა.
_ პიცა შევუკვეთე და ეს წუთია, მოიტანეს, მაგრამ იონამ მითხრა, რომ დიეტაზე ხარ. სალათა ხომ არ დავჭრა? ყველიც გვაქვს და მაწონიც.
სწორედ ამ მომენტში იგრძნო, როგორ მოშიებოდა. ახლა სიამოვნებით მიირთმევდა პიცის ერთ მოზრდილ ნაჭერს, ჭირსაც წაუღია დიეტა. რაც არის, არის, ხვალიდან დაიწყებს დიეტის დაცვას, ეს მისი ნოყიერი დანაყრების ბოლო საღამო იქნება.
_ არა, იყოს, სიამოვნებით შემოგიერთდებით და მეც პიცას შევჭამ. _ მიუგო ლელიმ.
მაშომ სწრაფი მზერა ესროლა იონას, მაგრამ არაფერი თქვა. იონამ კი გაკვირვებით გახედა ლელის, თუმცა არც მან თქვა არაფერი, მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
_ დღეს პიცას დავჯერდეთ, ხვალიდან კი მზარეული მოვა და ის იზრუნებს, რომ ამ სახლში მშიერი არავინ დარჩეს.
ჯერ კიდევ გზაში უყვებოდა იონა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაემთავრებინა სახლის მოწყობა და საბოლოოდ გადმოსულიყო აქეთ საცხოვრებლად, რადგან თბილისის ბინძური ჰაერის ყლაპვა აღარ სურდა.
_ მაშ ასე, გოგონებო, _ იონამ ტაში შემოკრა, _ რას დალევთ?
_ რას შემოგვთავაზებ? _ დაინტერესდა მაშო.
მამაკაცი ბარს მიუახლოვდა, გამოაღო და თავისი სასმელების კოლექციის დემონსტრირება მოახდინა.
_ მე მარტინის დავლევ, თუ შეიძლება, _ თქვა ლელიმ, როცა ნაცნობ ბოთლს მოკრა თვალი. წესით, არ უნდა დაელია, მაგრამ თუ ქეიფია, ქეიფი იყოს.
_ მე _ წითელ ღვინოს, _ განაცხადა მაშომ.
_ მეც. _ თქვა მამაკაცმა, ბარიდან ორი ბოთლი გამოიღო და მაგიდაზე შემოდგა.
როცა ჭიქები შეავსო, თავისი ბოკალი ასწია და სადღეგრძელო წარმოთქვა:
_ ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს, უფრო სწორად, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ახალ ეტაპს, წარმატებები გვქონოდეს.
_ გაუმარჯოს, _ მიუჭახუნა მაშომ, _ მე, პირადად, როგორც იქნა, ავისრულე ჩემი დიდი ხნის ოცნება და ფიტნეს-კლუბი გავხსენი. შეგიძლიათ მეწვიოთ. სხვათა შორის, პირველი ორი კვირა ორმოცდაათპროცენტიანი ფასდაკლებაა. ასე რომ, იჩქარეთ, _ გაიხუმრა გოგონამ და იონას შემდეგ ლელის მიუჭახუნა თავისი ბოკალი.
აი, თურმე რატომ უთხრა იონამ, ისეთ ვინმეს გაგაცნობ, ვინც დაგეხმარებაო. ლელის თავში აზრადაც არ მოსვლია, სპორტით დაკავებულიყო, ამისთვის დრო არასდროს ჰქონდა. გარდა ამისა, სიმართლე რომ ითქვას, ფულის ხარჯვაც ენანებოდა ასეთი რამეებისთვის. ის კი არა, სილამაზის სალონებსაც არ სტუმრობდა ბოლო დროს, რათა ეკონომია გაეწია და როგორმე გაეზარდა თავისი დანაზოგი. ძალიან უნდოდა, თბილისში ბინა ეყიდა და საბოლოოდ აქ დაფუძნებულიყო. აღარ სურდა სამეგრელოში დაბრუნება და სოფელში ცხოვრება. ყელში ამოუვიდა იქაური ატმოსფერო _ ტალახიანი შუკები და ძროხების ფუნით გაჟღენთილი ჰაერი. იმისთვის კი არ ისწავლა, რომ სოფელში გათხოვდეს, კალოშები ჩაიცვას და საქონელი გარეკოს საძოვარზე, ან ყველი ამოიყვანოს. მას ქალაქური ცხოვრება იზიდავს, განათლებულ ხალხთან სურს ურთიერთობა და ელიტასთან დაახლოება, რომ თავისი თავის წარმოჩენა შეძლოს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მდიდარ საქმროს ეძებს. არა, ასე სულაც არ არის. აი, მაგალითად, სოსო. ის არც მდიდარია და არც თბილისელი, მასავით ჩამოსულია და ნაქირავებში ცხოვრობს, მაგრამ შეიყვარა და ცხოვრობდა კიდევაც მასთან ორი წლის განმავლობაში, მთლად ორი თუ არა, წელიწად-ნახევარი მაინც… როგორ წყდება გული. სოსო მისთვის პირველი მამაკაცი იყო, პირველი მამაკაცი და პირველი ძლიერი სიყვარული. მან კი იმედები გაუცრუა. როგორც კი დრო იხელთა, ეგრევე უღალატა. ღალატიც არის და ღალატიც _ ლელის ყველაზე ახლო მეგობართან. ამის პატიება როგორ შეიძლება? საინტერესოა, ქეთი როგორ შეხედავს თვალებში, როცა შეხვდება?
ამის გაფიქრებაზე ისე შეაჟრჟოლა, კანი აეხორკლა.
არა უშავს, რაც მოხდა, მოხდა. აი, ახლა დალევს ამ სადღეგრძელოს და ხვალიდან მართლა დაიწყებს ახალ ცხოვრებას მკაცრი დიეტით. სულ სხვა ადამიანი გახდება, ზედმეტ კილოგრამებს ჩამოიფერთხავს, კომპლექსებისგანაც გათავისუფლდება და მერე სოსო მუხლებზე დაჩოქილი მოხოხდება მასთან. შეურიგდება კი? ამაზე იფიქრებს. ეღირება თუ არა პატიება, ამას დრო აჩვენებს. თავისი გულის ამბავი რომ იცის, ალბათ აპატიებს, მაგრამ არა ამ ეტაპზე, ახლა ამისთვის მზად არ არის, ახლა ძალიან გაბრაზებულია.
მარტინი დალია თუ არა, თავი ბევრად უკეთ იგრძნო. კარგი ვახშამი, კარგი კომპანია _ რატომღაც ამ კომპანიაში თავის ერთობ კომფორტულად გრძნობდა. იქნებ იმიტომ, რომ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო? აბა ის არის უკეთესი, დაჯდეს და თავის გასუქებაზე დაიწყოს წუწუნი? მადლობა ღმერთს, ოცდამეერთე საუკუნეა, სამუშაო არ ელევა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფულიც ექნება. ერთგან რომ კარგად გააკეთებს, სხვაც გაიგებს, მერე ის სხვა დაიქირავებს, მერე კიდევ სხვა და ასე… ის არავისზე არაა დამოკიდებული, არც დედაზე, არც სოსოზე და არც ქეთიზე. თავად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და თავისი ცხოვრების ისე წარმართვა, რომ უკან არ მოიხედოს. წარსულზე ფიქრი დროის ფუჭად ფლანგვაა, მომავალზე ფიქრი კი პერსპექტიულია. მას აქვს უფლება, იზრუნოს თავის თავზე.
_ მაშო, შეიძლება ჩემთვის სპეციალურად შეიქმნას ინდივიდუალური პროგრამა? _ დაინტერესდა ლელი.
_ რა თქმა უნდა. თუ გინდა, მე თვითონ ვიქნები შენი პირადი ინსტრუქტორი, მხოლოდ ერთი პირობით _ ჩემი რეკომენდაციები უპირობოდ უნდა მიიღო, ჭირვეულობის გარეშე უნდა მომყვე და დამიჯერო. მხოლოდ ასე შემიძლია გარანტიის მოცემა, რომ ფორმაში ჩაგაყენებ.
ლელიმ უნდობლად შეხედა. ასეთი პატარა და საქმიანი? რაღაც არ სჯერა. განა რამდენი წლის იქნება? ოცის? ოცდაორის?
_ ეჭვი არ შეგეპაროს მის შესაძლებლობებში, _ ჩაერთო საუბარში იონა, _ მას სამედიცინო აქვს დამთავრებული, ენდოკრინოლოგია. გარდა ამისა, ფიტნესის სპეციალური კურსები გაიარა ამერიკაში და ნებისმიერ საქმეს საფუძვლიანად ეკიდება. ასე რომ, თუ გადაწყვეტ, არ ინანებ.
_ იქვე სილამაზის სალონიც მაქვს გახსნილი. _ დააყოლა მაშომ.
უყურე შენ! თუ სამედიცინო დაამთავრა და უკვე დიპლომიანი ექიმია, ლელიზე უმცროსი არ უნდა იყოს. რომ არ ეტყობა? მთლად ბავშვს ჰგავს. დაიჯეროს, რომ შავი თმა უფრო აახალგაზრდავებს ქალს? არა, რა სისულელეა, ქეთისაც მასავით ქერა თმა აქვს და ისიც ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება თავის ასაკთან შედარებით. ასე რომ, თმის ფერი არაფერ შუაშია. უფრო რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო.
_ ძალიან კარგი, _ თქვა ბოლოს, _ ახლა სწორედ ეს მჭირდება, სხვა არაფერი.
შემდეგ სხვა თემაზე გადაიტანეს საუბარი. ამასობაში ძილის დროც მოვიდა. ლელი დაემშვიდობა ორივეს და თავის ოთახს მიაშურა. დილით მუშაობა უნდა დაეწყო, საღამოს კი ფიტნეს-კლუბი დაელაშქრა.
ადრე გაეღვიძა. ტკბილად გაიზმორა და ადგა. თავი დამძიმებოდა. ეგრეც მოუხდება. ლამის მთელი ბოთლი მარტინი დალია. ახლა ყავა თუ უშველის, სხვა ვერაფერი.
დაიბანა და სამუშაო ტანსაცმელი ჩაიცვა _ ჯინსი და ბამბის პერანგი, თან პლანშეტი ამოიჩარა იღლიაში. ამგვარი საქმიანი ფორმით მიაშურა სამზარეულოს.
სახლში სიწყნარე სუფევდა. ჩანდა, სხვებს ჯერ კიდევ ეძინათ. ეს არც იყო გასაკვირი, ჯერ შვიდი საათიც არ გამხდარიყო. ყავის მადუღარა ჩართო. სასიამოვნო სურნელმა ცხვირში შეუღიტინა და ეგრევე მხნედ იგრძნო თავი…
ის იყო, ბოლო ყლუპი მოსვა, რომ მაშოს ხმა მოესმა:
_ აი-აი-აი! ჩემო კარგო, ყავის მაგივრად ყოველ დილით ახალგამოწურული წვენის დალევა მოგიწევს, სასურველია _ სტაფილოსი.
ლელი შეცბუნებული მიაჩერდა.
_ კარგი, ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც.
_ ყავა რა, სულ არ შეიძლება?
_ არა, ყავა საერთოდ გამორიცხე რაციონიდან სულ ცოტა, ორი თვის განმავლობაში. მაპატიე, მაგრამ თუ უკვე ჩემი კლიენტი ხარ, პირდაპირ და გულახდილად გეტყვი, რომ არ მომწონს შენი სახის ფერი, ძალიან ფერმკრთალი ხარ და უნდა ვიმუშაოთ ამაზე. ეს ერთი, და მეორე _ წონასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვაქვს.
გაგრძელება იქნება