ლიკუნა მეტრეველი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამორჩეულად ელეგანტურ კონტენტს გვთავაზობს. მისი სამოდელო კარიერის გავლენა ყველა ფოტოს ეტყობა. ლიკუნას სამოსის, აქსესუარებისა და მაკიაჟის შეხამების უნიკალური უნარი გააჩნია.
ლიკუნა მეტრეველი
ლიკუნა მეტრეველმა და ყველასთვის კარგად ნაცნობმა ტელესახემ, ვასო ფხაკაძემ, ერთმანეთი 2012 წელს „მის საქართველოზე“ გაიცნეს და თანაცხოვრების გადაწყვეტილებაც მალევე მიიღეს. ვასომ და ლიკუნამ ოფიციალურად 2018 წელს საფრანგეთში იქორწინეს და ჯვარი პარიზის ქართულ ეკლესიაში დაიწერეს. მათ ორი უმშვენიერესი გოგონა ჰყავთ.
"ჩემს შვილებს ახლა ის ასაკი აქვთ, როცა უფრო მეტად არგუმენტირებულად იციან, რატომ უნდათ ესა თუ ის ნივთი. უფრო პატარა ასაკში, როცა გამოუსადეგარი ნივთის შეძენას მთხოვდნენ, ვთანხმდებოდი, ვყიდულობდით და მერე ვუხსნიდი, რომ უსარგებლო იყო, რაც შევიძინეთ. ხაზს ვუსვამდი, რომ მაინც არ იყენებდნენ. ვხვდებოდი, რომ ყიდვის მომენტი სიამოვნებდათ, თორემ მერე შეიძლება, ის ნივთი საერთოდ არც გახსენებოდათ. ბევრი ასეთი ფაქტი რომ დაგროვდა, მერე უკვე ნივთის შეძენამდე ვუსვამდი კითხვას – დარწმუნებული ხარ, რომ შენ ამას გამოიყენებ? იქნებ ამასაც ისე დაივიწყებ, როგორც ბევრ სხვა მსგავს ნივთს?! ეს მაგალითებიც სპეციალურად დავაგროვე იმისთვის, რომ მათთვის ცარიელი სიტყვების თქმა არ დამჭირვებოდა და ჩემი აზრი არ მომეხვია თავს. ასე უკვე თვითონაც იცოდნენ, რომ სიმართლეს ვეუბნებოდი და ეს ჭრიდა. უფროსი ცხრა წლის მყავს და მართლა დიდი გოგოა, ზუსტად იცის, რა უნდა. პატარა ჯერ 7 წლის არის და მასთან ცოტა კიდევ მჭირდება მუშაობა, თან, მართლა ყველაფერი უნდა, მაგრამ ამ მეთოდით, რაღაც შედეგს მივაღწიე. მთლად ოქროს შუალედს ვერ, მაგრამ ეს საკითხი პრობლემადაც აღარ აღიქმება (იცინის).
პირველ რიგში, როდესაც ბავშვებისთვის ვყიდულობ რამეს, ეს იმდენად სასიამოვნოა, რომ ალბათ, ამ ემოციებს ვერაფერი შეედრება. ასევე, ძალიან მიყვარს ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრების შეძენა. სიმართლე რომ ვთქვა, საკუთარი თავისთვისაც მიყვარს თანხის დახარჯვა – ძირითადად მაინც, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. ასევე, თავის მოვლის საშუალებებსა თუ პროცედურებზე. ჩვენ ხომ რობოტები არ ვართ. როცა ვმუშაობთ, ისიც მნიშვნელოვანია, სიამოვნება მივიღოთ გამომუშავებული თანხით. ამიტომ საკუთარ თავს, ამ მხრივ, უარს არ ვეუბნები." - ამბობდა ლიკუნა მეტრეველი