მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში ლელი მაშოს უფრო ხშირად ხედავდა, ვიდრე იონას. ეს უკანასკნელი ხშირად ისეთი დაღლილი მოდიოდა, ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა, ეგრევე საწოლს მიაშურებდა ხოლმე. ხანდახან კი დაუჯდებოდა ლელის და მასთან ერთად განიხილავდა ეზოს პროექტს. კორექტირება იშვიათად შეჰქონდა, ბოლოს კი ისიც უთხრა, შენ როგორც მიგაჩნია საჭიროდ, ისე გააკეთე, მე აღარაფერი მკითხოო.
_ ხომ იცი, რომ ამ საქმის არაფერი გამეგება. არც დრო მაქვს ამაში გასარკვევად და არც სურვილი. მთლიანობაში ხომ მოვიწონე პროექტი და დეტალები საერთოდ არ მაინტერესებს.
მაგრამ ლელიმ გააპროტესტა.
_ არა, ასე არ გამოვა. შემკვეთი შენ ხარ, ფულს შენ იხდი. ბოლოს და ბოლოს, შენ უნდა იცხოვრო აქ და არა მე. ვფიქრობ, ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყო.
მაშინ იონა წამოდგა, წვენით სავსე ჭიქა ხელში საზეიმოდ დაიჭირა და ხმამაღლა გამოაცხადა:
_ როცა საქმეს ხელს ჰკიდებს ლანდშაფტის ისეთი დიზაინერი, როგორიც ლელი ალანიაა, იდიოტი უნდა იყო, რამეში ეჭვი შეგეპაროს.
_ ხუმრობ? _ წამოხტა ლელი, _ მე სერიოზულად გეუბნები, იონა!
მამაკაცი დაჯდა, წვენი მოსვა და ჩვეულებრივი ტონით განაგრძო:
_ მეც სერიოზულად ვამბობ. შენ იმწუთასვე მიხვდი, მე რაც მინდოდა, მაშინვე აუღო ალღო ჩემს გემოვნებას, მიუხედავად იმისა, რომ არეულ-დარეულად გიხსნიდი ყველაფერს. ამიტომაც მგონია, რომ მშვენივრად მიხვდები, რა ზომის ქვები უნდა განალაგო შადრევნის ირგვლივ ან როგორი ფორმა მისცე, მაგალითად, აი, იმ ბუჩქს, ხეივნის ბოლოში რომ იზრდება.
მიუხედავად ამისა, ლელი ჯიუტად განაგრძობდა იონასთვის ინფორმაციის მიწოდებას ყოველ ჯერზე, როცა კი სალაპარაკოდ მოიხელთებდა. მამაკაცი ხანდახან თბილისში რჩებოდა, თავის ოთხოთახიან ბინაში და ლელის სრულ მარტოობაში უწევდა მუშაობაც და დაძინებაც. ასეთ დღეებში დღის განმავლობაში სახლში მხოლოდ თვითონ და მოსამსახურე რჩებოდნენ, რომელსაც საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება და რეცხვა-გაუთოება ევალებოდა. ქალი შუახნის იყო და სულიკო ერქვა. თავისუფალ დროს ლელი მასთან ერთად ყავას სვამდა და საუბრობდა. საღამოობით კი, ვახშმის შემდეგ, ადიოდა თავის ოთახში და ნოუთბუკში ინტერნეტსაიტებს ლაშქრავდა, მაგრამ მცირე ხნით. მაშომ გააფრთხილა, თერთმეტ საათზე გვიან არ დაწოლილიყო, და რადგან ლელისთვის გახდომა მთავარი მიზანი იყო, მორჩილად ასრულებდა მაშოს მითითებას. უნდოდა, ისეთ ფორმაში ჩამდგარიყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როცა იგი სოსოს თუნდაც შემთხვევით სადმე გადაეყრებოდა, პირი ღია დარჩენოდა.
_ აი, მოვედით! _ მაშომ ჭიშკარში შეიყვანა მანქანა და ფარეხის გვერდით დააყენა, რომ შინ დაბრუნებულ იონას თავისი ავტომობილის ფარეხში შეყვანა არ გაძნელებოდა.
ცოტა ხნის წინ წვიმამ დაუშვა, ამიტომ ლელიმ, გადმოვიდა თუ არა მანქანიდან, ხელჩანთა თავზე დაიფარა და ისე შევარდა სახლში, რომ ერთი საათის წინ დავარცხნილი თმა არ დასველებოდა.
უკვე ბნელოდა, მაგრამ ეზო მთლიანად იყო განათებული ლამპიონებით, რომელიც თავის დროზე იონას გემოვნებით შეერჩია. კარის ზღურბლთან ლელი შეჩერდა, რათა მაშოს დალოდებოდა და ამ დროს დაინახა იონა, ხეივანს რომ მოუყვებოდა. წამით თითქოს სუნთქვა გაუჩერდა _ ნეონის ნათურების შუქსა და ირიბი წვიმის ვერცხლისფერ წვეთებში იონა ისე უცნაურად გამოიყურებოდა, სხვა პლანეტიდან ჩამოფრენილს ჰგავდა. როგორი სიმპათიური ყოფილა, მომნუსხველად ლამაზი, ლელი კი ამას აქამდე ვერ ამჩნევდა. მაღალი, მხარბეჭიანი, ცოტათი მკაცრი და… საიმედო. რატომღაც, ამწუთას მოეჩვენა, რომ იგი ძალიან საიმედო იყო. სოსოს კი არ ჰგავდა. როგორ გაუმართლა მაშოს, ასეთ მამაკაცს რომ უყვარს, გაიფიქრა დანანებით და უმალვე შეეშინდა თავისი აზრების. ლელი, ლელი! შემთხვევით თვალი ხომ არ დაადგი ამ კაცს? რა თქმა უნდა, არა, ეს მის გეგმებში არ შედის. მან ისევ უნდა დაიბრუნოს სოსო, ეს არის ჯერჯერობით მისი «შეუსრულებელი მისია». მისი ოცნების მამაკაცი ხომ მხოლოდ სოსოა. მერე რა, რომ უღალატა. ეს დროებით იყო, ლელი ამაში დარწმუნებულია. კაცი დაიბნა, თავის თავში გარკვევა სჭირდება. იგი ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში მას ლელი სჭირდება და არა სხვა ქალი, თუნდაც ქეთი. ლელი დაამტკიცებს ამას.
ამასობაში იონა მოუახლოვდა.
_ საღამო მშვიდობისა, ლელი. კართან რას დამდგარხარ?
_ მაშოს ველოდები. _ ცოტა არ იყოს, დაიბნა.
რატომ უღიმის ეს კაცი ასე უცნაურად? ნუთუ შეამჩნია, როგორ უყურებდა და მიხვდა, რაზეც ფიქრობდა? როგორ გაება…
იონამ კარი გააღო და ლელი წინ გაატარა.
_ შემოდი, თორემ ცივა გარეთ, შენ კი თხლად გაცვია. შენი ავად გახდომა სულაც არ მინდა.
ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა ვიღაცისთვის სულერთი არ იყო მისი ავად გახდომა. შეიძლება იონამ ისე, გულის გარეთ თქვა ეს სიტყვები, ზრდილობის გულისთვის, მაგრამ ლელის მაინც გაუთბა სული.
მუშაობა წინ მიიწევდა. ლელი თავს არ ზოგავდა. თუმცა ჯერ ყველაფერი არ იყო გამოკვეთილი და მხოლოდ ლელიმ იცოდა, რა გამოვიდოდა საბოლოოდ. ყველაფერს თავად აკონტროლებდა _ მიწის ყოველ სანტიმეტრს, ყოველი ქვის თუ ფილის ადგილმდებარეობას, ბუჩქების განლაგებას და ფორმების მიცემას, ბილიკების წყობას და მოკირწყლვას. იმედოვნებდა, რომ არა მხოლოდ თვითონ, იონაც კმაყოფილი დარჩებოდა შედეგით. ყველაზე ძალიან ეს უნდოდა.
მას შემდეგ, ერთ წვიმიან დღეს რომ აღმოაჩინა იონა ნემსაძის სიმპათიურობა და მომნუსხველობა, მოსვენება დაკარგა. დაკარგა, რადგან მიხვდა, რომ ისეთ რამეებზე დაიწყო ყურადღების გამახვილება, რაზეც არ ღირდა, არ შეიძლებოდა ან ზედმეტი იყო. მაგალითად, ერთ დილით, როცა ლელი სტაფილოს წვენს წურავდა სამზარეულოში, იონა შემოვიდა ყავის დასალევად. გოგონამ შეათვალიერა იგი და გულში აქამდე უჩვეულო რამ გაივლო _ რომ იო, როგორც მას მაშო ეძახდა, ძალიან მამაკაცური იყო სოსოსგან განსხვავებით. მუქი, მოკლედ შეკრეჭილი თმა, მაღალი შუბლი, ჭკვიანურად მომზირალი თვალები და ლამაზად მოხაზული ვნებიანი ტუჩები.
_ აბა, როგორ მიდის გახდომის საქმეები? _ ხუმრობანარევი ტონით შეეკითხა მამაკაცი და გაუღიმა, _ ქურციკს კიდევ ვერ დაემსგავსე?
ლელის შეეშინდა, ალბათ კვლავ გამოიცნო ჩემი ფიქრებიო და მკვახედ მიუგო:
_ როგორც ხედავ, ისევ ძროხად ვრჩები.
მამაკაცს ღიმილი სახეზე შეეყინა. ყავა დაისხა და მაგიდას მიუჯდა.
_ მომისმინე, ლელი, _ სრული სერიოზულობით მიუბრუნდა გოგონას, _ ჩემი აზრით, შენ ძალიან ამუქებ შენს ეგრეთ წოდებულ ტრაგედიას. მილიონობით გოგო იქნებოდა ბედნიერი, შენნაირი გარეგნობა რომ ჰქონოდა.
ლელის შერცხვა. რაში დასჭირდა ასეთი ენამწარობა? რას «ეიაზვება» ამისთანა კაცს?
_ კარგი, არ გინდა, _ შემრიგებლური ტონით უპასუხა, _ არ არის საჭირო ჩემი დამშვიდება. ვიცი, რომ მსუქანი ვარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ სულ ასეთი არ ვიქნები.
_ სულაც არ ხარ მსუქანი, _ ისევ გააპროტესტა იონამ, _ მით უმეტეს, ძროხა, რატომღაც, ასე რომ გიყვარს შენი თავის ძროხასთან შედარება.
_ მიყვარს, როგორ არა, _ ჩაიცინა ლელიმ, რადგან გაახსენდა, რატომაც ადარებდა თავის თავს ძროხას _ ეს სოსოს დამსახურება იყო, სწორედ მან შეადარა ძროხას და აუხილა თვალები.
_ აჰა, ისევ… _ უსაყვედურა მამაკაცმა.
ლელიმ გაიღიმა.
_ მოდი, აღარ ვილაპარაკოთ ამაზე. პირობას გაძლევ, მაშოს დახმარებით დავიკლებ და ფორმაში ჩავდგები. მერე კომპლექსებიც თავისთავად მომეხსნება.
_ აი, ასეთ უფრო მომწონხარ, _ გამხიარულდა იონა, _ სხვათა შორის, სამ კვირაში ახალი ფარმაცენტრი იხსნება და დაპატიჟებული ხარ პრეზენტაციაზე. გასაგებია?
რა პრეზენტაცია, რის პრეზენტაცია! რა თავში იხლის ფარმაცენტრის პრეზენტაციას? ლელიმ რა უნდა აკეთოს იქ? _ ეს კი გაიფიქრა, მაგრამ წამსვე უკუაგდო აზრები და რატომაც არაო, თავის თავს უთხრა.
_ ძალიან კარგი, აუცილებლად წამოვალ, იონა, დიდი მადლობა.
როგორც ჩანს, თავისი ქსელის გაფართოებაზე ფიქრობს. რა ჭკვიანი კაცია, იცის თავისი საქმე. იქნებ იმასაც იცნობდეს, ლელი ამდენ ხანს რომ დაეძებს? ხომ არ ჰკითხოს? ის იყო, უნდა ეკითხა კიდევაც, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა და გამოწურულ სტაფილოს წვენს მოწყურებულივით დაეწაფა…
გაგრძელება იქნება