იმ ავად სახსენებელი კოცნის შემდეგ სულ რამდენჯერმე ნახეს ერთმანეთი და ისიც წამიერად. წესიერად არც დალაპარაკებია. როგორც ჩანს, იონას გადაავიწყდა კიდევაც ის საღამო, ასე რომ, ამაზე გოდება არ ღირდა.
_ აბა, როგორ არის საქმე? ჩემმა ექსკლუზიურმა დიზაინერმა ცურვა იცის თუ არა?
_ ვიცი, მაგრამ ცუდად. _ აღიარა ლელიმ.
_ არა უშავს, ეს შენი ყველაზე დიდი ნაკლი არ არის, _ შენიშნა იონამ, თან ქალს თვალს არ აცილებდა.
_ და რომელია ყველაზე დიდი? _ ლელი წყალში ჩავიდა, რომ ალმურმოდებული სახე გაეგრილებინა.
_ ზედმეტად ლამაზი ხარ.
ამის გაგონებაზე ისე დაიბნა, წყლის ზედაპირზე აფართხალდა და კინაღამ ფსკერისკენ დაეშვა. მართლა ასე ფიქრობს? მოულოდნელი იყო, მაგრამ სასიამოვნო. როგორ დაარიგა მაშომ? კომპლიმენტები ისე მიიღე, თვალიც არ დაახამხამო. ჩათვალე, რომ ის შენ დაიმსახურეო. ასეც მოიქცევა, ლელი მზადაა ამისთვის. ხომ უნდა დაამტკიცოს, რომ მისი თვითშეფასების უნარი საგრძნობლად ამაღლდა?
_ ჩემი აზრით, ეს სულაც არ არის ნაკლი.
_ ნუ… ვისთვის როგორ, _ ცალი მხარი აიჩეჩა იონამ.
ლელი მალევე ამოვიდა წყლიდან. მამაკაცმა ხელი გაუწოდა ამოსვლისას.
_ რაო სოსომ, დააფასა შენი ძალისხმევა? _ შეეკითხა იონა, თან თავიდან ფეხამდე დაჟინებით შეათვალიერა.
_ შენ რომ იცოდე, დააფასა, _ ლელიმ პირსახოცს ხელი დაავლო და სწრაფად შემოიხვია ტანზე.
_ აბა რატომ ბრაზობ?
_ სულაც არ ვბრაზობ, საიდან მოიტანე?
_ ბრაზობ, ბრაზობ.
ნუთუ მართლა ბრაზობს? უნდა აიყვანოს თავი ხელში. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და… მომაჯადოებელი გაღიმება.
_ ჩვენ ერთად მოვალთ შენი ბიზნესცეტრის პრეზენტაციაზე და დარწმუნდები, რომ არ ვბრაზობ.
_ მიხარია, თუ ასეა.
_ ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა. მინდოდა, მადლობა გადამეხადა შენთვის, რომ შემიფარე და რა ვიცი…
_ და ასე შემდეგ, არა? _ გადაიხარხარა იონამ.
_ ჰო, ასე შემდეგ. გარდა ამისა, ხვალ გადავდივარ აქედან, ვტოვებ შენს სტუმართმოყვარე სახლს.
ასეთი გაოცებული იონა ლელის ჯერ არ ენახა.
_ რა, უკვე გადადიხარ მასთან?
მოატყუოს თუ არ ღირს? არ ღირს, თორემ იფიქრებს, რომ იაფფასიანი ქალია, რომელიც ხელის ერთი დაქნევა და კაცთან გარბის.
_ არა, ცალკე გადავდივარ, ბინა ვიქირავე.
_ ოოო, _ იონას მეტი არაფერი უთქვამს.
ალბათ არ დაიჯერა. არ სჯერა და ნუ სჯერა, რა მნიშვნელობა აქვს.
_ რაც შეეხება დარჩენილ სამუშაოს, _ ლელიმ სწრაფად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე, _ ჩემი აქ ყოფნა აუცილებელი არ არის, პერიოდულად მოვალ და დავხედავ, გავაკონტროლებ მუშებს.
_ კარგი. _ მშრალად ჩაილაპარაკა იონამ, პირსახოცი კისერზე ჩამოიცვა და სწრაფად გაშორდა აუზთან სახტად დარჩენილ ლელის.
მაშ ასე. დღეს პირველი დღეა ახალი ლელის დღის სინათლეზე გამოსვლის. განა ადრე არ ყოფილა წვეულებებსა და საღამოებზე, მაგრამ აქამდე თავს ვერასდროს გრძნობდა კომფორტულად. არ ეხერხებოდა ნაცნობობის გაბმა, უცხო საზოგადოებაში მხიარულების გამართვა, ახალ ნაცნობებთან სწრაფად გაშინაურება. უნდა აღიაროს, რომ ასეთ საღამოებზე ლელის ყოველთვის ქეთი ჩრდილავდა. დღეს კი სულ სხვა საქმეა.
საბოლოოდ ჩაიხედა სარკეში და კმაყოფილი დარჩა. მსუბუქი მაკიაჟი ამჯობინა _ მცირეოდენი ჩრდილი თვალის უპეებში, ტონალური _ თხლად, ვარდისფერი პუდრი ღაწვებზე და ბაცი ვარდისფერი პომადა ტუჩებზე. მხოლოდ დღეს შეიძინა ის ხიბლი, რაც ასე აკლდა აქამდე, რასაც არასდროს ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას და რასაც დედამ მიაჩვია. ერთადერთი, რაც აკლდა, თავდაჯერებულობა იყო.
სოსოს დაურეკა და შეხვედრა რესტორანთან დაუთქვა, სადაც პრეზენტაცია უნდა გამართულიყო. არ უნდოდა თავისი ახალი ბინის მისამართი მიეცა. ჯერ ვერ ენდობოდა. ჯერ ადრე იყო ნდობაზე საუბარი.
პრეზენტაციაზე მაშოსთან ერთად წავა, ის გამოუვლის მძღოლთან ერთად. მართალია, ლელიმ ჯერ ვერ გაარკვია, მაშოს პირადი მძღოლი ემსახურება, თუ იონასი ან მამამისის, მაგრამ ეს ნაკლებად აინტერესებდა.
მაშომ ზუსტად დანიშნულ დროს დაურეკა.
_ ჩამოდი, სადარბაზოსთან გელოდები, _ გაისმა მობილურში მისი ხმა.
_ მოვრბივარ, _ ჩასძახა ტელეფონში ლელიმ და მაშინვე გამოვიდა ბინიდან.
ქუჩაში ერთ-ერთი ბოლო მოდელის «ვოლვო» იდგა, მუქი ნაცრისფერი, პრიალა-პრიალა. სოსო ასეთ მანქანებს «გაზიპინებულს» ეძახდა ხოლმე, ოღონდ ეგ იყო, რომ ლელიმ ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა არ იცოდა. ისიც კი არ იცოდა, სინამდვილეში არსებობდა თუ არა ასეთი სიტყვა ლექსიკონში.
მაშომ კარი გამოაღო და ხელი დაუქნია.
_ ეს მამაჩემის მანქანაა, _ უთხრა ლელის, როცა იგი უკანა სავარძელზე, მის გვერდით მოკალათდა, _ გინდა თუ არა, ჩემი მძღოლი მოგემსახურებაო, ამიჩემა. მეც დავთანხმდი, ჩვენი რა მიდის, არა? _ გადაიკისკისა მაშომ.
_ ალბათ ძალიან უყვარხარ და იმიტომ.
_ ალბათ. დედას ვგავარ ძალიან და ამიტომ უფრო. დედა აღარ არის ცოცხალი, ის კი დღემდე განიცდის ამას. ზედმეტად ზრუნავს ჩემზე, თითქოს ისევ პატარა ვიყო, ეს კი ხანდახან მაღიზიანებს.
_ მაგას რა ჯობია, _ სევდიანად მიუგო ლელიმ, _ მე კი საერთოდ არ ვიცი მამაჩემი, თვალითაც არასდროს მინახავს. დედა ორსულად იყო, რომ მიგვატოვა.
მაშომ ხელზე ხელი მოუჭირა და ჩასჩურჩულა:
_ სამწუხაროდ, ცხოვრებაში ხშირად ხდება ისეთი რამეები, რისი შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია.
ლელისგან განსხვავებით, სოსო არასდროს ყოფილა პუნქტუალური. უკვე მერამდენედ გამოვიდა გარეთ მის შესახვედრად, ის კი იგვიანებდა. არც ზარებს პასუხობდა. დარბაზში ბევრი სტუმარი ირეოდა, ლელი კი მაშოს გარდა არავის იცნობდა. მალე ისიც სადღაც გაქრა. იონას შორიდან მოკრა თვალი, ვიღაც ასაკოვან მაღალ მამაკაცს გაცხარებით ელაპარაკებოდა. ამ ორს ცოტა ხანში კიდევ ორი შეუერთდა. სწორედ ამ მომენტში ვიღაც სიმპათიური ყმაწვილი აესვეტა წინ.
_ მარტო ხართ?
_ არა, მეგობარს ველოდები, _ თავაზიანად გაუღიმა უცნობს.
_ თქვენს მეგობარს მარტო დარჩენა ემუქრება, თუ დროზე არ გამოჩნდა. მე პირადად სიამოვნებით გაგიტაცებდით, _ ელიტურად გაიხუმრა უცნობმა.
ლელის ესიამოვნა. ესე იგი, ვიღაცამ შეამჩნია, გაეფლირტავა. ერთი მხრივ, ეს სასიამოვნოა, მეორე მხრივ არა, იმიტომ, რომ საშინელ ხასიათზეა. სულ სხვა გეგმები ჰქონდა და არ გამოვიდა. აი, ახლა კიდევ ერთხელ გავა გარეთ და სოსო თუ არ იქნება მოსული, მართლა მარტო დარჩება. რა უნდა აკეთოს მთელი საღამო მარტომ? არც მაშოს ეცლება მისთვის და არც იონას. უარესად მოეშხამა გუნება.
სოსო მოსულიყო. კიდევ კარგი. მის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა.
_ პატარავ, ათი წუთია, აქ ვდგავარ, რატომ არ გამოხვედი?
_ რას მელაპარაკები? _ ირონიულად შენიშნა ლელიმ, _ და სად იყავი აქამდე?
მამაკაცმა გაოცებით შეხედა. ადრე ლელის ასეთი ტონით არასდროს მიუმართავს მისთვის.
_ საცობში გავიჭედე, რა მოხდა, ქვეყანა დაიქცა?
ლელიმ ამოიოხრა.
_ კარგი, შევიდეთ.
«ნეტავ საერთოდ არ მოსულიყო. რა უგემოვნოდაა ჩაცმული, შეგარცხვენს ადამიანს!»
მართალია, სოსოს ძვირად ღირებული პიჯაკი ეცვა, მაგრამ სპორტული სტილის, რაც სრულიად არ შეეფერებოდა ასეთ საღამოს, რადგან ის არ იყო მიჩვეული გლამურულ წვეულებებს, ალბათ ჯობდა, თავიდანვე გაეფრთხილებინა. კი არავინ არაფერს იტყოდა, მაგრამ მაინც. განსაკუთრებით იონასი ერიდებოდა. ის აუცილებლად გამოიტანდა დასკვნას თავისი შემფასებლური მზერით და ვინ იცის, იქნებ გულში დაეცინა კიდევაც ლელისთვის, ეს პიჟონი რამ შეაყვარაო. ახლა ერთადერთი გამოსავალიღა დარჩენია _ რაც შეიძლება გაითქვიფოს სტუმრებში და იონას თავი მოარიდოს.
ფიქრებში გართული ავიდა სოსოსთან ერთად მეორე სართულზე, სადაც ოფიციალური ცერემონია უნდა დაწყებულიყო. სწორედ ამ დროს პირდაპირ შეეჩეხა იონას. ბედის ირონიაც ამას ჰქვია. განგება თითქოს განგებ უწყობდა უსიამოვნო სიუპრიზებს.
_ ლელი! _ წამოიძახა მან, _ შენ, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურები! _ შემდეგ მამაკაცმა მზერა მის თანამგზავრზე გადაიტანა, _ გამაცნობ შენს მეგობარს?
_ ეს სოსოა, ჩემი ახლობელი. ეს კი იონაა, ფარმაკოლოგიური კორპორაციის ხელმძღვანელი. _ მშრალად წარუდგინა ქალმა კაცები ერთმანეთს.
სოსომ იონას ხელი ჩამოართვა.
_ მაპატიეთ, ახლა უნდა დაგტოვოთ, _ მოიბოდიშა იონამ და წყვილს გაეცალა.
სოსომ ხელი გადახვია ლელის და მიიხუტა, მაგრამ ქალმა ცივად მოიშორა მამაკაცი.
_ ცხელა აქ, _ თქვა და განზე გადგა.
მისთვის უსიამოვნო იყო ეს დემონსტრაციული ჩახუტება. სხვათა შორის, ჯერაც არ უპატიებია მისთვის უღირსი საქციელი და ვერც გადაეწყვიტა, საერთოდ აპატიებდა თუ არა. როგორც ჩანს, თვითონ არაფერსაც არ ნანობს და ჰგონია, რომ ლელის წყენამ გაუარა. ჰგონია, რომ ყოფილი საყვარელი არსადაც არ გაექცევა და წარსულს დაივიწყებს. ელოდოს!
ამ დროს იონას გვერდით ისევ ის წარმოსადეგი მამაკაცი დაინახა. არ იცოდა, ვინ იყო, მაგრამ ეტყობოდა, საკმაო წვლილი მიუძღოდა დღევანდელ საღამოში. ალბათ ერთ-ერთი მეწილეაო, ლელიმ გაიფიქრა.
_ ა, ამ კაცს ვიცნობ, _ სოსომ საჩვენებელი თითი სწორედ იმ კაცისკენ გაიშვირა, რომელიც იონას ელაპარაკებოდა.
_ მართლა? ვინ არის?
_ რამაზ ნიშნიანიძეა, ბიზნესმენი, რომელიღაც სააფთიაქო ქსელის მფლობელია, ზუსტად არ მახსოვს, რომლის.
_ ალბათ იმის, რომლის პრეზენტაციასაც მე და შენ ვესწრებით, _ შეფიქრიანებული ტონით მიუგო ლელიმ და უცნობი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
საშუალო ასაკს გადაცილებული მამაკაცი მხნედ გამოიყურებოდა. თან ძალიან სიმპათიური იყო. არა, ეს დაუჯერებელია! ეს კაცი მამამისი არ იქნება! განა ამ სახელისა და გვარის კაცი ცოტაა საქართველოში? თანაც დედამ უთხრა, მამაშენი რუსეთში ცხოვრობს და მუშაობსო. მას ძალიან უჭირს, ამიტომ ვერ ახერხებს ჩამოსვლას და შენს გაცნობასო. ჰო, ალბათ ასე იქნება. იმ პოლიციელმაც არ დაურეკა, ამას წინათ ქეთიმ რომ გააცნო და შეჰპირდა, გავიგებ, ვინ არის მამაშენი და მისამართსაც მოგაწვდიო. თვითონ კი ერთხელაც ვერ გაბედა, დაერეკა და შეეხსენებინა მისთვის, ახალი ხომ არაფერიაო. არ სურდა, შორეული ნაცნობი ვალდებული გაეხადა, მისთვის სამსახური გაეწია. მიუხედავად ამისა, მის ზარს ყოველ წამს ელოდებოდა. ქეთისთან ძველებური ურთიერთობა რომ ჰქონოდა, ჰკითხავდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ გამოდიოდა…
ვიღაცები სიტყვით გამოდიოდნენ, სტუმრები ტაშს უკრავდნენ ყოველ გამომსვლელს. ლელის აღარაფერი ესმოდა, ერთიანად ფიქრებში იყო ჩაძირული.
_ მომისმინე, _ ხელზე მოქაჩა სოსომ, _ რისთვის მომიყვანე აქ? დავიჯერო, მართლა გაინტერესებს ეს სისულელეები? ან ჩემი აქ დაპატიჟება ვინ გირჩია?
ლელიმ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გამოელანძღა. შეეცადა, რაც შეიძლებოდა, მშვიდად, მაგრამ მტკიცედ ეთქვა:
_ თუ გინდა, წადი, არ მეწყინება.
სოსომ გაოცებით შეხედა. მართალია, არსად წასულა, მაგრამ იმ წუთიდან ხმაც არ ამოუღია.
ბანკეტი გრძელდებოდა. ლელიმ მაშო შეამჩნია, რომელიც სწორედ იმ მაგიდას მისჯდომოდა, სადაც იონა და რამაზი ისხდნენ. რამაზი გულიანად იცინოდა. ლელის დანახვისთანავე მოეწონა იგი. ნეტავ მართლა ასეთი მამა ჰყავდეს. რა ბედნიერი იქნებოდა, ეს კაცი რომ მამამისი ყოფილიყო. თვითონაც ხომ იმ სუფრასთან იჯდებოდა ახლა, მისი საყვარელი ადამიანების გვერდით და სოსოსთან ყურყუტი არ მოუწევდა…
თვალებით სოსოს დაუწყო ძებნა. იგი იქვე, კუთხის მაგიდასთან მიმჯდარიყო და კონიაკს აგემოვნებდა, თითქოს ლელის არსებობა აღარც ახსოვდა. ვაითუ, დათვრეს! როგორმე უნდა გააფრთხილოს, რომ ბევრი არ დალიოს და არ შეარცხვინოს. მაგრამ ცოტა უხერხული ხომ არ იქნება, თითის ქნევა დაუწყოს ამდენი ადამიანის თანდასწრებით? ბოლოს და ბოლოს, ერთად აღარ არიან და რა უფლება აქვს? არც თვითონაა პატარა ბიჭი, იმდენი შეგნება უნდა ჰქონდეს, რომ იცოდეს, სად როგორ მოიქცეს, მით უფრო _ სრულიად უცხო ხალხში.
მოულოდნელად მხარზე ვიღაც ფრთხილად შეეხო. თავი მოაბრუნა და ის ყმაწვილი კაცი დაინახა, წეღან რომ წაეფლირტავა, გაგიტაცებო.
_ შეიძლება გაგეცნოთ? მე მირიანი მქვია. წეღან ვერ მოვასწარით ერთმანეთის გაცნობა.
_ სასიამოვნოა, _ ლელიმ გაუღიმა და ხელი გაუწოდა, _ არა უშავს, მაშინ ვერ მოვასწარით, მაგრამ ახლა გამოვასწოროთ. ლელი.
_ როგორი ლამაზი სახელია, ძალიან ლამაზი. «ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს»… თქვენი სახელი ამ სიმღერას მაგონებს. და ძალიან ჰგავხართ ამ სიმღერის ჰანგებს, რომ იცოდეთ.
ლელი გაწითლდა.
_ ხომ არ გვეცეკვა? _ მამაკაცს ჯერაც ხელში ეჭირა მისი ხელი.
_ სიამოვნებით. _ გაუღიმა ლელიმ და მორჩილად გაჰყვა ახალგაცნობილს.
ზედიზედ ორჯერ იცეკვეს. შემდეგ მირიანმა ქალი თავის მაგიდასთან მიიპატიჟა და შამპანური შესვეს. მირიანი იონას მეგობარი და თანაკომპანიონი აღმოჩნდა.
აი, დამთხვევაც ამას ჰქვია.
_ შენ საიდან გაჩნდი აქ? ჩვენს რომელიმე ქსელში მუშაობ? _ გაუშინაურდა მამაკაცი.
ლელიმ უეცრად მოიწყინა, თავადაც არ იცოდა, რატომ.
_ მე აქ, შეიძლება ითქვას, სრულიად შემთხვევით მოვხვდი. საერთოდ, დიზაინერი ვარ, ლანდშაფტისა და ინტერიერის, იონამ დამპატიჟა.
_ ვა, მართლა? როგორი დამთხვევაა? აი, ისიც, ჩვენი საერთო მეგობარი! _ წამოიძახა მირიანმა და მათკენ მომავალ იონას ხელი დაუქნია.
_ შენ, ძმაო, თურმე როგორ ლამაზ გოგოებს შენთვის მალავ, მოყუჩებულში და ძმაკაცებს არ აცნობ. არ გაპატიებ, იცოდე! _ გაეხუმრა მირიანი მეგობარს.
_ სწორედ შენ უნდა დაგიმალოს კაცმა ლამაზი გოგოები, ისეთი მუსუსი ხარ, _ არც იონა დარჩა ვალში მირიანს, მერე კი მრავალმნიშვნელოვნად დაამატა, _ მით უფრო _ დაკავებული გოგოები. ჰო, მართლა, ლელი, რაღაც ვერ ვხედავ შენს პარტნიორს.
გაგრძელება იქნება