ქეთი ხატიაშვილსა და დავით კაჭარავას ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს. ქეთი შვილის პირველ კადრებს სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს.
"დედა უკრაინელი მყავს და ზაფხულში ოდესაში ზღვის სეზონი რომ იწყებოდა, ამ პერიოდზე ვგიჟდებოდი. ბავშვობის მოგონებები სულ ზღვასთან ასოცირდება... მახსოვს იქაური სანაპირო, ქვიშა, ოქროსფერი მზე, როგორ ვსწავლობდით ცურვას მე და ჩემი და...
ექვს წლამდე უკრაინაში ვცხოვრობდით, საქართველოში შემდეგ გადმოვედით საცხოვრებლად, როცა მშობლები შერიგდნენ... აქ ზაფხულში ქობულეთში, ბათუმში დავდიოდით... ოჯახი არდადეგებს შეძლებისდაგვარად ზღვაზე და სოფელში ვატარებდით. მამის მხრიდან კახეთიდან გახლავართ, მაგრამ დღეს იქ აღარაფერი გვაქვს და ლაგოდეხში ნათესავთან ჩავდიოდით. მახსოვს, როგორ დავდიოდით ტყეში, მდინარეზე... ძალიან ლამაზი იყო იქ გატარებული პერიოდი", - იხსენებდა ქეთი საკუთარი ბავშვობის შესახებ.
ქეთი ხატიაშვილის ცხოვრებაში ცნობადობა მოულოდნელად მოვიდა, როცა პროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" მე-13 მონაწილედ საზოგადოებისთვის უცნობი კონკურსანტის მიღება გადაწყვიტა. მაშინ გამოცხადდა კონკურსი, რომლის მიხედვითაც, სპეციალურად შერჩეულ მუსიკაზე მსურველებს უნდა ჩაეწერათ ვიდეო. სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილედ ქეთი ხატიაშვილი შეირჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ქეთის მანამდე აუდიტორია არ იცნობდა, მან საკუთარი პროფესიონალიზმითა და უშუალობით მალევე მოიპოვა ხალხის სიყვარული, საბოლოოდ კი, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ეს ყველაფერი 2013 წელს ხდებოდა და სწორედ ამ პერიოდიდან იქცა ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ პერსონად.
ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, რომელიც მალე 13 წლის გახდება და დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა.
"ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.
მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი", - ამბობდა ქეთი.
მოგვიანებით, 2019 წელს, ცნობილი გახდა, რომ ქეთი მორაგბე დავით კაჭარავას ხვდებოდა. კაჭარავას, ქეთის მსგავსად, პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. წყვილი ურთიერთობის გსაჯაროებასა და გაოფიციალურებას ერიდებოდა, თუმცა საჯარო ადგილებში ერთად ხშირად ჩნდებოდნენ და საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ისინი პირველი საერთო შვილის, ილია კაჭარავას მშობლები გახდნენ.