_ ვიცი, _ ხმადაბლა მიუგო ლელიმ.
_ თავდაპირველად ეს ორი პრობლემა უნდა მოგვარდეს. კიდევ ერთხელ გიმეორებ _ თუკი მსხვერპლის გაღება გსურს, ვიმუშავებ შენთან, _ ამ სიტყვებით ახალგამომცხვარმა ინსტრუქტორმა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, _ პოტენციალი, ღვთის მადლით, გვაქვს _ არაჩვეულებრივი ნაკვთები და მშვენიერი სხეული, მაგრამ შრომა მოგვიწევს. თუკი იცი, რომ ორი კვირის შემდეგ ვარჯიშს შეწყვეტ და კლუბში სიარულს გადაიფიქრებ, აჯობებს, საერთოდ არ დაიწყო, თორემ უფრო მოიმატებ.
_ არა, რას ამბობ, _ მტკიცედ განაცხადა, როცა გაახსენდა, როგორი დამცირება განიცადა გუშინ, სოსოს საძინებლის კარი რომ შეაღო, _ არ გადავიფიქრებ, მზად ვარ.
_ საღამოსთვის პირველი კვირის მენიუს შევადგენ სპეციალურად შენთვის და იოს ვეტყვი, რომ მზარეული გააფრთხილოს.
«იოს ვეტყვი» განსხვავებულად მოხვდა ყურში, ასე შინაურულად პირველად მოიხსენია მაშომ იონა.
_ არა, არა, რა საჭიროა, _ შორს დაიჭირა ლელიმ, _ მე თვითონ მოვიმზადებ ჩემთვის, მზარეულის შეწუხება არ მინდა.
_ მაგაზე არ იღელვო. მენიუ ისეთი იქნება, დიდი გარჯა არ დასჭირდება. შენ სად გეცლება მაგისთვის, თავზე გაყრია სამუშაო.
_ არა, უხერხულია, მაშო. იონამ ისედაც ბევრი გააკეთა ჩემთვის, არ მინდა მისი ზედმეტად შეწუხება.
მაშომ გაიღიმა.
_ მე მგონი, შენ ფსიქოთერაპევტიც გჭირდება. ამასაც გავწვდები, არ არის პრობლემა, ოღონდ მითხარი, რატომ იკომპლექსებ თავს?
_ არ ვიკომპლექსებ, ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, მე აქ ვმუშაობ და არ მინდა სახლის პატრონს ჩემი მოთხოვნები წავუყენო. სულ ეგ არის.
_ დაიკიდე. მე თვითონ მოვაგვარებ ამ საქმეს, შენ მაგაზე არ იდარდო.
ერთი უყურეთ, რა რკინის ლედი ყოფილა, არადა, როგორი მატყუარა გარეგნობა აქვს. გეგონება, ძალიან მიამიტი და რბილი გოგონააო, ამ დროს… ნეტავ თვითონ თუ შეძლებს ოდესმე ასეთი თავდაჯერებული და მტკიცე ხასიათი გამოავლინოს?
იონასაც იოდ მოიხსენიებს. საინტერესოა, რა აკავშირებთ ერთმანეთთან? მეგობრები არიან თუ საყვარლები? თუმცა ეს მისი საქმე არ არის.
ლელი სახლიდან გამოვიდა და ტერიტორიის გამოკვლევას შეუდგა. იდეები, როგორ მოეწყო დარჩენილი ტერიტორია, ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როცა ეზოს წინა ნაწილზე მუშაობდა. მაშინ ამაზე არ ულაპარაკია იონასთან, თავისთვის შეინახა, რომ სახლის პატრონს არ ეფიქრა, იძულებულს მხდის, სამუშაო გავუგრძელოო, ახლა კი აი, როგორ გამოადგა.
სულ რამდენიმე წუთი და ისეთ აზარტში შევიდა, როგორიც ეუფლებოდა ხოლმე, როცა საინტერესო სამუშაოს იწყებდა. ყველა ეზოს როდი ჰქონდა ამგვარი შესაძლებლობა, აქ ფართობი მეტი იყო, შესაბამისად _ ბევრი კარგი რამის განხორციელება ხდებოდა შესაძლებელი. გამწვანება კი იყო ეზოში, მაგრამ მას დიზაინერის ხელი აკლდა. მწკრივად დარგული ხეები და დეკორატიული ბუჩქები ტერიტორიას სილამაზეს უკარგავდა, საჭირო იყო მათთვის ფორმის შერჩევა და მერე გადარგვა, ან ძველის ახლებით შეცვლა და დამატება.
შარვლის ჯიბეში მობილური აწკრიალდა. ეკრანზე ქეთის სახელი დაიწერა. უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. ესღა აკლდა! თვალწინ გუშინდელი სურათი წარმოუდგა _ ორნი საწოლში. რაზე ელაპარაკოს? არა, ახლა არა, იცის, რომ საჭირო სიტყვებს ვერ იპოვის, დაიბნევა და ხმაც აუკანკალდება, როგორც ემართება ხოლმე ნერვიულობის დროს. აჯობებს, სხვა დროისთვის გადადოს, თორემ ხასიათი გაუფუჭდება და ვეღარ იმუშავებს. მობილურს ხმა გაუთიშა და ჯიბეში ჩააბრუნა. კიდევ დარეკა ქეთიმ, მაგრამ ლელიმ არ უპასუხა. ამჯერად ხმა კი არ გათიშა, არამედ პირდაპირ ზარის გათიშვას დაააჭირა თითი, რომ ქეთი მიმხვდარიყო _ ლელის მასთან ლაპარაკი არ სურდა. ექვსჯერ მაინც დარეკა დაქალმა, მაგრამ ლელიმ ექვსჯერვე ჯიუტად გაუთიშა. სიამოვნებით გამორთავს მობილურს, მაგრამ სხვა ნომერი არ აქვს, კლიენტებიც და დედაც ამ ნომერზე ურეკავენ და ქეთის გამო ტელეფონს ვერ დაადუმებს. გარდა ამისა, იგი ერთ _ ყველაზე მნიშვნელოვან ზარსაც ელოდება, ზარს, რომელმაც შეიძლება თავდაყირა დააყენოს ყველაფერი…
ტერიტორიის აზომვის პარალელურად ლელის გონება სოსოს და ქეთის საქციელით იყო დამძიმებული. გაღვიძებისთანავე სოსოს ღალატზე ფიქრები აეკვიატა. ძილშიც კი არ დავიწყებია ეს ამბავი, მაგრამ იმ მტანჯველ ტკივილს, გუშინ საღამოს რომ მოიცვა, უკვე აღარ გრძნობდა. ამას ქეთის ზარებიც მოყვა. ნეტავ რა ჯანდაბა უნდოდა?
ბაღში ერთადერთი საღებავაქერცლილი მერხი იდგა, ძველი პატრონებისგან შემორჩენილი. ლელი მერხზე ჩამოჯდა და ცას ახედა. ცა უკიდეგანოდ ვრცელი იყო, ცისფერი და ისეთივე მარადიული, როგორიც სამყარო. სამყარო, რომელშიც ლელი კვლავ მარტო დარჩა. ისე შეეცოდა თავისი თავი, რომ ატირდა. რატომ, რატომ მოეწყო ასე მისი ცხოვრება? იმედგაცრუება და ტკივილი შლეიფივით დასდევს ბავშვობიდან _ ჯერ იყო და, მამამ მიატოვა ოჯახი, დედა გაუუცხოვდა, ახლა სოსომაც გამოუსვა დანა ყელში. ქეთიზე ხომ აღარაფერს ამბობს, არ ეგონა, ეგეთი ფარისეველი თუ აღმოჩნდებოდა დაქალი. ალბათ ისევ მასშია პრობლემა, თორემ რატომ უნდა აქცევდნენ ზურგს ყველაზე ახლობელი ადამიანები?
ფიქრისგან მანქანის დაქოქვის ხმამ გამოაფხიზლა. თავი ჭიშკრისკენ მიაბრუნა. იონა იყო, თბილისში მიემგზავრებოდა. გვერდითა სავარძელზე მაშოს მოჰკრა თვალი. მორჩა, საკმარისია წუწუნი, ბოლოს და ბოლოს, არც ისე ცუდადაა საქმე. ყოველ შემთხვევაში, ამწუთას მარტო სულაც არ არის. მის გვერდით არიან იონა და მაშო, რომლებიც სითბოს არ აკლებენ. ორივენი ძალიან კეთილები არიან. ისინი მისთვის თითქმის არავინ არიან და მათ თითქმის არ იცნობს ლელი, მაგრამ მათთან ერთად ოჯახურ სიმყუდროვეს გრძნობს, მშვიდ ატმოსფეროში უწევს ყოფნა და ეს კარგია, საოცრად კარგი. მხოლოდ ისაა საჭირო, რომ სულში არავინ ჩაახედოს. ახლა ნამდვილად იცის ეს.
რაც მთავარია, მას სამუშაო აქვს, აკეთებს საყვარელ საქმეს, რომელსაც არა მარტო მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს მისთვის, არამედ სიხარულსაც ანიჭებს. ასე რომ, საწუწუნო არაფერია, ტყუილად სცოდავს ღმერთს. გოგონამ თავი გაწუწულ წიწილასავით სწრაფად გააქნია, მერხიდან ადგა და გაიღიმა. მორჩა ცუდზე ფიქრი, წინ ახალი ცხოვრება ელოდება!
ახალი ცხოვრება კი იმით დაიწყო, რომ მაშომ საღამოს ერთი ტრენაჟორი შინ მოიტანა და ლელის გამოუცხადა, მე და შენ ეს გვეყოფა სავარჯიშოდო.
_ თბილისში ყოველდღე სიარულს როგორ შეძლებ, როცა ამდენი სამუშაო გაქვს? მე ადრე გავდივარ სახლიდან და გვიან მოვდივარ. განა მეზარება შენი ტარება, მაგრამ… ხომ გესმის. იო კიდევ თავისი საქმეებითაა დაკავებული. ამიტომ გადავწყვიტე, აქ გავარჯიშო. ნუ გეშინია, ისე გაგახდუნებ, რომ ვერავინ გიცნობს, _ მაშომ ამ სიტყვებით მხარზე გადახვია ხელი და მიიხუტა.
იმ საღამოსვე დაიწყეს ვარჯიში.
_ ტემპი ააჩქარე… კიდევ… კიდევ… _ მაშო ველოტრენაჟორის გვერდით იდგა, რომელზეც ლელი «გარბოდა», ხოლო თვითონ პროცესს აკონტროლებდა.
მეორე დღიდან ტრენაჟორებს სხვა პროცედურებიც დაემატა. მაშომ სიტყვა შეასრულა და ულმობლად დატვირთა ლელი, ყოველგვარი დათმობის გარეშე. ხელების, მკერდის, ფეხების, თეძოების კუნთების გამკვრივება, მუცლის პრესი… ვარჯიშის დამთავრების შემდეგ აუზი, მერე აბაზანა და ბოლოს მასაჟი. გვიან ღამით მაშო თავის სახლში მიდიოდა, იშვიათად თუ რჩებოდა იონასთან ღამის გასათევად. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ მაშოს იგი თავის სილამაზის სალონში მიჰყავდა, სადაც კოსმეტოლოგი მის სახეს აჯადოებდა, ხოლო სტილისტი თმას ნიღბებით უტენიანებდა და უვარცხნიდა.
ერთი კვირის შემდეგ ლელი მიეჩვია დატვირთვას, ხოლო ორი კვირის შემდეგ ისეთ ფორმაში ჩადგა, სარკეში ზიზღით აღარ ათვალიერებდა თავის თავს. პირველი შედეგები რეალურად შესამჩნევი იყო და ხედავდა, რომ რადიკალურად შეიცვალა.
_ მაშო, მგონი, მართლა დავიწყე გახდომა, არა? _ ჰკითხა ერთხელ მაშოს, როცა სილამაზის სალონიდან ერთად ბრუნდებოდნენ.
მაშომ გაუღიმა.
_ მგონი, ორი-სამი კილოგრამი ჩამოვფერთხეთ. ისე, უნდა გითხრა, რომ ძალიან ყოჩაღი ხარ, არ ზარმაცობ, ვარჯიშზე უარს არასდროს ამბობ, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში საკმარისად იღლები. გულახდილად რომ გითხრა, არ ველოდი შენგან ასეთ შეუპოვრობას. თავიდან მომეჩვენა, რომ… _ მაშო შეყოვნდა, შესაფერის სიტყვას ეძებდა, რათა არ გაენაწყენებინა, _ მომეჩვენა, რომ არც ისეთი ძლიერი ნებისყოფის იყავი. მიხარია, რომ შევცდი.
_ არადა, _ ამოიოხრა ლელიმ, _ ძალიან სუსტი ვარ. არასდროს ვყოფილვარ ძლიერი, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, ასეთი ვყოფილიყავი. მშურს ძლიერი ქალების.
_ მაგაში არ გეთანხმები, _ შეეწინააღმდეგა მაშო, _ სუსტი რომ ყოფილიყავი, მეორე დღესვე უარს იტყოდი ვარჯიშის გაგრძელებაზე. სპეციალურად მაქსიმალური დატვირთვით დავიწყე, რომ მიმხვდარიყავი, რაც გელოდა. შენ კი არც მეორე დღეს თქვი უარი და არც შემდგომ, მიუხედავად იმისა, როგორ გტკიოდა კუნთები, ძლივს დალასლასებდი, დაგავიწყდა? _ მაშომ გულიანად გაიცინა, _ უბრალოდ, თავდაჯერება გაკლია, საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს. თუმცა ამის გამოსწორება ადვილია. არ შემეკამათო, ვიცი, რასაც ვამბობ.
_ მართლა ასე ფიქრობ? _ თვალები გაუნათდა ლელის, _ ესე იგი, მთლად წყალწაღებული არ ვყოფილვარ.
_ რა სისულელეა, მთავარია, რწმენა არ დაკარგო. წარმატების რწმენას მივყავართ წარმატებამდე. მამაჩემი ამბობს ხოლმე ასე. მე კი მას ბოლომდე ვეთანხმები.
მაშო ყოველთვის პოულობდა სიტყვებს, რომ ლელისთვის ხასიათი გამოეკეთებინა. მან ფსიქოთერაპევტის როლიც იკისრა და ლელიზე სერიოზულად დაიწყო მუშაობა. ის უბრალოდ, ლაპარაკობდა იმას, რასაც ფიქრობდა და ისე ხდებოდა, რომ რასაც ფიქრობდა, სწორედ ეს სჭირდებოდა ლელის იმ მომენტში.
ამ ხნის განმავლობაში ლელიმ მაინც ვერ გაარკვია, ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის იონა და მაშო. არადა, ერიდებოდა, რომელიმესთვის ეკითხა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობისმოყვარეობა კლავდა. ისეთი სინაზით ექცეოდნენ ერთმანეთს, ისეთი პატივისცემით, რომ ლელი გაოგნებული რჩებოდა. ამასთან, ერთხელაც არ შეუმჩნევია, რომ მაშოს ღამე იონას საძინებელში გაეთიოს. თუკი საყვარლები იყვნენ, რაღაცაში ხომ უნდა გამოვლენილიყო? არადა, ძალიან შინაურულად ექცეოდნენ ერთმანეთს. იონა ხანდახან ისე გააჯავრებდა მაშოს, რომ ეს უკანასკნელი მივარდებოდა და მკერდზე მუშტებს უბრაგუნებდა სიცილ-კისკისით.
გუშინწინ საღამოს ლელი ასეთ სურათს გადააწყდა: მაშო და იონა აუზის კიდესთან იდგნენ. გოგონას მამაკაცის მკერდში ჩაერგო თავი და ტიროდა. იონა თავზე ხელს უსვამდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა, შიგადაშიგ ლოყაზე კოცნიდა. ლელის სიტყვები არ ესმოდა, მაგრამ მიხვდა, მაშო ძალიან იყო აღელვებული. ნუთუ მისნაირი ძლიერი ქალებიც ტირიან? ლელის უჭირდა ამის დაჯერება. მათი შემხედვარე კაცი იფიქრებდა, ცოლი და ქმარი სერიოზული ჩხუბის შემდეგ რიგდებიანო. როგორც ჩანს, მართლა საყვარლები არიან და იომ რატომღაც, აწყენინა საყვარელ ქალს, ახლა კი ბოდიშს უხდის და ურიგდება.
გაგრძელება იქნება