მსახიობი ნანა ხურითი დაიბადა თბილისში, 1964 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, დრამის ფაკულტეტი, თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით. 1986 წლიდან დღემდე არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად შემდეგ თეატრებში: სამეფო უბნის თეატრი, მეტეხის თეატრი, სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ლიტერატურული თეატრი, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტუდია.
"თბილისში დავიბადე, ორ წლამდე აქ ვიზრდებოდი, მერე გამიშვეს სოფელში, რომელიც სამოთხეს ჰგავდა. ჩვენი სოფელი ახალგორის რაიონში იყო, იქ 4 წელი ვიყავით. ეს ჩვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია, სადაც მეგონა, რომ მგელთანაც კონტაქტი მქონდა, მელიასთან და კურდღელთან…
როგორ სოფელში ვიყავით, იცით? ხუთი კომლი ცხოვრობდა — არც ელექტრობა, არც არაფერი… მგლების, ტურების ყმუილი ჩაგვესმოდა, მაგრამ აგრესია არ მახსოვს. იქ ქართული ენა დამავიწყდა და, როცა თბილისში ჩამომიყვანეს და „0“ კლასში შემიყვანეს, ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ ქართული კი მესმოდა, მაგრამ ვერ ვსაუბრობდი. მახსოვს, ასო-ბგერა „ძ-ზე“ რომ მივედით, იქ იყო სიტყვები: ძუა, ძიძა… მასწავლებელმა გვითხრა: „აბა, ბავშვებო, ძუა, ხომ ვიცით, რა არის?“ ბავშვებმა დაადასტურეს: „კი, ვიცით“. მერე შეგვეკითხა: „აბა, რა არის ძიძა?“. ყველა გაჩუმდა. მე ხელი ავწიე და ვუპასუხე: „ძიძა არის ხორცი“, იმიტომ რომ ძიძა ოსურად ნიშნავს ხორცს. ბავშვებმა გაიცინეს. დიდხანს მიმტკიცებდნენ, რომ „ძიძა“ სხვა რამეს ნიშნავდა, მაგრამ ვერ გამაგებინეს, ვინაიდან, რომელი იყო ჩემი მშობლიური ენა — არ ვიცოდი, ორივე ჩემი იყო.
ჩვენ იტალიურ ეზოში გავიზარდეთ, სადაც ერთად ცხოვრობდნენ სომეხი, ქურთი, ებრაელი, რუსი, აისორი, ოსი… და ჩვენთვის საქართველოს აღქმა იმ ეზოდან დაიწყო."
ცხინვალი
"ცხინვალში 2000-იანი წლების დასაწყისში ვიყავით, კონფლიქტის შემდეგ. ქორწილში დაგვპატიჟეს, გვითხრეს, ყველა ჩამოდის, ქართველებიც და თქვენ რა გჭირთო? და წავედით. ცხინვალში რომ შევდიოდით, მანქანა გააჩერეს, ყველას მიესალმნენ (სამარშრუტო ტაქსიში ქართველები იყვნენ) და ჩვენ გვითხრეს, საბუთები წარმოადგინეთო. როცა წაიკითხეს: „ხურითები? ოსები ხართო“.
როცა ცხინვალში შევედით, მე და ჩემი და ყველაფერს ყურადღებას ვაქცევდით და მახსოვს, მანქანაში ქართულ სიმღერებს უსმენდნენ. მაისი იდგა და გვითხრეს: დარჩით, ქართველებთან უნდა გადავიდეთ გიორგობის დღესასწაულზეო. 2008 წელს, ომი რომ დაიწყო, ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა: თქვენ სოფელში რა ხდებაო? ახლა ამ სოფელს გდულეთი ჰქვია. იქ ორი ბიძა ცხოვრობს, ჩვენი სახლიც იქ არის, მამაც იქაა დაკრძალული — ეს ყველაფერი საზღვარს იქით დარჩა… მე ვუთხარი: როცა ჩვენები შემოვიდნენ, ჩვენები ტყეში გაიქცნენ-მეთქი".