2022 წლის13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას 13 წლის მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, გამოსატანად შესულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა. ორი მათგანი მძიმედ დაშავდა, ერთ-ერთის, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ მარიტა მეფარიშვილი აუზში ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვებოდა, როდესაც ბურთის ამოსატანად აუზში ჩასული პირველი ბიჭი დავარდა, ბავშვებს ხუმრობა ეგონათ, თუმცა პირველს მეორე მოჰყვა და მესამე მარიტა აღმოჩნდა, რომელსაც ბიჭების შველა უნდოდა. დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.

მარიტა მეფარიშვილის ოჯახი
თავად მარიტა ჩოგბურთელი იყო. ის 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა. მას ჰყავს უფროსი და, ნუცა, რომელიც სკოლის მოსწავლეა. ცოტა ხნის წინ კი მარიტას ოჯახში სასწაული დატრიალდა და მის მშობლებს 13 წლის შემდეგ კიდევ ერთი გოგონა შეეძინათ. პატარას ტატა დაარქვეს:
"მარიტას მშობლებს მარიტას შემდეგ 13 წელი შვილი არ უჩნდებოდათ. მარიტას გარდაცვალების შემდეგ დედამისმა, ანა შოშიაშვილმა, სიზმარი ნახა, სადაც მარიტამ უთხრა, რომ ორსულად იყო და გოგო ეყოლებოდა. მართლაც ასე მოხდა და ბარბარობას პატარა ანგელოზი ტატა დაიბადა, რომელიც ნინოობას გაქრისტიანდა".
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში მარიტასთვის სიმბოლურად თეთრ ვარდებს, შემდეგ ფოტოდ კი მარიტას პატარა დის, ტატას კადრებს აქვეყნებს.
