ერთი უყურეთ! ვითომ არაფერი მომხდარა. კიდევ კარგი, არ გადაეხვია. ესეც საყიდლებზე დარბის ალბათ, როგორც ყოველთვის. დღესაც ბრწყინვალედ გამოიყურება, რა ლამაზია ეს დამპალი! ნეტავ როგორ ახერხებს?
მიუხედავად იმისა, რომ ქეთიზე ბრაზი ოდნავადაც არ განელებოდა, სრულიად არ აღელვებულა, თუმცა აშკარად ცივად შეხვდა საუკეთესო მეგობარს.
_ გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს, _ ამ სიტყვებით აგდებულად შეათვალიერა, _ სად უნდა დავკარგულიყავი, ვმუშაობ.
_ და რატომ არ მპასუხობ, როცა გირეკავ?
ვერ მიხვდა ლელი, რატომ არაფერს იმჩნევდა ქეთი. ჰგონია, ასეთი მიამიტია? ჰგონია, არაფერი იცის მისი და სოსოს ურთიერთობის შესახებ?
_ დავიჯერო, ვერ ხვდები, რატომაც? _ თავი გვერდზე გადახარა და ეჭვნეულად ჩახედა თვალებში.
_ ვერა, _ მხრები აიჩეჩა აშკარად გულწრფელად გაოცებულმა ქეთიმ.
ოჰოო, მძიმე შემთხვევასთან აქვს ლელის, როგორც ჩანს, საქმე. რას იზამს, მოუწევს ყველაფრის ახსნა.
_ მაშინ სოსოს ჰკითხე და ის უკეთ აგიხსნის.
_ სოსოს? _ გაორმაგდა ქეთის გაკვირვება, _ სოსო რა შუაშია?
_ მომისმინე, ქეთი. არ გვინდა კომედიის თამაში. არ მითხრა, რომ სოსო ყველაფერს არ მოგიყვა.
_ რა უნდა მოეყოლა? წარმოდგენა არა მაქვს, რაზე მელაპარაკები.
_ იმაზე, რომ შენ და სოსო ერთად გნახეთ ჩემს საწოლში.
ქეთის თვალები შუბლზე აუცვივდა.
_ შენ რა, გაგიჟდი? რა საწოლში, როდის, საიდან მოგაქვს ეს სისულელე!
ლელის ახლა კი წამოუარა სიბრაზემ, სახე ერთიანად წამოუწითლდა და კბილი კბილს დააჭირა, რომ შუა მაღაზიაში, ამდენი ადამიანის თანდასწრებით არ ეკივლა.
_ როგორც ჩანს, მე კი არა, შენ გაქვს პრობლემა, ან ამნეზია გჭირს, ან სკლეროზი. აი, ასეა საქმე, _ ნიშნის მოგებით წარმოთქვა ლელიმ.
ქეთიმ ამოიოხრა და მიმოიხედა. მისდა უნებურად, ლელიმაც მიმოიხედა ირგვლივ. ყველანი მათ მისჩერებოდნენ.
_ მოდი, გავიდეთ აქედან და სადმე დავსხდეთ, ყავა დავლიოთ და ვილაპარაკოთ. როგორც ჩანს, რაღაც გვაქვს სალაპარაკო, რაც მე არ ვიცი.
ლელიმ ჩაიცინა.
_ შენთან საუბარი არ მსურს, ქეთი. ამის ოდნავი სურვილიც არ გამაჩნია, _ ხმადაბლა მიუგო და მაღაზიიდან გავიდა.
როგორც კი ქუჩაში აღმოჩნდა, პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა და ვაგზლის მიმართულებით აიღო გეზი. სტადიონთან ჩამოვიდა და ბაზრობას მიაშურა. აქაც კარგა ხანს იხეტიალა მაღაზიიდან მაღაზიაში, თან ქეთისა და სოსოზე ფიქრობდა. თითქოს გულზე მოეშვა, დაქალს სათქმელი პირში რომ მიახალა. ახლა შვება იგრძნო და ის ტკივილიც მოშორდა, სოსოს მიტოვების დღიდან რომ აწუხებდა.
თბილისში მას ქეთიზე ახლო მეგობარი არ ჰყავდა. მხოლოდ მან იცოდა მისი ყველა საიდუმლო, ყველა ტკივილი, ყველა სიხარული. სწორედ ქეთი იყო ის ერთადერთი, რომელმაც სოსოს გაცნობის დღიდან ურჩია მეგობარს, მისგან თავი შორს დაეჭირა. ქეთი იჟინებდა, სოსო მხოლოდ გამორჩენის მიზნით მეგობრობს შენთან, რადგან არც სახლი აქვს, არც კარი და არც მყარი სამსახურიო.
ლელის მაშინ ეგონა, ქეთის შურდა მისი. დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ მისი თანდასწრებით ლანძღავდა სოსოს, ხოლო ზურგს უკან აღმერთებდა. რა სულელი აღმოჩნდა. მთელი წლის განმავლობაში როგორ ვერაფერი შეატყო ან ერთს, ან მეორეს? ქეთის ისე ეჭირა თავი, თითქოს სოსო საერთოდ არ აინტერესებდა. ბოლო ხანებში კი გამუდმებით არიდებდა თავს ლელის მიპატიჟებებს მაშინ, როცა ადრე სულ ერთად დადიოდნენ თეატრშიც, კლუბებშიც და კინოშიც.
მორჩა, საკმარისია საკუთარი თავის ტანჯვა. ქეთი მისთვის აღარ არსებობს. სოსოს კი აუცილებლად სამაგიეროს გადაუხდის. ამისთვის მთავარია, სადმე შეხვდეს. როგორ მოახერხოს ეს? როგორმე მოიფიქრებს რამეს. ბოლოს და ბოლოს, სამსახურში მიადგება, სადაც არა მხოლოდ თვითონ, ყველა მისი თანამშრომელი დაინახავს და გაოცებას ვერ დამალავენ, ეს როგორი ლამაზი შეყვარებული ჰყოლიაო ჩვენს დონჟუანს… მოახერხებს, მოახერხებს…
ფიქრი საყიდლებში ხელს სულაც არ უშლიდა. სანამ გეგმებს აწყობდა, პიჯაკის შესაფერისი შარფი შეიძინა და ბოლოს, როგორც იქნა, ფეხსაცმელიც ამოარჩია. ესეც ასე, ახლა თამამად შეუძლია ფარმაცენტრის პრეზენტაციაზე გამოცხადდეს და ყველას თვალები დაუბრმავოს…
დაახლოებით რვა საათი იყო, საგურამოში რომ დაბრუნდა. ისე დაიღალა, ფეხებს ძლივს მოათრევდა. განსაკუთრებით ქეთისთან შეხვედრამ იმოქმედა მასზე. ამას გარდა, წუხანდელი ამბის ეიფორიიდანაც არ იყო გამოსული. ნეტავ მაშო მაინც დახვდებოდეს ჩამოსული, რომ ამ უსიამოვნო მოგონებებისგან გათავისუფლდეს. ისე, რატომ განიცდის ასე? დიდი ამბავი, მამაკაცმა აკოცა. განა პირველი კოცნაა მის ცხოვრებაში? დარწმუნებულია, რომ იონას არც ახსოვს გუშინდელი თავგადასავალი. მართალია, ასეც იქნება, ამიტომ თვითონაც ისე უნდა დაიჭიროს თავი, ვითომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. არადა, უნდა აღიაროს, რომ მართლაც კარგი კოცნა იყო, ლელის ძალიანაც ესიამოვნა…
შეეცადა, სახლში შეუმჩნევლად შესულიყო. ფეხის წვერებზე აიარა კიბის საფეხურები. მტრედივით მსუბუქ ნაბიჯებს ადგამდა. უეცრად სასტუმრო ოთახიდან ლაპარაკი შემოესმა. მაშოს ხმა იცნო.
_ იო, ხომ არ დაგავიწყდა, ხვალ რა დღეა? ჩვენ ერთად უნდა გავატაროთ ეს დღე, ჩემო კარგო.
მდააა. ძალზე საინტერესოა… მაგრამ არ უყვარს მიყურადება, როცა ვიღაცის პირად ცხოვრებას ეხება საქმე. ასეც მოიქცა. სწრაფად აიარა დარჩენილი საფეხურები და თავის ოთახში შეიჭრა. ახლა უკვე ნათელია, იონას და მაშოს რა აკავშირებთ ერთმანეთთან. ღმერთმა ხელი მოუმართოს ორივეს, ეს მას არ ეხება. მაშინ რატომაა ასე გულდაწყვეტილი? ნუთუ რამის იმედი ჰქონდა? არა, არა, არც უფიქრია. მისი ერთადერთი ამოცანაა, როგორმე სოსოს შეხვდეს, მას სხვა არაფერი აინტერესებს.
მიუხედავად ამისა, ოთახში შესულმა შუქი აანთო, რათა შინ მყოფებს მისი დაბრუნება შეუმჩნეველი არ დარჩენოდათ. მართლაც, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
_ ლელი, აქ ხარ? _ ეს მაშოს ხმა იყო.
ლელი იმ წუთის გამოსული იყო სააბაზანოდან, ამიტომ თავზეპირსახოცწაკრული გაემართა კარის გასაღებად. როცა მაშო დაინახა, ნაძალადევად გაიღიმა.
_ შემო, აქ ვარ, აბა სად ვიქნები.
_ რას აკეთებ? _ მაშომ ოთახი შეათვალიერა.
_ რა ვიცი, არაფერს. დღეს მთელი თბილისი მოვიარე, რომ კაბა მეყიდა. იმ შაბათს ხომ პრეზენტაციაა, ვიფიქრე, გარდერობს განვაახლებ-მეთქი.
_ მართლა, სულ ამომიფრინდა თავიდან, _ შესძახა მაშომ, _ მეც მაქვს რაღაცები საყიდელი. აბა, მაჩვენე რა იყიდე, ძალიან მაინტერესებს.
ლელი უხერხულად შეიშმუშნა, მაგრამ პარკიდან მაინც ამოალაგა შენაძენი.
_ აუ, რა კარგი ფერებია. ჩაიცვამ? მაინტერესებს, როგორ გადგას ტანზე.
უარი ვერ უთხრა. თავიდან პირსახოცი მოიძრო და თმა ჩამოუშვა, მერე კაბა აიღო და გარდერობის გამოღებულ კარს მოეფარა გამოსაცვლელად.
_ აბა, როგორია? _ ლელიმ გარდერობის კარი მიხურა და მაშოს თვალწინ კეკლუცად დატრიალდა.
მაშო მიუახლოვდა, საყელო გაუსწორა, მერე უკან დაიხია და ისე შეათვალიერა.
_ შოკია. ნამდვილი მზეთუნახავი ხარ. ხედავ, როგორ მოგიხდა გახდომა? მოდელს დაემსგავსე. ერთადერთი, რასაც გირჩევდი, შენს ადგილას თმას ცოტათი გავიმუქებდი. ან სულაც, მელირებას გავიკეთებდი, უფრო ეფექტური იქნება.
_ აი, ეს ფეხსაცმელიც ვიყიდე და პიჯაკიც, შარფიც, _ დააყოლა ქათინაურით შეცბუნებულმა.
_ მაგარია, მიდი, ეგენიც ჩაიცვი, მე კი მანამდე იონას დავუძახებ.
_ არა! _ არანორმალური ხმით იყვირა შეშინებულმა.
_ კარგი, კარგი, არ დავუძახებ, მაგრამ რატომ ასეთი საშინელი რეაქცია?
_ მაპატიე, _ დაიბნა ლელი, _ უბრალოდ, მერიდება. არ მიყვარს, როცა ჩემი ჩაცმის სტილს კაცები აფასებენ.
_ ა, გასაგებია. არადა, სულ ტყუილად. კაცის თვალი მაინც სხვაა. მგონი, იოსაც მოეწონებოდა.
ამაში ლელის ეჭვიც არ ეპარება. ტანზე მოყვანილი და ღრმადეკოლტეიანი კაბა იოს ნამდვილად მოეწონება. მაგრამ მაშომ ეს არ აღნიშნა. უფრო სწორად, ხმამაღლა არ თქვა. იგი ლელის პირდაპირ სკამზე დაჯდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და თითქოს რაღაცის თქმას აპირებსო, შეფიქრიანებული მზერით შეხედა ლელის.
_ შეიძლება რაღაც გკითხო? პირადული?
ლელის შეამცივნა. ნუთუ რამეს ხვდება?
_ შეიძლება, რატომაც არა, _ თქვა და ყურებამდე გაწითლდა.
_ შეყვარებული გყავს?
კიდევ კარგი, სხვა რამე არ ჰკითხა. ეს ადვილი შეკითხვაა, გაართმევს თავს.
_ მყავს, წელიწადზე მეტია, ერთად ვცხოვრობთ. უფრო სწორად, მალე ორი წელი გახდება. ახლა ნაჩხუბრები ვართ და რამდენიმე კვირაა, არ მინახავს, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მის გარეშე არ შემიძლია.
_ გა-სა-გე-ბია… _ ოდნავ გაჭიანურებულად წარმოთქვა მაშომ, თან ისეთი ინტონაციით, თითქოს ლელის აღსარებამ იმედები გაუცრუაო.
ნეტავ რა ეწყინა? წესით, უნდა გახარებოდა. ცოტა არ იყოს, გაუკვირდა მისი რეაქცია ლელის და დაბნეულმა ჰკითხა:
_ რატომ მეკითხები?
ახლა მაშო დაიბნა, მოუსვენრად აწრიალდა სკამზე და პასუხი დააყოვნა, გეგონებოდათ, დროს წელავს მის მოსაფიქრებლადო.
_ რა ვიცი, ისე… იქნებ პრეზენტაციაზე ისიც წამოგეყვანა?
ლელი ანკესზე არ წამოეგო. იგი მიხვდა, რომ მისი პირადი ცხოვრებით მაშოს დაინტერესების მიზეზი სოსოს პრეზენტაციაზე მოპატიჟება სულაც არ იყო, თუმცა იდეა მშვენიერი გამოუვიდა. ამიტომაც თავისი ნაფიქრი ხმამაღლა გაახმოვანა:
_ მშვენიერი იდეაა.
_ ძალიან კარგი. ვეტყვი იოს, რომ მარტო არ იქნები და შენი მეგობარიც გაითვალისწინოს, _ ამ სიტყვებით მაშო წამოდგა და კარისკენ გაემართა. სანამ გავიდოდა, წამით შეყოვნდა, თითქოს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა, ღამე მშვიდობისა უსურვა ლელის და გავიდა.
და აი, დადგა გადამწყვეტი მომენტი. ლელი სოსოს სამსახურის წინ დგას. გამჭვირვალემინებიანი შენობა სამსართულიანია. სოსო მეორე სართულზე მუშაობს. იქ ერთი საერთო დარბაზია, ყველა თანამშრომელი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მუხლები უკანკალებს. ნეტავ როგორ შეხვდება? ზედაც რომ არ შეხედოს, სირცხვილისგან სულს განუტევებს. ადგილზე მოკვდება. არა, სოსო ასე არ მოექცევა, ეგეთები არ ეშლება. ბოლოს და ბოლოს, ლელის არაფერი დაუშავებია მისთვის. ეს მას აქვს ბოდიში მოსახდელი და არა ლელის.
გამოიპრანჭა დღეისთვის. სალათისფერი პიჯაკი ჩაიცვა. იქამდე სილამაზის სალონში იყო, მაშოსთან, თმა დაივარცხნა, მაკიაჟი გაიკეთა, ქალს დაემსგავსა… სექსუალურ ქალს…
გაგრძელება იქნება