ანერვიულდა. ძალიან ანერვიულდა. აბა რა იქნება, მთელი თვეა, საყვარელ მამაკაცს არ შეხვედრია, მამაკაცს, რომელთანაც დაუვიწყარი წელიწად-ნახევარი გაატარა და… დაუვიწყარი ფინალითაც გაშორდა…
მხოლოდ ერთხელ მიბრუნდა იქ, იმ ბინაში, სადაც მასთან ერთად ცხოვრობდა, მიბრუნდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ნივთები წამოეღო _ ტანსაცმელი და რამდენიმე ნახატი, რომლებიც ძალიან უყვარდა. ერთი განსაკუთრებით, რომელიც ორი წლის წინ დახატა და დაარქვა «ისევ იასამნისფერი გაზაფხულია». გაახსენდა, როგორ გაუჭიანურდა საგაზაფხულო ხასიათის გადმოცემა. თითქოს ყველაფერი იყო ტილოზე, მაგრამ მაინც არ იყო ისე, როგორც უნდოდა. რაღაც აკლდა. როცა ყველა იმედი გადაეწურა და დაასკვნა, რომ ნახატს ვერ დაასრულებდა, სრულიად მოულოდნელად ეწვია შთაგონება და სურათმა სულ რაღაც ორ საათში დასრულებული სახე მიიღო. თითქოს სული შთაბერესო, ნამდვილ იასამნისფერ გაზაფხულს დაემსგავსა თავისი ადამიანებით, ყვავილებით, ცითა და მიწით… ამიტომ უყვარდა ლელის ეს სურათი, ამიტომაც არ უნდოდა იმ ბინაში მისი დატოვება. სოსოს ალბათ უკვე ეყოლებოდა ლელის შემცვლელი, რომელიც დაიკავებდა ნახევარ საწოლს, ლელის წილ სარეცელს. არა, არ უნდა ამაზე ფიქრი. აჯობებს, იმაზე იფიქროს, როგორ მოახდინოს «ყოფილზე» შთაბეჭდილება.
მშვიდად, მშვიდად… აი, აიარა პირველი სართულის კიბე… დარბაზის შუშის კარიც შეაღო და იქაურობას თვალი მოავლო. რატომ უკანკალებს მუხლები ასე? თითქოს თავის მოსაკვეთად მიჰყავდეთ. რა სულელია. რა იცის, რა განცდაა თავის მოკვეთა? მარიამ სტიუარტსაც მოჰკვეთეს თავი, მასაც უკანკალებდა მუხლები, როცა სასიკვდილო ფიცარნაგზე ადიოდა, მაგრამ მაინც დედოფალივით ეჭირა თავი. თვითონაც ასე უნდა მოიქცეს, ვინ ხედავს მის მუხლებს? არც არავინ. რაო, რას ეუბნებოდა ამას წინათ მაშო? არასდროს შეყოყმანდე, არასდროს შეგეპაროს ეჭვი შენს გადაწყვეტილებაში. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ყველაზე სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდები, თავი პრინცესასავით გეჭიროსო. სწორედ ასეა. ის პრინცესაა, ის დედოფალია. ჰოდა, წინ!
მხრებში გაიმართა, თავი მაღლა ასწია, ყელი მოიღერა და თამამად გადადგა ნაბიჯი. რამდენიმე ათეული წყვილი თვალი ინტერესით მიაჩერდა… არ დასჭირვებია კითხვა, სოსოს ნახვა სად შეიძლებაო, ის ფანჯარასთან იდგა, სახით მისკენ და ვიღაცას ელაპარაკებოდა. მოსაუბრე ლელის ყურადღების მიღმა დარჩა… ათობით ცნობისმოყვარე წყვილი თვალიც. ის ამწუთას მხოლოდ სოსოს ხედავდა. მამაკაცს გაოცების ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. ეტყობა, უცებ ვერც იცნო. ლელიმ ძლივს შესამჩნევად გაიღიმა. არა, არც ეთქმოდა ღიმილი იმას, რაც მისმა ტუჩებმა გამოსახა, ეს უფრო ბაგეთა სიფრთხილით გამოწვეული შერხევა იყო, მზადყოფნა იმისთვის, რომ თუ სოსო ამდენი ადამიანის წინაშე მის დამცირებას განიზრახავდა, თავი დაეზღვია და ღიმილში გესლი გაერია. თუმცა, «გადარჩა», დაცინვისმაგვარი არაფერი დამუქრებია. სოსომ წარბები ასწია, ხელი წამოზრდილ წვერზე მოისვა და ხმადაბლა, მხოლოდ მის გასაგონად თქვა:
_ გამარჯობა, პატარავ.
_ გაგიმარჯოს.
_ მოხვედი?
_ მოვედი.
_ ყავა ხომ არ დაგველია სადმე?
_ დაგველია, _ მოკლე რეპლიკებით პასუხობდა ლელი.
_ მაშინ გასასვლელთან დამელოდე, ახლავე ჩამოვალ.
ლელიმ თავი უსიტყვოდ დაუქნია, გაბრუნდა და გამხნევებულმა ამჯერად თამამად გადაიარა დარბაზი.
კარგა ხანს ალოდინა სოსომ, თხუთმეტი-ოცი წუთი მაინც. გამოვიდა თუ არა, პირველი, რაც გააკეთა, ლელის ლოყაზე უჩქმიტა, როგორც ადრე იცოდა.
ახლომდებარე ბარში შევიდნენ, მაგიდას მიუსხდნენ. ლელი ელოდებოდა. რას ელოდებოდა, თავადაც არ ჰქონდა გააზრებული. ალბათ აღფრთოვანების სიტყვებს, ქათინაურებს, მონანიებას, ბოდიშს, თავის მართლებას… მაგრამ მსგავსი არაფერი მოუსმენია. რატომღაც, საერთოდაც არ აეწყო საუბარი.
_ სად ცხოვრობ?
_ ჯერჯერობით ჩემს კლიენტთან, პროექტზე ვმუშაობ, მაგრამ მალე ახალ ბინაში გადავალ.
_ იქირავე?
_ ჰო.
ლელი რატომღაც ვერ გრძნობდა იმ აღტაცებას, რომელსაც ყოველთვის განიცდიდა ადრე, როცა სოსოს გვერდით იყო. მაინც დარჩა წყენის ნამსხვრევები, რომლებიც ვერა და ვერ გახვეტა გულიდან. მაგრამ არა უშავს, ამასაც მოერევა ნელ-ნელა. შეეცდება, დაივიწყოს, თუ, რა თქმა უნდა, მის ყოფილ ვაჟბატონს ასე სურს. ცეცხლს გაატანს ტკივილს. როგორ არის იმ ფილმში? რაღაც ფილმი გაახსენდა, რომლის სათაური ვერა და ვერ აღიდგინა მეხსიერებაში. ახსოვდა მხოლოდ ის, რომ ფილმი სიყვარულზე იყო, ნახევრად მიწიერ და ნახევრად არამიწიერ სიყვარულზე, მხოლოდ ფილმებში რომ არსებობს და რომანებში, ისეთზე. იქ ერთი პერსონაჟი ამბობს, როცა ვინმეს ვერ ივიწყებ და ამის დიდი სურვილი გაქვს, დაწერე ქაღალდზე, რისი თქმაც მისთვის გინდოდა, წაუკიდე ცეცხლი და ქარს გაატანე, რომ შენი ტკივილი თან გაიყოლოსო.
_ ძალიან შეცვლილხარ.
როგორც იქნა, შეამჩნია სოსომ.
_ ჰო, შევეცადე.
_ შენ… ისა… მარტო ხარ, თუ… გყავს ვინმე?
_ არა, არავინ. შენ?
_ არც მე.
_ აბა ქეთი?
_ ის ქეთი არ იყო, მოგეჩვენა. მინდოდა შენთვის ეს მეთქვა, მაგრამ არ მომეცი საშუალება.
_ ნუ იტყუები, არ მიყვარს, როცა თავის გამართლებას ცდილობენ, განსაკუთრებით ტყუილებით.
_ არ ვიტყუები, მაგრამ ვიცი, მაინც ვერ დაგაჯერებ.
ლელიმ შეხედა. სოსოს თვალები გულწრფელობით იყო სავსე. შეეცადა, სიმართლე წაეკითხა ამ თვალებში. ზედმეტად მართალი მოეჩვენა მისი მზერა. «ყველანაირად ცდილობს, რომ დამაჯეროს. რატომ? იმიტომ, რომ მატყუებს თუ იმიტომ, რომ ჩემი დაბრუნება ძალიან უნდა»?
ლელი ნერვიულად ათამაშებდა თითებს მაგიდაზე. სოსო ფრთხილად შეეხო ამ თითებს, ხელისგული გადაუსვა. ლელი გაქვავდა. სოსო დაიხარა და შუათითზე აკოცა.
_ მაპატიე. რაღაც მაინც უნდა მეღონა შენს შესარიგებლად. მაპატიებ?
ლელის გული აუჩუყდა. «როგორც ჩანს, ისევ ვუყვარვარ, მაგრამ ასე ადვილად ვერ მოიპოვებ გამარჯვებას, ძვირფასო. მოგიწევს, ისევ მოიპოვო ჩემი ნდობა».
_ ვეცდები.
კმაყოფილმა ღიმილმა გადაირბინა სოსოს ტუჩებზე.
_ წავიდეთ ჩემთან? ძალიან მომენატრე.
კიდევ რა უნდა? ნუთუ ჰგონია, რომ ერთი «მაპატიე» საკმარისია საპატიებლად? ასე ადვილად არ დნება ლელის გულის ყინულის კედელი.
უარის ნიშნად თავი გააქნია.
_ მეჩქარება, ბევრი საქმე მაქვს.
სოსომ განაწყენებული სახე მიიღო. ასეთი გამომეტყველება ადრე ლელის გულს უჩვილებდა, გრძნობას უმძაფრებდა, ახლა კი ნერვიც არ ატოკებია. მან ხელი გამოსწია და ნათქვამს დაამატა:
_ იცი? პრეზენტაციაზე დამპატიჟეს შაბათს. წამოხვალ ჩემთან ერთად?
_ აბა რას ვიზამ, _ გამოცოცხლდა სოსო, _ მაგრამ შაბათამდე ვერ შევხვდებით ერთმანეთს?
_ ვერა. ხომ გითხარი, ბევრი სამუშაო მაქვს-მეთქი. შაბათამდე დაგირეკავ.
_ კარგი, როგორც იტყვი, _ მორჩილად დაეთანხმა სოსო.
გაჩერებამდე მიაცილა მამაკაცმა. დამშვიდობებისას კვლავ უჩქმიტა ლოყაზე, კოცნა ვერ გაუბედა.
ჩაჯდა თუ არა სამარშრუტო ტაქსიში, ლელის გაახსენდა იმ ფილმის სათაური _ «სამი მეტრი ცის ზემოთ». ჰო, ასე ერქვა. მაგრამ მისი სიყვარული სამი სანტიმეტრითაც კი არ გასცდენია ცას… იქნებ არც კი ასულა ცის კაბადონამდე?
მთელი გზა შეხვედრაზე ფიქრობდა. უნდოდა, საბოლოოდ გარკვეულიყო თავის გრძნობებში. ადრინდელი მღელვარება რომ არ დაუფლებია, ეს აშკარა იყო. არც მის შეხებას გაუხარებია დიდად. როცა ჩემთან წავიდეთო, შესთავაზა მამაკაცმა, შინაგანმა პროტესტმა მოიცვა მისი სხეული. ისე, სიმართლე რომ ითქვას, მასთან სექსი არასდროს ჰგვრიდა ისეთ სიამოვნებას, წიგნებში რომ წაუკითხავს ან ფილმებში რომ უნახავს. თუმცა, სოსო მისით უკმაყოფილო არასდროს დარჩენილა. ის ყოველთვის იღებდა თავის წილ სიამოვნებას. ლელის კი ამხნევებდა, ჯერ ყველაფერი წინ გაქვს, მოვა დრო და შენს ორგანიზმში მიძინებული ვნებათა ღელვა ერთ მშვენიერ დღეს ერთბაშად ამოხეთქავსო. ეს სულაც არ აწუხებდა ლელის. ის სექსის გარეშეც არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს საყვარელ მამაკაცთან. მოსწონდა, როგორ ზრუნავდა სოსო მასზე, როგორი მგრძნობიარე იყო. მაგრამ ახლა ეს სურვილი სადღაც გამქრალიყო. ალბათ ვერასდროს აპატიებს ღალატს და იმის ბრალია. ალბათ იმ ქალთა კატეგორიას ეკუთვნის, პატიება რომ არ შეუძლიათ. მაგრამ ხომ გადადგა შესარიგებლად ნაბიჯი? ეს ხომ არავის დაუძალებია მისთვის, რატომღა არ გამოდის?
ლელი ამას ჯერ ვერ ხვდებოდა…
იონა შინ არ დახვდა, არადა, წესით, დღეს უნდა მოსულიყო, თბილისში დარჩენას არ აპირებდა. ლელის უნდოდა, რაც შეიძლება მალე ეთქვა მისთვის, ახალ ბინაში რომ გადადიოდა. რა თქმა უნდა, შეეძლო, ევროპულადაც წასულიყო, არც გაეფრთხილებინა ისე, მაგრამ ეს უსაქციელობა იქნებოდა მისი მხრიდან. მამაკაცმა დაასაქმა, თავშესაფარი მისცა, როცა ძალიან უჭირდა. უნამუსოდ ვერ მოექცეოდა.
თავის ოთახში ავიდა და განმარტოვდა. კომპიუტერი ჩართო, ფეისბუკზე შევიდა, წერილებს გადახედა, მერე ფოსტაც შეამოწმა და ამოიოხრა. არაფერი საინტერესო, ყველაფერი ძველებურად. სწორედ ამ დროს დედამ დაურეკა, მოიკითხა, როდის აპირებ ჩამოსვლასო, ჰკითხა. მომენატრეო, რამდენი თვეა, არ მინახავხარო, სოფელი სულ დაივიწყეო… გულზე მოხვდა მისი საყვედურები. შეჰპირდა, მალე ჩამოვალ და ერთი კვირით დავრჩებიო… და მორჩა, დაამთავრა ლაპარაკი. მშრალად ელაპარაკა, ემოციების გარეშე. ბოლო დროს ლელის ეჩვენებოდა, რომ დედასთან ნაკლებად ნახულობდა საერთოს, უფრო და უფრო შორდებოდა მას. განა დედა იყო დამნაშავე, მამამ ორსული ქალი რომ მიაგდო და სხვასთან გაიქცა? არა, ამაში არ ადანაშაულებდა მშობელს, უფრო იმაში, რომ მამის შესახებ მოზარდობის ასაკში მყოფს დედა არაფერს უყვებოდა და არც მისი მოძებნის უფლებას აძლევდა. გვიან მოხდა ეს ყველაფერი, ძალიან გვიან. სწორედ ამაში ადანაშაულებდა დედას.
კომპიუტერი გამორთო და ფანჯარას მიადგა. ცხელი საღამო იდგა. ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი და ეზოს გახედა. მოსწონდა თავისი ნახელავის თვალიერება. დასიცხულს აუზში ჩასვლა მოუნდა. ცუდი არ იქნებოდა ახლა წყალში ჩაყვინთვა. იონა ხომ არ გაბრაზდება, მის უკითხავად რომ ჩავიდეს აუზში? იქ ჯერ არავის უბანავია. ყოველ შემთხვევაში, ლელის არავინ უნახავს იქ ჩასული. სულ ახლახან დამთავრდა მისი რემონტი და მხოლოდ სამი დღეა, რაც წყალი ჩაუშვეს.
თუმცა, მოიცა! ეს ხომ იონაა. როგორც ჩანს, მოსულა. პირსახოცი მხარზე გადაუკიდია და აუზისკენ მიემართება. ლელი ფანჯარაში გადაიხარა და მამაკაცს თვალი მიადევნა. იონამ პირსახოცი სკამ-ლოგინზე მიაგდო და თავით გადაეშვა წყალში. ერთი ბილიკი, ორი, სამი… იქით, აქეთ, იქით, აქეთ… ოცი გასვლა-გამოსვლა დათვალა ლელიმ. შემდეგ იონა წყლიდან ამოვიდა, პირსახოცი ზურგზე მოიგდო და ენერგიულად შეუდგა ტანის გამშრალებას. მხრები, მკლავები, სხეული _ ყველაფერი დაკუნთული, ათლეტური, გრამი ზედმეტი წონა არა აქვს.
სწორედ ამ დროს ასწია იონამ თავი და თვალი მოკრა ფანჯარაში გადმოყუდებულს. ლელის უნდოდა, უკან გამხტარიყო, მაგრამ მიხვდა, რომ სულელურად გამოუვიდოდა და გაღიმებულმა ხელი დაუქნია.
მანაც გაუღიმა პასუხად.
_ არ გინდა გაცურო? _ ამოსძახა.
_ მინდა, _ არ დამალა ლელიმ სურვილი და გაიფიქრა, იოს რა კარგი ღიმილი აქვსო.
_ მაშინ ჩამო!
_ ახლავე!
სწრაფად მოძებნა კარადაში საცურაო კოსტიუმი, ჩაიცვა და სარკეში მოესიყვარულა თავის გაახლებულ ფიგურას, რა სასიამოვნოა ამის ყურებაო, გაიფიქრა და პირსახოცით ხელში დაბლა ჩავიდა.
გაგრძელება იქნება