"უკვე 32 წელია, ერთად ვართ. ჩვენს შორის არსებობს რაღაც ისეთი, რაც აუხსნელია. ჩემი მეუღლე კეთილი, მოსიყვარულე და თავმდაბალია - ეს მომწონს მასში. ბევრ ქალბატონს ვცემ პატივს, მაგრამ ერთადერთი ქალი, ვინც მიყვარს, ჩემი მეუღლეა.
მიბაძვა საშინელებაა, მაგალითის აღება კარგია, მაგრამ ურთიერთობა ადამიანებზეა დამოკიდებული. მე და ჩემს მეუღლეს ჩვენი ისტორია გვაქვს. კახი ხშირად ამბობს, ჩვენ, უბრალოდ, ვჩანვართ, თორემ ძალიან ბევრი ოჯახია საქართველოში, სადაც მეუღლეებს ანალოგიური სიყვარული და ურთიერთობა აკავშირებთო. მარტო კახი და ბელა არ არიან, ვიცნობთ ასეთ ოჯახებს, არაერთი შემთხვევა ვიცით, ერთი რომ გარდაიცვალა, მიჰყვა მეუღლეც - ვერ წარმოიდგინა ცხოვრება უიმისოდ“, - ამბობდა წლების წინ ირაკლი კავსაძე მეუღლის, ლიკა გორგილაძის შესახებ.
ლიკასა და ირაკლის ოჯახი უკვე 35 წელს ითვლის. მათ ორი შვილი, ნატალი-ბელა და ირინკა ჰყავთ. ირინკას საზოგადოება უკვე კარგად იცნობს - ის რამდენიმე წლის წინ მონაწილეობას პოპულარულ შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები" იღებდა. გასაკვირი არ არის, რომ ირინკამ, მამისა და ბაბუის მსგავსად, ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა და თავადაც მსახიობია.
ირაკლი კავსაძე ამერიკაში პირველად 2000 წელს ჩავიდა, თუმცა სამუშაოდ 2001 წლის 26 აგვისტოდან გაემგზავრა და მას შემდეგ იქ არის. ცნობილი მსახიობების, კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის ვაჟის ამერიკულ ცხოვრებაში ბევრი საინტერესო ეტაპი ყოფილა, თუმცა ის კავშირს საქართველოსთან დღემდე არ კარგავს.
"რუსთაველის თეატრში დავიბადე. თვალი ჯერ კიდევ გახელილი არ მქონდა, თეატრში რომ მიმიყვანეს. რუსთაველის თეატრი ჩემთვის ძალიან მშობლიურია, ის ჩემი სახლია. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ კახის თაობის ყველა ბუმბერაზი მსახიობი ჩემ თვალწინ შევიდა ასაკში. მეც მათ თვალწინ გავიზარდე და დავკაცდი. რუსთაველის თეატრმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. მადლობა ღმერთს, რომ საშუალება მომეცა, ეს ყველაფერი უცხოელ მაყურებლამდე მიმეტანა. მან კი ეს ძალიან კარგად მიიღო. ამერიკაში წასვლას ძალიან დიდი ხანი, ჯერ კიდევ ინსტიტუტის პერიოდიდან ვფიქრობდი. მოკლედ, ფიქრთა ტყვეობაში ვიყავი.
ამერიკას ერთი გენიალური თვისება აქვს, მისთვის უცხო არ არსებობს, ყველა ემიგრანტია. იქ მცხოვრებთა მეოცე თაობაც კი იმას ამბობს, რომ მისი წინაპრები შოტლანდიელები, ირლანდიელები, რუმინელები ან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან. ამერიკა ყველასია..." - ასე იხსენებდა მსახიობი ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილებას.
"უკეთესი მამა არ არსებობს. თავისებური მიდგომა და მსოფლმხედველობა აქვს. ძალიან მართალი ადამიანია. მისი ყოველი სიტყვა გულიდანაა წამოსული, თვალთმაქცობა არ სჩვევია. ემოციურია და განცდების გადმოცემა კარგად შეუძლია... კახი თითქოს, საკუთარ თავს არც ეკუთვნის. არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. შეიძლება, ისეთი ფრაზები თქვას, სიცილით გახოხიალოს და ამავე დროს ისეთი ტრაგიკულიც იყოს, თქვა, - მსგავსი მეორე არ მინახავსო...
ბავშვობაში კახის სახლში არ მოსვლით ვაგიჟებდი. ხშირად მეგობართან, წყნეთში, აგარაკზე ავდიოდი და მაშინ მობილური ტელეფონებიც არ იყო, რომ დაერეკა. ჰოდა, დედას მანქანაში ჩაისვამდა და წყნეთში ამოდიოდა. მისთვის მთავარი იყო, ვენახე.
რამდენადაც ფიზიკური სიმაღლე აქვს, იმდენად თავმდაბალი და თავდახრილი პიროვნებაა. ადამიანის გენიალურობაც ხომ ამაშია: რაც უფრო დიდი ხდები, მით მეტად თავდახრილი უნდა იყო", - ამბობდა მამაზე, კახი კავსაძეზე.
"რუსთაველის თეატრში დამწყებ მსახიობთა მცირე დასი რომ ჩამოყალიბდა, მათ ძალიან ბევრი მიმდევარი და თაყვანისმცემელი გამოუჩნდათ. მათ შორის, ჩემი მომავალი მეუღლე - ლიკა იყო. ის მსახიობ მალხაზ გორგილაძის შვილია. ჩვენ ოჯახებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. მე ამ გოგოს ვხედავდი რუსთაველზე, მოდიოდა და თითქოს, განსაკუთრებული ფერი ჰქონდა. ყოველთვის ერთი და იმავე დროს ჩამოივლიდა და აივლიდა ხოლმე. რამდენჯერმე სპეციალურად გავედი, - აბა, თუ გამოჩნდება-მეთქი?.. ნანუკა ოქროყანაში ისვენებდა და ერთ დღეს ავაკითხე. მასთან სწორედ ის გოგო აღმოვაჩინე, რუსთაველზე რომ მყავდა შემჩნეული. გამიკვირდა. ნანუკამ გამაცნო, - მალხაზ გორგილაძის შვილია, ჩვენს სპექტაკლებზე დადისო. დავმეგობრდით. ერთ დღესაც, მეზობლად, ვასაძეების ოჯახში აივანზე დავინახე. ერთმანეთს შევეხმიანეთ. მერე გადავედი და იქ უკვე სხვაგვარად შევხედე. მალე ერთმანეთის მიმართ გრძნობა გაგვიჩნდა და დღემდე ერთად ვართ", - იხსენებდა ირაკლი კავსაძე.
"პირველი შვილი რომ შემეძინა, ირინა დავარქვი. ეს სახელი ჩემი მეუღლის დას ჰქვია და მამამ ისე გაიგო, თითქოს შვილს დეიდის სახელი დავარქვი. მანამდე მქონდა ლაპარაკი და ვუთხარი, - კახი, არ შემიძლია, ბელას ვერ დავარქმევ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდი, ეწყინა. მოგვიანებით ავუხსენი: მაინც დედას სახელი დავარქვი. ხომ იცი, ბელას ნათლობის სახელი ირინა იყო-მეთქი. სახე გაუბრწყინდა, გამოცოცხლდა. მიხვდა, რომ გვერდი არ ავუარე", - იხსენებდა ირაკლი კავსაძე პირველი შვილის, ირინკას დაბადებას.
ირინკა 10 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად დატოვა საქართველო. სკოლის დამთავრების შემდეგ ირინკამ "სინეტიკის თეატრში" დაიწყო თამაში, იქ, სადაც მამამისი - ირაკლი კავსაძე მუშაობს. ამავე თეატრში ჯერ კიდევ 10 წლისამ სწორედ მამასთან ერთად ითამაშა სპექტაკლში - "სტუმარ-მასპინძელი".
ირინკას ამერიკული ცხოვრება არ აღმოჩნდა იმდენად შთამბეჭდავი, რომ სამშობლოში დაბრუნებაზე არ ეფიქრა. ის რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოვიდა, ქართველმა მაყურებელმა კი დიდი სიყვარულით მიიღო. მან ასევე მსახიობ გიორგი ტაბიძეზე იქორწინა და წყვილი ცხოვრებას აქ აგრძელებს.
"როცა მეორე შვილი შემეძინა, რატომღაც ბიჭს ველოდებოდი და გოგო დაიბადა. ჩაფიქრებული მქონდა, ალექსანდრე (სანდრო) უნდა დამერქმია. ახალი სახელის მოფიქრებამ ცოტათი დაგვაბნია, ბოლოს კი ნათლიის სახელი დავარქვით, ნატალია. კახის რომ ვუთხარი: მინდა, ნატალია დავარქვა-მეთქი, ჩაამატა, - ნატალია-ბელა. ექსპონატივით სახელია. მას მოფერებით ტაშას ვეძახით და ისიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ამბობს, მე ნატალია-ბელა მქვიაო. თითქოს არ უნდა, საკუთარი სახელი გააუბრალოოს, ამით ბებიის ხსოვნას პატივს სცემს", - იხსენებდა ირაკლი კავსაძე. ნატალია-ბელა ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და, დისგან განსხვავებით, კამერებთან ხშირად არ ჩნდება.